მოგეხსენებათ, ცხადაძე ცოტა ხნის წინ გაეყარა ყაზახურ "ქაირათს", სვანაძე კი წარმატებით მუშაობს ბაქოს "ინტერში", რომელსაც დიდი ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა აზერბაიჯანული ფეხბურთის მოწინავეთა შორის ტრიალებს...
აი, რას წერენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები:
"მას შემდეგ, რაც "ნეფთჩიმ" 0:1 წააგო "საბაილთან" და ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს, კლუბის გულშემატკივრები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინი ელხან აბდულაევსა და მის სამწვრთნელო შტაბს გადადგომისკენ
...ქომაგები სოციალურ ქსელებში დაუნდობლად აკრიტიკებენ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს და ზოგადად, თამაშის ხარისხს. მათ ადვილად შეიძლება გაუგო - "საბაილი" ხომ აუტსაიდერებს შორის განიხილება...
..."ნეფთჩის" ქომაგები აბდულაევის შესაძლო შემცვლელად ორ ადგილობრივ და ორ უცხოელ მწვრთნელს ასახელებენ. გულშემატკივრები ნოსტალგიით იხსენებენ ბუიუქაღა გაჯიევის დროს, როცა "ნეფთჩი" ორჯერ გახდა ქვყნის ჩემპიონი და ევროპალიგის ჯგუფშიც ითამაშა. ახსენებენ ტარლან ახმედოვსაც, ვინც კარგად იმუშავა აზალ-ში, მანამდე კი, გუნდის აღმავლობის ჟამს, "ნეფთჩის" სამწვრთნელო შტაბში შედიოდა...
...ფანების სასურველ მწვრთნელთა შორის ორი ქართველი სპეციალისტიცაა - ზაურ სვანაძე და კახა ცხადაძე. სვანაძის მუშაობა "ინტერში" ჩვენ თვალწინაა. მან მცირე ბიუჯეტით საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა. გასულ სეზონში "ინტერმა" ბრინჯაოს მედლები მოიგო.
"ნეფთჩის" ფანები ასევე აფასებენ ცხადაძეს, ვინც ტაქტიკის აღიარებულ ოსტატად ითვლება", - წერს აზერბაიჯანული მედიასაშუალება.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძეს აზერბაიჯანში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მის მუშაობას უკავშირდება ამ გუნდის აღმავლობა.
* * *
საინტერესოა, რომ "საბაილის" მიერ "ნეფთჩის" ძლევაში სხვებთან ერთად მონაწილეობა ქართველმა მცველმა თამაზ ცეცხლაძემაც მიიღო. ეს ფეხბურთელი, ისე, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, აზერბაიჯანის პირველობის ელიტაში მოხვდა. "ლელო" მასზე უკვე წერდა. ამჯერად, ცეცხლაძესთან კომენტარი "აზერისპორტმა" ჩაწერა:"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მწყობრად ვითამაშეთ დაცვაში. ემოციებით აღსავსე ვარ. ეს მოგება იყო ფანტასტიკა, რაღაც დაუჯერებელი!.. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ახალგაზრდული კოლექტივი გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. "საბაილს" ნამდვილად აქვს მომავალი", - ამბობს ცეცხლაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"