ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო და ლაშა დვალის გამარჯვების გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები შესანიშნავი გამოდგა "გენტის" ქართველ ლეგიონერ გიორგი ჩაკვეტაძისთვის.

18 წლის შემტევმა, ბელგიის ჯუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 42-ე წუთზე გამოჩნდა, 86-ე წუთზე კი მან შესანიშნავი დარტყმით მეტოქის კარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ მისივე აქტიურობით გაიხსნა 45-ე წუთზე ანგარიში, როდესაც "ლოკერენის" მცველმა ფილიპოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"გენტმა" კი "ლოკერენი" 3:0 დაამარცხა და 22 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.


ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19
ტურში თითო გოლი გაცვალეს "ვიტესმა" და "ჰერენვენმა".

არნემელთა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, ჩვეულებისამებრ, ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მოედანზე 90 წუთიც დაჰყო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "ვიტესი" 28 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, რითაც ჩვენებურის კლუბს ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 23-ე ტურში, "გრანადასთან" საგარეო მარცხი განიცადა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" (2:1). 22 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. 73-ე წუთზე მან ყვითელი ბარათიც მიიღო. 22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში, 23 ტურის შემდეგ, 27 ქულით "სარაგოსა" მე-16 ადგილზე იმყოფება.

საკუთარ მოედანზე (1:2) დამარცხდა ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკიც". ტარაგონელების მეტოქე "როის დეპორტივო" გახლდათ. კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მისი "ხიმნასტიკი" კი 28 ქულით, მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

მორიგი მარცხი განიცადა გიორგი აბურჯანიას "სევილიას" მეორე გუნდმა. ანდალუსიელები "ვალიადოლიდში" 0:1 დამარცხდნენ. აბურჯანია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მისი კლუბი კი "ლორკასთან" ერთად, 16 ქულით, 21-ე-22-ე პოზიციებს იყოფს.

პორტუგალიის ჩემპიონატში, "რიო ავეს" რიგებში, არ შედგა გიორგი მაკარიძის დებიუტი. ქართველი ახალ კლუბში სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩაირიცხა. იგი სათადარიგოთა შორის გახლდათ, მის ნაცვლად კი კარს რუი ვიეირა იცავდა. "რიო ავემ" "ბოავიშტა" 2:0 დაამარცხა და 33 ქულით მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა.

პორტუგალიის მეორე ლიგაში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა ავთო ებრალიძის "ვიზეუმ". ქართველი ფორვარდის გუნდი ლისაბონის "სპორტინგის" მეორე კლუბს დაუზავდა - (1:1). ებრალიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი "ვიზეუ" კი 35 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

პოლონური "პოგონის" ქართველი მცველი ლაშა დვალი შეკრებაზე საკონტოლო მატჩში გოლით გამოირჩა. "პოგონი" "ფლამურტარის" შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი სწორედ ქართველმა გაიტანა. 88-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ლაშა დვალმა დაახლოებით ნახევარი მეტრიდან კარისკენ გაუშვა და თავის გუნდს გაამარჯვებინა.


კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი მარცხი განიცადა გიორგი ჩიხრაძის და გიორგი ილურიძის "ეთნიკოსმა". ჩიხრაძის გაწვრთნილი გუნდი ფამაგუსტაში "ანორთოსისთან" 1:3 დამარცხდა. გიორგი ილურიძე სტუმართა განაცხადში არ გახლდათ, მისი "ეთნიკოსი" კი 8 ქულით ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.

იტალიის სერია ბ-ს საშინაო შეხვედრაში "ემპოლიმ" 2:1 დაამარცხა "ტერნარა". როგორც მოგეხსენებათ, ტოსკანელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დიდი ხანია ტრავმირებული გახლავთ და ამიტომ მოედანზე არ გამოჩენილა. მისი "ემპოლი" კი 22 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და სერია ა-ში პირდაპირ გადამსვლელ ადგილს 3 ქულა აშორებს.
ასევე დაგაინტერესებთ