29 წლის ფორვარდი ამჟამად "სილკებორგში" ირიცხება, თუმცა "ორჰუსსა" და "ვიბორგშიც" უთამაშია.
ვაწაძე ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. Sportall.ge ფეხბურთელს დანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ მიგდით საქმეები "სილკებორგში"? ბოლო პერიოდში ტრავმები გქონდათ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ფეხი მაწუხებს, მაგრამ ალბათ, ასე იქნება, სანამ ხელოვნურ საფარზე ვითამაშებ. სამწუხაროდ, ხელოვნური საფარი გვაქვს და მიჭირს 100%-ით ვარჯიში.
კვირაში 3
- "სილკებორგი" მიმდინარე სეზონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მომდევნო შეხვედრა კი თქვენს ყოფილ გუნდ "ორჰუსთან" გელით. რას ნიშნავს თქვენთვის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება და შეინარჩუნებს თუ არა ადგილს "სილკებორგი"?
- თავი რთულ სიტუაციაში ჩვენვე ჩავიყენეთ. ბევრჯერ ვიგებდით თამაშებს და ამა თუ იმ მიზეზის გამო დავმარცხდით. ახლა ქულების დაკარგვის დრო აღარ გვაქვს.
რაც შეეხება ჩემთვის "ორჰუსთან" დაპირისპირებას, ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ ქუჩაში და ხალხს აინტერესებს, თუ როგორ ვარ და რა გეგმები მაქვს.
ასე, რომ, სადაც პატივს გცემენ, რა თქმა უნდა, იქ თამაში ორმაგად საპასუხისმგებლოა.
- დანიის ჩემპიონატში დიდი ხანია ასპარეზობთ, გარკვეული პერიოდი კი თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშეთ. რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ჩემპიონატზე და ჩვენი ლიგა დანიის ჩემპიონატს რომ შეადაროთ...
- საქართველოს ჩემპიონატი ამ ახალი სისტემით მომწონს. ახლა უფრო დაძაბულია, რაც შარშანდელმა "დინამო"-"ტორპედოს" მატჩმაც დაადასტურა.
უფრო მეტად შუქდება მატჩები, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება შედარებას, მხოლოდ ერთს ვიტყვი...
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შორს ვართ. ის პირობები, რომლებიც აქ ფეხბურთელებს აქვთ, საქართველოში რომ შევუქმნათ, დარწმუნებული ვარ, ბევრად კარგი მოთამაშეები გვეყოლება, ვიდრე დანიელებს ჰყავთ და ჩემპიონატითაც წინ ვიქნებით.
- რამდენად დიდია სხვაობა ფინანსებში ქართულ და დანიურ კლუბებში?
- ფინანსებზე გააჩნია ფეხბურთელებს და კლუბებს. ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აქ თუ დაიმსახურებ, კარგ თანხასაც გადაგიხდიან.
საქართველოში როგორ არის, ნამდვილად არ ვიცი. დანიაში უფრო პროფესიონალურად უდგებიან თავის საქმეს, ვიდრე საქართველოში.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რომ გადავიდეთ, როგორ შეაფასებდით ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას?
- რა თქმა უნდა, დადებითად. ჩვენ 6 გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გავუშვით, რაც მეტ თავდაჯერებულობას მისცემს ფეხბურთელებს.
რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც კარს მშრალად ინახავ და 2 თამაშს ზედიზედ იგებ.
- რას იტყოდით თქვენს სანაკრებო შანსებზე?
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და არა მგონია, ნაკრების კარი დახურული იყოს. თუ თავს გამოვიჩენ, იმედია, შანსი მომეცემა.
- კარიერის განმავლობაში ბევრი ტრავმა გქონდათ. როგორ ფიქრობთ, რომ არა ტრავმები, სად იქნებოდა ახლა მათე ვაწაძე?
- რთულია მაგის თქმა... როგორც იყო და ახლა რანაირადაც არის, ესეც ძალიან კარგია. მადლობა ღმერთს, როგორც ვარ და სადაც ვარ. ტრავმები რომ არა, შესაძლოა, ან უფრო კარგად ვყოფილიყავი, ან უარესად.
- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით, თქვენი აზრით, რატომ ვერ მივდივართ წინ?
- ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა მენტალიტეტია. 6 წელია აქ ვარ და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მენტალიტეტის გამო ძალიან ბევრი რამაც დავკარგე.
ასე რომ, ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი, მთავარი მენტალიტეტია.
- რას აპირებს მათე ვაწაძე სამომავლოდ?
- ჯერჯერობით არ ვიცი... ივნისში მიმთავრდება კონტრაქტი და ვნახოთ, რა მოხდება.
- გაქვთ თუ არა რაიმე შემოთავაზება?
- მოლაპარაკებები მიდის და დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
- საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი...