"გერმანიის ნაკრებიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ საქართველო ავირჩიე" - "მაგდებურგის" 16 წლის ქართველი ფეხბურთელი

AutoSharing Option
გერმანულ "მაგდებურგში", სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

16 წლის შალვა ოგბაიძე 17-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელია, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ჯერჯერობით არ იცნობს. ის 10 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიონალური ფეხბურთისთვის ემზადება.

Sportall.ge შაკოს ბერლინში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ აღმოჩნდი გერმანიაში?
- 4 წლიდან უკვე სტადიონზე დავდიოდი ბიძაჩემთან ერთად. 6 წლის ასაკში შევედი "ირაოში", 4 წლის განმავლობაში იქ ვთამაშობდი და შემდეგ გერმანიაში მოგვიწია წასვლა.

10 წლიდან დავიწყე ადგილობრივ კლუბში
თამაში. 3 წელი ვითამაშე და ბერლინის ნაკრებში ამიყვანეს, სადაც სულ 30 ბავშვი იყო. ამ დროს 13 წლის ვიყავი. 2015 წელს გადავედი "BFC დინამოში", სადაც მეორე სეზონში 22 მატჩში 40 გოლი გავიტანე.

ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან, "მაგდებურგმა" კი საუკეთესო პირობები შემომთავაზა.

- საიდან გქონდა შემოთავაზებები, სანამ "მაგდებურგში" გადახვიდოდი და რატომ აირჩიე ეს კლუბი?
- "ჰამბურგიდან", "მაინციდან", "ჰერტადან" და "უნიონიდან" მქონდა შემოთავაზებები. "მაგდებურგი" იმიტომ ავირჩიე, რომ კარგი ბაზა აქვთ. მითხრეს, რომ პირველივე წლიდან 17-წლამდელთა ბუნდესლიგაში ვითამაშებდი და თუ კარგად გავაგრძელებდი, 17-18 წლიდან პირველ გუნდშიც მომეცემოდა შანსი.

დღეს "მაგდებურგის" 17-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ, მაგრამ 19-წლამდელებში ვვარჯიშობ და ამხანაგურ მატჩებშიც მათამაშეს, სადაც 5 შეხვედრაში 6 გოლი გავიტანე.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- ჯერჯერობით "მაგდებურგში" ვაპირებ თამაშს. მალე 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში თამაში მიწევს. შევეცდები, რომ ბევრი გოლი გავიტანო. მაქვს შანსები, რომ შემდეგი სეზონიდან პირველ გუნდში ვივარჯიშო.

ამ სეზონში 17-წლამდელთა რეგიონლიგაში 15 მატჩი ჩავატარე და 7 გოლი გავიტანე და 8 საგოლე გადაცემა შევასრულე. 10-იანის პოზიციაზე ვთამაშობ.

- თუ გქონია შემოთავაზება გერმანიის ასაკობრივი ნაკრებიდან?
- მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. აქ დავიბადე, გავიზარდე და ეს ჩემი ქვეყანაა. გერმანიის მოქალაქეობა არ მაქვს. სანაცვლოდ ქართული პასპორტი უნდა დამეთმო, ამიტომ უარი ვთქვი.

- როგორია შენი ერთი დღე, რას აკეთებ დღის განმავლობაში და რა სახის ვარჯიშები გაქვს?
- დილით, 8 საათზე სკოლაში მივდივარ, ორ გაკვეთილს ვესწრები. 10-ის ნახევრისთვის კი პირველი ვარჯიში გვაქვს. ყველა ფეხბურთელი სპეციფიკურად, საკუთარ ნაკლოვანებებზე ვარჯიშობს. შემდეგ ისევ სკოლაში ვბრუნდებით და 4 საათზე უკვე გუნდის ვარჯიშია.

ეს გრაფიკი ორშაბათიდან ოთხშაბათამდე გრძელდება. ამ პერიოდში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ხუთშაბათიდან კი კონკრეტული თამაშისთვის მზადება იწყება, ვსწავლობთ მეტოქეს. ბოლო ვარჯიში კი თამაშამდე გვაქვს.

- "მაგდებურგის" მთავარ გუნდში რამდენიმე თვეა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს. მასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- გიორგი ლორია გავიცანი, ერთად რესტორანშიც ვიყავით. კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ,  ბევრ დროს ვერ ვატარებთ ერთად, სხვადასხვა გრაფიკი გვაქვს და ერთმანეთს ვერ ვემთხვევით.

Sportall.Ge

- საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე რას იტყვი, თუ უყურებ ხოლმე მათ შეხვედრებს?
- თითქმის ყველა შეხვედრას ვუყურებ. ჩემი აზრით, გამოასწორეს თამაში. დალაგებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც კარგი სანახავია. წლების წინ დაცვაში ვიდექით და მხოლოდ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

- რომელია შენი საყვარელი კლუბი, სად ითამაშებდი დიდი სიამოვნებით?
- "ბარსელონა" ჩემი საყვარელი გუნდია და იქ თამაში ჩემი ოცნებაა.

- რას ურჩევ შენზე ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს ახლა იწყებენ?
- ვურჩევ, იყვნენ მონდომებულები. გულით ითამაშონ. თუ წარუმატებელი პერიოდი ექნებათ, გულს ნუ გაიტეხენ, დარჩნენ, გააგრძელონ ვარჯიში. ბევრი შრომის შემდეგ აუცილებლად მოვა შედეგი.

- ქართველ გულშემატკივარს რამეს ხომ არ ეტყოდი, ვინც შენ შესახებ პირველად გაიგებს?
- იმედი მაქვს, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ, ბევრ გოლს შევაგდებ და ჩვენს გუნდს წარმატებებს მოვუტან.
მკითხველის კომენტარები / 19 /
იმედი ჩამესახა,რომ მომავალში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება,შენ კი ჭეშმარიტო ქართველო გისურვებ დაგეჩრდილოს ყველა ფეხბურთის ლეგენდა და შენით გვეამაყოს ქართველებს!
ნანა
20:23 22-04-2019
0
ვააა თურმე გერმანიიის ნაკრებზე შეიძლება უარის თქმა და რუსეთის და უკრაინისაზე არა....!!!! ბოლოს და ბოლოს შევიწროვებას თუ აბრალებთ და მაგით იმართლებთ თავს გადადით სხვა ქვეყნებში და დააღწევთ თავს მაგ მონობას ( რასაც სამშობლოს გამყიდველობამდის მიყავხართ ) მაგრამ თქვენ არც სამშობლო და არც ნორმალური კარიერა არ გაინტერესებთ ....რუსეთის პირველ ლიგაში თამაში და ხელფასიც საკმარისია თქვენთვის და პრინციპში პატალოკიც ....ამ ბავშვს კი ჯანმრთელობა და წარმატებები !!!!!
Auee
16:46 22-04-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული