ლეგიონის უქმეები: 4 გოლი და ორიც საგოლე - ქვილითაია გოლით ბრუნდება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: kaagent.be

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატების ნაწილი არ განახლებულა, ქართველი ლეგიონერების ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ცუდი მიღწევა ნამდვილად არაა.

აღსანიშნავია გიორგი ქვილითაიას დაბრუნება, რომელიც მოედანს გოლით დაუბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ქვილითაია ხან განაცხადში იყო, ხან დუბლებში თამაშობდა, ახლა კი შეცვლაზე შევიდა და გოლიც შეაგდო.

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეში" "ტეუტას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი გუნდი 22 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ამხანაგურ შეხვედრაში "დომჟალეს" 1:1 დაუზავდა. კიტეიშვილი შეხვედრაში პირველივე
წუთებიდან ჩაერთო.

აზერბაიჯანი
ტურის ცენტრალურ მატჩში "ყარაბაღმა" "გაბალა" 2:1 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში კვლავ იყო დავით ვოლკოვი. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

ამერიკა
"სან ხოსე" MLS-ისთვის მზადებას განაგრძობს. ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას გუნდი ამჯერად "ლოს ანჯელესს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ორივე ქართველი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყო. მეტოქის კარში ბოლო გოლი ქართველმა შემტევმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს პრესეზონში ვაკოს მეორე გოლია.


ბელგია
ქართველების "გენტი" "ბევერენს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და კვლავ არ ყოფილა განაცხადში, გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის მიწურულს თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. ქართველთა გუნდი მე-7 პოზიციაზეა და 3 ქულა აშორებს საპლეიოფო ზონას.


ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "ზაპრესიჩს" დაუპირისპირდა და 2:2 ეთამაშა. ქართველმა მცველმა, ტრადიციულად, შეუცვლელად იასპარეზა და მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა. "გორიცას" ევროპის ლიგის შესარჩევის ზონას 4 ქულა აშორებს.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" შინ "ომონიას" 0:0 დაუზავდა. ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო. 21 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები მეხუთე ადგილზე არიან.

ჩეხეთი
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" "პრიბრამს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. 21 ტურის შემდეგ "ზლინი" მეექვსე პოზიციაზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "ბრონდბიუს" 2:1 სძლია. ჩვენებურმა შეხვედრა კვლავ შეუცვლელად ჩაატარა. მისი გუნდი 22 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ გათამაშების ლიდერ "კოპენჰაგენთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მეხუთე პოზიციაზეა.

საფრანგეთი
ლიგა 2-ში 25-ე ტურის მატჩში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" სტუმრად "ვალენსიენთან" 2:3 დამარცხდა. ნაკრების ვინგერი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და 75-ე წუთზე სოტოცამ მისი გადაცემით ანგარიში შეამცირა.

გერმანია
მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" "არმინიას" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ნაკრების მეკარის გერმანული დებიუტის შემდეგ, ზედიზედ მეოთხე თამაშია საქსონელებს არ წაუგიათ და მათგან სამი შეხვედრა მოიგეს. "მაგდებურგი" მეთხუთმეტე პოზიციაზეა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "სასუოლო" 3:0 გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 24 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა.

საბერძნეთი
გიორგი რეხვიაშვილის "ლევადიაკოსმა" "პანატოლიკოსი" 1:0 დაამარცხა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად იასპარეზა. 21 ტურის შემდეგ "ლევადიაკოსი" ბოლოსწინა, გასავარდნ მე-15 პოზიციაზეა.

უნგრეთი
გათამაშების ლიდერი "ფერენცვაროში" "დებრეცენს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. დედაქალაქური გუნდისგან განსხვავებით, იდეალური შეხვედრა გამოუვიდა ლაშა დვალს, რომელმაც ბუდაპეშტელები 30-ე წუთზე დააწინაურა. მიუხედავად ამისა, 21 ტურის შემდეგ "ფერენცვაროში" ოტპ ლიგას ლიდერობს.


ქართული დერბი შედგა "პუშკაშის აკადემიასა" და "უიპეშტს" შორის (0:1). მასპინძელთა შემადგენლობაში ბაჩანა არაბული სათადარიგო იყო და 63-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ბერიძემ პირველივე წუთებიდან დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეოთხე ადგილზეა, "პუშკაში" - მეცხრეზე.

პოლონეთი
ექსტრაკლასას 22-ე ტურში ქართული დერბი შედგა სოსნოვიეცში - "ზაგლებლიემ" "არკას" 3:2 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში იორგი გაბედავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ივანიშვილი სათადარიგო იყო. სტუმართა შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა დ 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "ზაგლებლიე" ბოლო, მე-16 ადგილზეა, "არკა" მე-11 პოზიციაზეა.

ვატო არველაძის "კორონა" "ლეხიას" 0:0 დაუზავდა. ახალგაზრდა შემტევი სათადარიგო იყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. "კორონა" მეოთხე ადგილზეა.

ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "მალიორკასთან" 0:3 დამარცხდა. ქართველი საყრდენი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო დ 54-ე წუთზე შეცვალეს. "ლუგო" მეთვრამეტე პოზიციაზეა.

შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" თასის შეხვედრაში "ნიკოპინგსი " გასვლით შეხვედრაში 2:0 დაამარცხა. ხარაიშვილი გუნდის ლიდერია და ტრადიციულად, შეუცვლელი იყო, 85-ე წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და შეხვედრის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.


შვეიცარია
გიორგი ხარაბაძე "ციურიხის" შეუცვლელ მარცხენად იქცა. ამჯერად მისი გუნდი "იანგ ბოიზთან" გასვლით შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. 21 ტურის შემდეგ "ციურიხი" მეოთხე ადგილზეა.

ირანი
გიორგი გველესიანისა და ლაშა თოთაძის "ნასაჯი" სტუმრად "პარსთან" 1:3 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გველესიანის ანგარიშზეა, რომელმაც 70-ე წუთზე პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ 52-ე წუთზე გველესიანმა ავტოგოლიც გაიტანა. 18 ტურის შემდეგ მაზანდარელები მეათე ადგილზე არიან.

რომან ჩაჩუასა და ლუკა ნოზაძის "სეფიდრუდი" "მაშინე საზის" 1:1 დაუზავდა. "სეფიდრუდი" ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა.

alt"ციურიხი" "იანგ ბოიზთან" დამარცხდა - ლევან ხარაბაძემ ყვითელი ბარათი მიიღო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინგერი რომ არ დაწეროთ, არ შეიძლება? ქართულად წერეთ!
ქართული ენა
17:00 18-02-2019
1
რა ჭ კლასის გუნდებში არიან რა ცოტა გვყოფნის ქართველებს
Zaza
12:08 18-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული