ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები

AutoSharing Option
8 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის არაერთი მატჩი გაიმართა. ჩვენი ყურადღება მთლიანად "ფეიენოორდისა" და თბილისის "დინამოს" მატჩისკენ იყო მიმართული, თუმცა, პარალელურად, რამდენიმე ქართველმა სხვადასხვა კლუბის რიგებში იასპარეზა.

ვენტსპილსი-გუიმარეში
ლატვიურმა კლუბმა პორტუგალიური გუნდი საკუთარ მოედანზე მიიღო და დიდი ანგარიშით - 0:3 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს გუგა ფალავანდიშვილმა და გიორგი მჭედლიშვილმა. პირველი მათგანი 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე კი - 74-ეზე. ამ დროს ანგარიში 0:2 იყო.

ფალავანდიშვილმა ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

თუნი-მოსკოვის სპარტაკი
მოსკოვის "სპარტაკი" შვეიცარიას ესტუმრა და ადგილობრივი "თუნი" 3:2 დაამარცხა.

რუსულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ჯანო ანანიძემ, რომელიც მე-60 წუთზე ანდრე შურლემ შეცვალა. გერმანელმა გამოსვლიდან მალევე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თუმცა 73-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ბაკაევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლეგია-ატრომიტოსი
ვარშავის "ლეგიამ" საკუთარ მოედანზე ბერძნული "ატროტიმოსის" დამარცხება ვერ მოახერხა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 90 წუთის განმავლობაში გაისარჯა ვაკო გვილია.

პოლონელებმა კარში ზუსტად 14-ჯერ დაარტყეს, თუმცა სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

აღსანიშნავია, რომ ეს "ლეგიასთვის" ზედიზედ მესამე 0:0-ია.

ლუცერნი-ესპანიოლი
90 წუთი გაატარა მოედანზე "ლუცერნის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების განაპირა მცელმა ოთარ კაკაბაძემ, მისი გუნდი კი "ესპანიოლთან" 0:3 დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ესპანური კლუბი ფლობდა.

აეკ-გენტი
ბელგიური "გენტი" სტუმრად კვიპროსულ აეკ-ს დაუზავდა - 1:1. ხშირად "გენტს" ქართველების კლუბად მოვიხსენიებთ ხოლმე, თუმცა აქ ჩვენებურებს აღარ სწყალობენ.

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე ბელგიელთა განაცხადში ვეღარ ხვდება, გიორგი ქვილითაია კი გამოჯანმრთელდა, თუმცა 18-კაციან სიაში მისთვის ადგილი კვლავ არ მოიძებნა.

ტორინო-შახტიორი
იტალიურმა "ტორინომ" ლაშა შინდაგორიძის "შახტიორს" საქმე პირველივე მატჩში მოუმთავრა (5:0).

"საბურთალოს" ყოფილ ფეხბურთელს არ უთამაშია და არც საპასუხო შეხვედრაში იქნება. მას ამ ეტაპზე სხვა კლუბის რიგებში უკვე ნათამაშები აქვს და როგორც ჩანს, ბელორუსებს წინ არც ჯგუფური ეტაპი ელოდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული