ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: 4 გოლი და ჩაკვეტაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს სეზონი ჯერ კიდევ არ განუახლებია, მცირე ნაწილი ტრავმირებულია და დანარჩენის უქმეების მონაგარზე შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში დავით ვოლკოვის "გაბალამ" "სუმგაითი" 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

ავსტრია
თურქულ შეკრებაზე საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" 3:2 დაამარცხა ოთარ კიტეიშვილის "შტურმი".

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლობჟანიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე გოლი გაიტანა (ანგარიში 1:1 გახადა) და 79-ე წუთზე შეცვალეს.


ბელგია
ბელგიის
ჩემპიონატის 24-ე ტურში "ბრიუგესა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა ორივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა განაცხადში. თუმცა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო გამოტოვა შეხვედრა (სავარაუდოდ, 2 კვირა გაუცდება), გიორგი ქვილითაია კი არ ათამაშეს.

რანგით მეორე ლიგაში "ბეერსხოტმა" სტუმრად "ტუბიცე" 3:1 დაამარცხა. ირაკლი ბუღრიძე სათადარიგო იყო.

ხორვატია
HNL-ის მეცხრამეტე ტურში გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "რიეკას" ესტუმრა და 3:1 სძლია. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.


კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისმა" "აპოლონს" 1:0 სძლია. ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო, ბექა მიქელთაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. ფამაგუსტელები მეხუთე ადგილზე არიან.

დანია
გიორგი პარუნაშვილის "ესბიერგი" ამხანაგურ შეხვედრაში სერბულ "რად ბაოგრადს" დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო.

საფრანგეთი
ლიგა 2-ის 23-ე ტურში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "შატოს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.

გერმანია
მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "ინგოლშტადტი" 1:0 დაამარცხა. ლორიას გასულ ტურში "აუესთან" შეხვედრაში დიდი სამუშაო არ ჰქონია, ამჯერად კი ოთხჯერ მოიგერია მის კარში დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მაგდებურგს" 30 სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატზე მოპოვებული და რაც ლორია ჩადგა ამ გუნდის კარში, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. "მაგდებურგი" 17 ქულით მე-15 ადგილზეა. 

საბერძნეთი
სუპერლიგის მე-19 ტურში ლაშა შერგელაშვილის "გიანინა" "არის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა. მისი გუნდი მე-14, გასავარდნ პოზიციაზე იმყოფება.

გიორგი რეხვიაშვილის "ლევადიაკოსი" "პანაითინაკოსს" 0:0 დაუზავდა. ქართველი მცველი სათადარიგო იყო. მისი გუნდი მე-15, გასავარდნ პოზიციაზე იმყოფება.

უნგრეთი
უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე "ჰონვედი" მიიღო და 1:0 სძლია. ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველ ლაშა დვალს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.

სტუმართა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ბუდაპეშტურ კლუბში იჯარის წესით ტალინის "ფლორადან" გადავიდა. დვალის გუნდი პირველ ადგილზეა, ბეგლარიშვილის - მეოთხეზე.

გიორგი ბერიძის "უიპეშტი" "დებრეცენს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემია" "მოლ ვიდს" ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და ბოლო გოლის ავტორი გახდა. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.


მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" შინ "კიშვარდასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი გუნდი ბოლო, მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

იტალია
სერია A-ს 22-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ "კიევოს" 2:2 დაუზავდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. მისი გუნდი მე-17 ადგილზეა.

პოლონეთი
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" "ლოძი" ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ქართველების "სოსნოვიეცმა" ამხანაგურ შეხვედრაში "ლსკ ლოძი" 2:1 დაამარცხა. გიორგი გაბედავაც და გიორგი ივანიშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ივანიშვილმა 64-ე წუთზე გამარჯვების გოლით გამოიჩინა თავი.

რუსეთი
ზურიკო დავითაშვილის
"რუბინი" ამხანაგურ შეხვედრაში ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინს" 0:0 დაუზავდა. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონის 24-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ნუმანსიას" ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი მე-16 პოზიციაზეა.

უკრაინა
მეორე თურქულ შეკრებაზე "შახტარი" ამხანაგურ მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

აშშ
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე" ამხანაგურ მატჩში მექსიკურ "სან ხოსე პიონეროსს" 1:1 დაუზავდა. ამერიკელთაგან ერთადერთი გოლი კი ვაკო ყაზაიშვილმა შორეული დარტყმით გაიტანა.


altua-football.com: შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და დავით ხოჭოლავას არადამაჯერებლობა

alttagesanzeiger.ch: ლევან ხარაბაძე ის მოთამაშეა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინია

ასევე დაგაინტერესებთ