ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: ქვილითაია, პაპუნაშვილი და კიდევ 2 ქართული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს. გიორგი ქვილითაია ვენურ დერბიში გამოირჩა, პაპუნაშვილმა "რაიო ვალეკანოს" გაუტანა. "კუკესის" რიგებში წარმატებულად ასპარეზობს ირაკლი ძარია, რომელმაც "პარტიზანის" რბევაში მიიღო მონაწილეობა და გოლი გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილმა "რაიო ვალეკანოს" კარში 89-ე წუთზე გაიტანა,  "სარაგოსა" კი სტუმრად 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 55 ქულით მე-7 ადგილზეა. ეს 22 წლის ქართველი შემტევის მესამე გოლია ჩემპიონატში.


გიორგი აბურჯანიას (74-ე წუთზე შევიდა) "სევილია ატლეტიკო" შინ
"გრანადას" დაუზავდა - 0:0. "სევილიას" დუბლშემადგენლობა 23 ქულით ბოლო ადგილზეა.

ოთარ კაკაბაძის (90 წთ) "ხიმნასტიკი" სტუმრად "ოვიედოსთან" დამარცხდა და 42 ქულით მე-16 ადგილზეა.

იტალია. სერია C. ირაკლი შეყილაძის "ლუკეზემ" სტუმრად "ჯანა ერმინიო" 2:0 დაამარცხა. შეყილაძე 63-ე წუთზე გამოვიდა, ის გააფრთხილეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესმა" როტერდამის "სპარტა" ანგარიშით 7:0 გაანადგურა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. კაშია ჩემპიონატში მატჩების რაოდენობით "ვიტესის" ლეგენდა თეო იანსენს გაუტოლდა, ერთიც და კლუბის რეკორდი ერთპიროვნულად ქართველის იქნება.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ლიეჟში "სტანდარდთან" 0:1 დამარცხდა. გიორგიმ მეორე ტაიმი ითამაშა. მან ყვითელი ბარათი მიიღო.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუ" შინ გავარდნის პირას მყოფ "უნიაო მადეირასთან" დამარცხდა - 1:3. ავთო მოედანზე 27-ე წუთზე შევიდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა კაჭარავას (არ უთამაშია) "კორონამ" სტუმრად "ლეხს" 1:0 მოუგო. ქართველ ფორვარდს კუნთი აქვს გაჭიმული.

ლუკა ზარანდიას (90 წთ) "არკამ" შინ "ლეხიასთან" 1:2 დათმო.

ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონმა" 2:0 მოუგო ნიკა კვანტალიანის (არ უთამაშია) "ტერმალიცას".

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილია ვერ თამაშობს და მისმა "ლუცერნმა" ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, შინ "სიონთან" 0:1 წააგო. "ლუცერნი" 40 ქულით მე-4 ადგილზეა.

დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის "რანდერსი" გავარდნის საშიშროების წინაშეა - ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა გუნდმა სტუმრად "ოდენსესთან" 0:3 დათმო. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" სტუმრად "ოსტერსუნდსთან" დამარცხდა - 1:2. ქართველი ახალწვეული მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. ვენის დერბიში, "აუსტრიასა" და "რაპიდს" შორის, გიორგი ქვილითაია 72-ე წუთზე გამოვიდა და ერთ წუთში დასწრებაზე იყოჩაღა და სტუმართა მე-4 გოლი გაიტანა, "რაპიდმა" 4:0 იმარჯვა. ქართველი ფორვარდის გუნდი 52 ქულით მე-3 ადგილზეა. ქვილითაიამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია მის შარშანდელ შედეგზე.


ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძის (სათადარიგო) "სლოვაცკომ" შინ 1:0 მოუგო "ბრნოს".

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. გიორგი ბერიძის (57-ე წუთზე გამოვიდა) "ტრენჩინმა" სტუმრად "სლოვანს" აჯობა - 3:1.

ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავამ" "რუჟომბეროკს" 1:0 მოუგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა საგოლე პასით გამოიჩინა თავი. "ტრნავა" 60 ქულით პირველ ადგილზეა, "ტრენჩინი" 42 ქულით მე-5 ადგილზეა.

უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროშმა" 2:1 მოუგო "დიოშდიორს". ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია, ირაკლი მაისურაძე 56-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესიმ" "პარტიზანი" 4:0 გაანადგურა. 28-ე წუთზე მასპინძელთა მეორე გოლი ძარიამ გაიტანა.


რუსეთი. პრემიერიგა. მას მერე, რაც "დინამოს" მოსკოვური დერბი სტუმრად 4:0 მოუგო, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" 25 თამაშიდან 55 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. საბამ შეუცვლელად ითამაშა და დერბიში "ჩემპიონატისგან" 10-ბალიანი სისტემით 7 დაიმსახურა.

ერთ-ერთი აუტსაიდერის, "ანჟის" ძირითადს დაუბრუნდა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც სტუმრად "ზენიტთან" ერთი გოლი გაუშვა - 0:1. ლორიამ "ჩემპიონატისგან" 7 ბალი მიიღო.

ძალზე მნიშვნელოვან მატჩში დამარცხდა ჯანო ანანიძის "სპარტაკი" და საჩემპიონო რბოლაში "ლოკომოტივი" 5 ქულით გაუშვა წინ (თან მეტი თამაში აქვს ჩატარებული). ჯანო უკვე მოსკოვშია, თუმცა გამოჯანმრთელებამდე ძალიან ბევრი უკლია.

ჯიმი ტაბიძის (90 წთ) "უფა" ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. ქართველმა მცველმა "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი დაიმსახურა.

გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) სკა სტუმრად "როსტოვთან" 0:2 დამარცხდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. 21-წლამდელთა ჩემპიონატში "შახტარმა" "დინამოს" 1:0 მოუგო. "შახტარს" დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული გიორგი არაბიძე, რომელიც 85-ე წუთზე გამოჩნდა. კიეველთა რიგებში გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა.

ელიტაში კი იმავე ანგარიშით "დინამომ" მოიგო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროდ, გოლის მომენტში სწორედ ჩვენი თანამემამულე შეცდა უხეშად.


ქართველთა "ვორსკლამ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "ზორია". ანდრო გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშეს. "ვორსკლა" 44 ქულით მე-3 ადგილზეა. ტრავმირებული ნიკა სანდოხაძის "კარპატიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "სტალს".

ბელრუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ "დნეპრს" დაუზავდა - 0:0.

ლატვია. ვირშლიგა. ქართველთა "რიგასმა" "იელგავას" 3:0 მოუგო. ლაშა შერგელაშვილმა და ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ესტონეთი. პრემიუმლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" სტუმრად "ლევადიასთან" 1:2 დამარცხდა. "ფლორა" მესამე ადგილზეა. ამ მატჩში ქართველმა პენალტით გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და გოლის გარდა, თავი ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. V ტურში ჯაბა ჯიღაურის "ორდაბასი" სტუმრად "აკჟაიკთან" 1:4 განადგურდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 88-ე წუთზე გამოვიდა. "ორდაბასის" აქამდე ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული.

ქართული დაპირისპირების მომსწრენი გავხდით "ყიზილ-ჟარისა" და "ჟეტისუს" მატჩში (1:0). მასპინძელთა რიგებში 69-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად გიორგი ფოფხაძე გამოვიდა, ხოლო გოგიტა გოგუას არ უთამაშია. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ. "ჟეტისუს" მხოლოდ 4 ქულა აქვს, "ყიზილ-ჟარმა" კი ჩემპიონატში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

ქართველთა კიდევ ერთმა გუნდმა მოიგო - ჯაბა კანკავასა (90 წთ) და ნიკა კვეკვესკირის (ტრავმა) "ტობოლმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "აქტობე". "ტობოლი" 12 ქულით მე-2 ადგილზეა.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" შინ "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:2 ითამაშა. ვაკო სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე გამოცვალეს.
ასევე დაგაინტერესებთ