ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა სანდოხაძე: ამის შესახებ ფიქრიც კი არ მინდა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ნიკა სანდოხაძე ლვოვის "კარპატის" შემადგენლობაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. 24 წლის მცველმა უკრაინის ჩემპიონატში 2 მატჩი უკვე ჩაატარა.

ბოლოს ის "სამტრედიის" ღირსებას იცავდა, ხოლო ერთი წლით ადრე სამტრედიელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

საინტერესოა, როგორ შეეწყო სანდოხაძე ახალ გუნდს და როგორ მიდის ადაპტაციის პერიოდი.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები "კარპატიში", როგორ შეეგუეთ გუნდს?
- მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა... გუნდსაც კარგად შევეგუე.

- რას იტყოდით უკრაინის ჩემპიონატზე, რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

- ვთვლი, რომ ძალიან კარგი ჩემპიონატია და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

- "კარპატიში" სხვა ქართველებსაც უთამაშიათ. ვინ გირჩიათ ამ გუნდში გადასვლა?
- რჩევით არავის ურჩევია... იყო გუნდის ინტერესი და მეც გადავედი.

- რამდენხნიანია თქვენი კონტრაქტი კლუბთან და რადგან "კარპატი" ერთ-ერთი აუტსაიდერია, გავარდნის შემთხვევაში დარჩებით თუ არა მანდ?
- გუნდთან 2,5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. გავარდნის შემთხვევაში, რაც ძალიან არ მინდა ვიფიქრო, წასვლა შემიძლია.

- რას იტყოდით საქართველოს ჩემპიონატში გატარებულ პერიოდზე?
- საქართველოში გატარებული პერიოდის დამსახურებაა, რომ მე "კარპატიში" ვთამაშობ. საქართველოში მომეცა თავის გამოჩენის საშუალება და ამიტომ ყოველთვის კარგად გამახსენდება.

- თქვენი ყოფილი გუნდი "სამტრედია" გაძლიერდა. როგორ ფიქრობთ, რა მიზნებისთვის იბრძოლებს მიმდინარე სეზონში?
- გეთანხმებით, საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება მიმდინარე წელს.

- საქართველოში შედარებით თბილი ამინდებია, უკრაინაში კი გაცილებით ცივა. ამ მხრივ არ გაგიჭირდათ შეგუება?
- რამდენიმე დღე დამჭირდა აკლიმატიზაციის გასავლელად, მაგრამ უკვე შევეგუე.

- ფინანსურ მხარეს რომ შევეხოთ, რამდენადაა განსხვავება ქართულ კლუბებსა და უკრაინულებს შორის?
- ძალიან დიდი განსხვავება არაა, მაგრამ მცირედი სხვაობა არის.

- როგორ შეგხვდნენ გუნდში?
- გუნდში ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა. ძალიან კარგად დამხვდნენ და მიმიღეს, რამაც ხელი შემიწყო ადაპტაციაში.

- თქვენ ნახევარმცველადაც გითამაშიათ და საკმაოდ ტანმაღალიც ხართ. რატომ შეიცვალეთ პოზიცია და არის თუ არა მეორე სართულზე თამაში თქვენი დამატებითი პლუსი?
- ნახევარდაცვაში 14-15 წლამდე ვთამაშობდი. შემდეგ ჩემთვის ძალიან საყვარელმა კაცმა თემურ თვალჭრელიძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მირჩია, რომ მცველად მეთამაშა და თბილისის "დინამოში" მიმიყვანა.

მეორე სართულზე თამაშს რაც შეეხება, სიმაღლიდან გამომდინარე, ალბათ, ჩემი პლუსია.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ კომენტატორმა ქართველი პიკე დაგიძახათ. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ეს როდის მოხდა?
- პიკე ძალიან კარგი მცველია და ისე გამოდის, თითქოს, თავი შევიქე, სინამდვილეში კი გეტყვით, რაც მოხდა...

რუსული კარგად არ ვიცი და როდესაც უკრაინაში ჩამოვედი, ჩემი მშობელი ელაპარაკებოდა ჟურნალისტებს. მან ეს ყველაფერი ხუმრობით მოჰყვა.

- რა არის ნიკა სანდოხაძის სამომავლო მიზანი?
- ჩემი მიზანია, გავაკეთო მაქსიმუმი და კიდევ უფრო წინ წავიდე.

- "კარპატიში" კიდევ ერთი ქართველი ამბროსი ჩაჩუა თამაშობს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. რას გვეტყვით მის შესახებ?
- ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია.