21 ნაკერი თავზე, "ლესტერი" და ოჯახი - საბა კვირკველიას დიდი ინტერვიუ

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა championat.com-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ მცველთან, საბა კვირკველიასთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

- ზაფხულში "ლესტერში" გიშვებდნენ, კითხულობდით ამას?
- შენ როგორ გგონია? რა თქმა უნდა, ვკითხულობდი! მაგრამ არ ვიცი, ჯერ აქ ვარ და კიდევ 2.5 წელი მაკავშირებს კონტრაქტით. რა თქმა უნდა, ინგლისი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი აქვთ.

თუმცა ინგლისში საყვარელი გუნდი არ მყავს, დიდი ხანია "იუვენტუსს" და იტალიას ვგულშემატკივრობ.

- არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენი გაყიდვის წინააღმდეგ სიომინი წავიდა - მან გითხრათ,
რომ თქვენი წასვლა არ უნდოდა?

- არა, ასეთი საუბარი არ გვქონია, მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ რომ მოსულიყო ჩემთან და ეთხოვა, არ წავსულიყავი, ასეც მოვიქცეოდი, რადგან მის აზრს ვენდობი და დარწმუნებული ვარ, ისეთს ცუდს არაფერს მირჩევს.

ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც მწვრთნელს და ადამიანს, პატივს ვცემ. იცით, რომ ფეხბურთში მეორე ცხოვრება მაჩუქა.

- თქვენი შვებულება როგორია?
- ოჯახთან ერთად საქართველოში მივდივართ. იქ ყოველთვის ბევრი საქმეა, მაგრამ ნორმალურად დავისვენე. იქ ხომ ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. ყველა ვგროვდებით, სტუმრად დავდივართ, ყოველთვის ერთად ვართ. სახლი საქართველოში ჯერ არ მაქვს, მხოლოდ ბინა, მაგრამ სახლის აშენებას ვაპირებ.

დასვენების საუკეთესო ვარიანტი ოჯახია. მათთან ერთად თუ ვარ, აზრი არ აქვს, სად ვიქნებით.

- რამდენი მოიმატეთ შვებულების დროს?
- 2.5 კილოგრამი მქონდა ზედმეტი. 0.5 უკვე მოვიშორე, ორი დამრჩა.

- რა აკლია მოსკოვს საქართველოსთან შედარებით?
- მოსკოვში ყველაფერი მაქვს: მშვენიერი საფეხბურთო კლუბი, შესანიშნავი თანაგუნდელები, კარგი მწვრთნელი, ქალაქი კარგია, ახლობლები ჩემთან არიან. მოსკოვში კარგი ქართული რესტორნებიც არის - გემრიელად ამზადებენ. ყველაფერი არის, შეგიძლია უბრალოდ ფეხბურთი ითამაშო.

- უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი იწყებს ღვინის ბიზნესს: სახელოვანი ღვინოები აქვს ინიესტას, პირლოს... როდის უნდა ველოდოთ ღვინოს "კვირკველია"?
- უნდა დაიმსახურო, რომ საკუთარი ღვინო გააკეთო, მინიმუმ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როგორც ინიესტამ და პირლომ. მაშინ ხალხს ჩემ შესახებ ეცოდინება და ღვინოს კარგი რეკლამა ექნება. ახლა რომ გავაკეთო, მხოლოდ მეგობრები თუ იყიდიან. მეგობრებს როგორ მივყიდო? მათ უფასოდ მივცემ ყველაფერს. ამიტომ ასეთ ბიზნესზე არ მიფიქრია.

- საქართველოში პოპულარული ხართ?
- ახლა მცნობენ და საკმაოდ ხშირადაც, განსაკუთრებით, ნაკრების კარგი შედეგების შემდეგ. ერთა ლიგის ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ. იმედია, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ფედერაციას კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს, ისინი გვეხმარებიან და ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამას დამატებული ფეხბურთელების კარგი თაობა და მწვრთნელი.

- ვარჯიშებზე ბევრი გაგაქვთ და ემოციურად აღნიშნავთ. შემოდგომიდან თავდასხმაში ითამაშებთ?
- ეს შედეგზეა დამოკიდებული. თუ 1:0-ს ვიგებთ, რა აზრი აქვს, წინ გავიქცე? წავალ, თუ საჭირო გახდა. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის. თუმცა აუცილებელი არაა, მე გავიტანო; ჩემთვის მთავარია, დაცვაში ყველაფერი კარგად იყოს.

ვარჯიშებზე კი შეიძლება, თან ერთმანეთს სულ ვენაძლევებით, ვინ უფრო მეტს გაიტანს. ვინც აგებს, კოტრიალობს ან სხვა რამე. ასე უფრო საინტერესოა.

- საქართველოდან გირეკავენ, რომ რომელიმე ადგილობრივ ტალანტს სინჯები მოუწყონ?
- იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ყველას ვუხსნი: მე ფეხბურთელი ვარ, ჩემი სამუშაოა თამაში. აგენტი არ ვარ და არც მენეჯერი. როცა ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ, მაშინ ვნახოთ. ახლა არ შემიძლია სინჯების მოწყობა. ჩემთვის ახლა მთავარი თამაშია.

- ახლახან მეორე ბავშვი შეგეძინათ...
- დიახ, ჩემს დაბადების დღეზე ვაჟი დაიბადა!

- ხშირად რეკავთ შინ შეკრების დროს?
- ყოველდღე, დღეში 10-ჯერ მინიმუმ. ზოგჯერ 20-ჯერ. კარგი მამა ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ვაჟი პატარაა ჯერ, ის ვერ გრძნობს და ქალიშვილი გიჟდება ჩემზე. თუ სახლში ვარ, არ მშორდება. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ყოველთვის პირველ ადგილზეა.

- ბავშვებს ეჩხუბებით?
- არა, რას ამბობთ, არ შემიძლია. არის მომენტები, როცა რაღაც ისე არ ხდება და ჩემს მეუღლეს შეუძლია მკაცრად რამე თქვას, ქალიშვილი ატირდება ხოლმე და ჩემთან მორბის. იცის, რომ მისკენ ვიქნები. ამიტომ გამოდის, რომ სახლშიც მცველი გამოვდივარ.

- შვილებს წიგნებს უკითხავთ?
- ამით ძირითადად ჩემი მეუღლეა დაკავებული. სამაგიეროდ, ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ყოველ თამაშს უყურებს და იცის, სად ვთამაშობ. "მამაჩემი საქართველოს ნაკრებსა და "ლოკომოტივში" თამაშობს" - ეუბნება ყველას.

ვასწავლი მას, რომ სხვებს უნდა გაუყო, თუ რამე არ აქვთ. პატივი სცე მათ, ვინც პატივს გცემს. მაგრამ არ სცე პატივი იმათ, ვინც შენ არ გცემს პატივს.

- იავნანას უმღერით?
- დიახ, ზღაპრებსაც ვუყვები ძილის წინ ქართულად.

- ანუ გამოდის, რომ სახლში მხოლოდ ქართულად ლაპარაკობთ?

- დიახ, მაგრამ ბავშვები მულტფილმებს რუსულ და ინგლისურ ენაზე უყურებენ. ქალიშვილს ასაკთან შედარებით კარგი რუსული აქვს. ყველაფერი ესმის და ლაპარაკობს. ერთხელ რუსულად მეუბნება: "მამა შეგიძლია წყალი მომიტანო?", მე მივუტანე და ის მპასუხობს: "დიდი მადლობა, მე შენ მიყვარხარ". მეუღლე მეუბნება, ეს ყველაფერი მულტფილმებიდან ისწავლაო.

- მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეთ. როგორი შთაბეჭდილებაა?
- ზღაპარია! ფეხბურთელის ოცნებაა მანდ ითამაშო და დაბრუნდე. სულ სხვა დონეა. ჰიმნი განსაკუთრებით. როცა ჰიმნს ვისმენდი, ლამის ტირილი მომინდა. ცუდია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ მოვხვდეთ. ამისთვის ყველაფერი გვაქვს.

- "ზენიტთან" მარცხი სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მტკივნეული იყო?
- ჩემთვის კი, ძალიან განვიცდიდი. საქმე პრინციპულ მეტოქეობაში არაა, ისინი ყველა პრინციპული ჩვენთვის. უბრალოდ, ბევრი უხეში შეცდომა დავუშვით, მათ შორის, მეც. ახლაც არ მინდა გახსენება. იმედია, არ განმეორდება.

საერთოდ, როცა ვაგებთ, ღამე ვერ ვიძინებ. ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა იმ მომენტში სხვაგვარად თამაში, რატომ გადავწყვიტე, ასე მეთამაშა. სისულელეა, მაგრამ მაინც გინდა გაერკვე.

- მიმდინარე სეზონში თავის ტრავმა მიიღეთ და ერთი მატჩი ჩაფხუტით ითამაშეთ - არაკომფორტულია?

- ძალიან. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ვერაფერს ხედავ. ერთხელ ვითამაშე ჩაფხუტით, თუმცა შემდეგ მოვიხსენი. გუნდელები დამცინოდნენ, ტანკისტი ხარო.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩაფხუტით ვითამაშე. საქართველოს ნაკრებში ორი წლის წინ თავი გამიხეთქეს. თავზე ერთი მხრიდან 13 ნაკერი მაქვს, მეორე მხრიდან - 8.

- ხვდებით, რითი შეიძლება დასრულდეს ორთაბრძოლა, როცა მასში ერთვებით?

- ჩემთვის სულ ერთია. არაფრის მეშინია. ცხოვრებაშიც არაფრის მეშინია, ჯერ არ ყოფილა ასეთი მომენტი. იმედია, არც იქნება.

- ჩხუბზე თქვენი პროვოცირება ადვილია?
- არ ვიცი, ჩემ გვერდით ასეთი ადამიანები არ არიან, მათ ახლოს არ ვუშვებ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ჩხუბისკენ ებიძგებინა და მოედანზეც ეგრეა, თუმცა იქ მაინც ფეხბურთია, მაგრამ ჩხუბი არაა ლამაზი საქციელი. მით უმეტეს, მატჩის შემდეგ ყველა მეგობრები ვარ და ჩვეულებრივად ვურთიერთობთ.

- ახალ გენენალურ დირექტორს (ვასილი კიკნაძე) ქართული ფესვები და ქართული გვარი აქვს. ეს კარგის ნიშანია?
- რა თქმა უნდა, ხომ იცით, როგორ მოაქვთ ქართველებს "ლოკომოტივისთვის" გამარჯვებები. მინიმუმ ევროპა ლიგას მოვიგებთ, თუმცა ჯერ ჯობია, კვლავ ჩემპიონატი მოვიგოთ.

კიკნაძეზე ის ვიცი, რომ პატივსაცემი კაცია. მას ადარდებს კლუბი და სურს, ის უკეთესი გახადოს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მისი გვჯერა.

- როცა ჩემპიონობა მოიპოვეთ, გქონდათ თუ არა შეგრძნება, რომ 1.5 წელში ყაზანში სათადარიგოთა სკამიდან არა მხოლოდ ფეხბურთში დაბრუნება, არამედ მაქსიმუმის გაკეთება შეძელით?

- როცა ახალი სეზონი დაიწყო, უკვე ჩემპიონობის სტატუსით ვიყავით. ისეთი მაგარი შეგრძნებაა, კიდევ მინდა! ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ მივაღწიე და დავმშვიდდი. უფრო მეტი და მეტი მინდა. არიან კლუბები, რომლებსაც 6-7-ჯერ მოუგიათ ჩემპიონატი. ამისთვის ყველაფერი გვაქვს. შემადგენლობით არავისზე ნაკლებნი არ ვართ, უკეთესი თუ არა.

alt"ლოკომოტივის" ყოფილი დირექტორი: საბა კვირკველიაზე გვქონდა შემოთავაზება - 15 მლნ ევრო, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ქართველებს ხომ არაფერი არ გეშველებათ.არ შეარგოოთ ახლა ადამიანს წარმატება.ეგეთი ახლო მეგობარი თუ იყო პირადად რომ უთხრათ არა? აქვე ჩანს ვინ ვინ არის,იის თვენზე არ ლაპარაკობს, თვქენ კიდევ უკომენტარებთ ინკოგნიტოდ.ვინმე რომ ფულს იშოვის მას კი არ ეცვლება წარმოდგენა სხვებზე,სხვებს ეცვლებათ მისდამი დამოკიდებულება . არაფერი პირადული,წარმატებები საბას და ყველა ქართველ სპორტსმენს.
გიორგი
28 იანვარი 2019 11:33
0
0 დან 100 ზე რომ ახვალ და ყველას და ყველაფერს დაივიწყებ ეგ ტეხავს... მიუხედავათ იმისა რომ სანამ 5 ლარიან ედებოდა ჯობეში და აქეთ ჩუმათ რომ ჩაუკუჭავ 5 ლარიანს რომ შეყვარებულთან ერთად ნაყინი მაინც ჭამოს და წლები რომ გავა და არც მოგიკითხავს ეგ უკვე მაგრა ტეხავს. განა ის რომ რაღაცას ელოდები? არა... ძმაკაცი როცა ხარ და რადგან მილიონერი არ ხარ საერთოდ გიკიდებს ეგაა გასატეხი... ინტერვიუბში მგონია სხვის ინტერვიუს ვკუთხულობ...
საბას
22 იანვარი 2019 03:27
4
თუ არ გეხმიანებათ ეგ არ ვიცი ტეხავს თუ არა,მაგრამ ადამიანი რომ ოჯახსა და შვილებზე საუბრობს და თქვენ ბოღმიან კომენტარს უწერთ ეგ არ ტეხავს? რას ვიზამთ,ყველლა წარმატებული და 0 დან 100 მდე ასული ვერ ვიქნებით,ზოგმა კომენტარები უნდა ვწეროთ:)
თორნიკე
28 იანვარი 2019 11:47
0
კარგი პიროვნება, კარგი ფეხბურთელი წარმატებები საბას
irakli
21 იანვარი 2019 18:04
1
მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია რომ ვთქვა....
გიო
21 იანვარი 2019 16:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული