ბაჩანა არაბული: ერთი წამითაც არ ვნანობ, უნგრეთში რომ წამოვედი სათამაშოდ

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატში საგოლე ანგარიში გახსნა საქართველოს ნაკრებისა და "ბალმაზივაროშის" ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა, ვინც მესამე ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ჰონვედს" 1:2-ზე, 69-ე წუთზე გაუთანაბრა და თავისიანებს საპატიო ქულა მოუტანა. არაბული გოლიდან სამ წუთში შეცვალეს, რადგან მწვრთნელს ტაქტიკის გადაწყობა და ანგარიშის შენარჩუნება დასჭირდა...

- ლეგიონის უქმეები: არაბულის სადებიუტო გოლი, ლობჟანიძის სადებიუტო პასი [VIDEO]

ზოგადად, არაბული ძალიან საინტერესო ფორვარდია. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი, თავის თაობაში აშკარად გამორჩეული და თანდათან მოდის ის დრო, როცა თავისი სიტყვა ეროვნულ გუნდშიც უნდა თქვას.

უნგრეთში ჩემპიონატის
დონე არ არის მაღალი, მაგრამ იქიდან ამბიციურ ევროპულ კლუბში მოხვედრა გაცილებით იოლია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან. ასე რომ, ტრამპლინად იქაურობა ნამდვილად გამოდგება.

ფაქტია, არაბულმა კარგად დაიწყო და ახლა მასზეა დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს. "ლელო" მას უნგრეთში შეეხმიანა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- თავდაპირველად, უნგრეთის მოქმედი ჩემპიონის კარში გატანილი გოლი უნდა მოგილოცოთ. გაიხსენეთ ის მომენტი...
- მოლოცვისთვის დიდი მადლობა!.. რაც შეეხება გოლს, თანაგუნდელისგან კარგი პასი მივიღე საჯარიმოში, დროულად დავამუშავე ბურთი და ზუსტად დავარტყი. ეს იყო და ეს.

- ზოგადად მატჩზე რას იტყვით?
- ჩემპიონს ვეთამაშებოდით და თანაც, გასვლაზე - ამით ყველაფერია ნათქვამი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ფრე კარგი შედეგი იყო. დავამატოთ ამას ისიც, რომ მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვიყავით. თუნდაც ეს ფაქტი, დამეთანხმებით, "ჰონვედთან" მოპოვებულ ქულას უფრო მეტ ფასს ადებს.

- როგორ შეაფასებთ ჩემპიონატის სტარტს თქვენი კლუბისთვის?
- როგორც იცით, "ბალმაზივაროში" უნგრეთის უმაღლეს ლიგაში ამ ჩემპიონატიდან თამაშობს. პირველ სამ ტურში ორი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ერთი კი წავაგეთ. ნორმალური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მეტოქე გასულ სეზონში პირველ სამეულში იყო. თან არ დაგავიწყდეთ, ორი მატჩი გასვლაზე ჩავატარეთ.

- ახალ გუნდში ნდობას რამდენად გრძნობთ?
- თქვენც კარგად იცით, ნდობას ყველგან და ყოველთვის ოფლით უნდა მოპოვება. ისე არავინ არსად არ გათამაშებს. მეც ვცდილობ და ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა - მშვენივრად დამხვდნენ, ჩემი იმედი აქვთ... ფეხბურთელისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

- რა არის მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა?
- ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ისე, ჩემი დაკვირვებით, მეტიც შეგვიძლია და ვნახოთ, რა გამოვა. მთავარი ამოცანა მაინც საუკეთესოებს შორის დარჩენაა და წესით, ეს უნდა მოვახერხოთ.

- როგორ შეაფასებდით უნგრეთის ჩემპიონატს?
- ჩემი აზრით, საშუალო დონის პირველობაა. ყველა გუნდი ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს. პირადად ჩემი წინსვლისთვის აქ ძალიან კარგი გარემოა და ერთი წამითაც არ ვნანობ, უნგრეთში რომ წამოვედი სათამაშოდ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- რას იტყვით ინფრასტრუქტურაზე, როგორ პირობებში ცხოვრობს და ვარჯიშობს "ბალმაზივაროში"?
- ჩვენი გუნდი ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მწირბიუჯეტიანია უნგრული ფეხბურთის ელიტაში. გვაქვს სამი სავარჯიშო მინდორი და სათამაშოდ - პატარა, კოხტა სტადიონი.

ჩემი აზრით, საქართველოშიც რომ იყოს ასეთი საკლუბო ინფრასტრუქტურა, ჩვენი ჩემპიონატის დონე უთუოდ მოიმატებდა. წამყვან გუნდებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, იქ ყველაფერი გაცილებით მაღალ, ევროპულ დონეზეა, მაგალითად, ისე, როგორც თბილისის "დინამოში".

- ქალაქი მოგწონთ?
- პატარა ქალაქია, სულ რაღაც 20 000 ადამიანი ცხოვრობს და ეს ჩვენი პატარა სტადიონი ყოველთვის ივსება.

- და ქომაგები? აქტიურები არიან?
- ძალიან. საგარეო მატჩებშიც ჩვენთან ერთად არიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბალმაზივაროშის ფეხბურთელი! სირცხვილია ხალხო სირცხვილიიიიიიიიიიიი
ალექსანდრე უბირია
12:18 02-08-2017
1
უნგრეთის ჩემპიონატის ჭ კლასის გუნდის ფეხბურთელს რატომ ეპატიჟებით ეროვნულ ნაკრებში და საერთოდ ინტერვიუს რატომ წერთ? ჩვენი ფეხბურთის შავ დღეზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკუთვნის, მათ შორის მედიას. არაბულზე და თუნდაც საბა ლობჟანიძე წერეთ ბევრი, ოღონდ მას შემდეგ რაც ე.წ " ტრამპლინზე" გადახრების. მანამდე წერეთ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებზე. თუნდაც ცოტა ყვითლად, მაგრამ წერეთ.
ჟურნალისტს
08:45 02-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული