ჯანო ანანიძე: "სპარტაკის" ლიდერობა მინდა - ახლა ან არასოდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" საიტმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

-  რვა წლის წინ თქვენ "ბაზელთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ. როგორი მოგონებები შემოგრჩათ იმ დაპირისპირებასთან დაკავშირებით?
-  მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ჩვენ ახლა სრულიად სხვა გუნდი გვყავს, მაგრამ იმ მატჩის მოგონება სასიამოვნოა. 93-ე წუთზე მაკგიდიმ საჯარიმო გამოიმუშავა. ალექსმა, შეთანხმებისამებრ, ბურთი დამიგორა. ცოცხალი კედელი დაიშალა და გოლი გავიტანე.

- ეს "სპარტაკში" თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი იყო?
-  პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში "კრასნოდართან" გატანილი გოლი 10 წლის შემდეგაც განსაკუთრებულად ძვირფასია.

-
ახლა გუნდში გუს ტილი გამოჩნდა. მზად ხართ კონკურენციისათვის?
- კონკურენცია ყოველთვის კარგია. თუ ჰოლანდიელი ალექსივით კარგად ითამაშებს, მაგას რა აჯობებს. დაე, ისეთივე გადაცემები გააკეთოს და ისეთივე გოლები გაიტანოს. ეს "სპარტაკს" მხოლოდ წაადგება. ჩვენ ამ ბიჭს ადაპტაციაში ყველანაირად დავეხმარებით.

- სამარელთა მწვრთნელმა ბოჟოვიჩმა თქვა, რომ ჯანოს საუკეთესო წლები კიდევ წინაა, მათ შორის, "სპარტაკში". გჯერათ, რომ ასეც იქნება?
- "სპარტაკის" ლიდერობა მინდა, თუმცა მესმის - ან ახლა, ან არასოდეს. ვგრძნობ, ისე შემიძლია ვითამაშო, როგორც გუნდის გულშემატკივრები ჩემგან მოელიან. სამწუხაროდ, აქამდე ამაში ხელს ტრავმები მიშლიდა, "სპარტაკში" გატარებული 10 წლიდან 3 წელი მკურნალობას მოვუნდი. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველა უბედურება ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ ბეილს. ჩემზე სამჯერ მეტს იწონის, კუნთებიც სამჯერ ჩემზე ძლიერი აქვს, მაგრამ ტრავმებს ჩემზე უფრო ხშირად იღებს!

- გასულ გაზაფხულზე იჯარით "კრილია სოვეტოვში" თამაშობდით. რა შეგძინათ ამ პერიოდმა?
- ყველაზე მთავარი - სათამაშო პრაქტიკა, რადგან 30-40 წუთი თამაში ფეხბურთელისთვის ცოტაა. სამარაში მოედანზე რუგულარულად გავდიოდი, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ ტურებს, რომლებიც მცირე ტრავმის გამო გამოვტოვე. საბედნიეროდ, ახლა არაფერი არ მტკივა.

- თქვენი ხშირი ტრავმების მიზეზი რა არის?
- შესაძლოა, "მუჟიკების" წინააღმდეგ ძალიან ადრე დავიწყე თამაში. პლუს, თავად ვარ დამნაშავე, რომ თავიდან ხშირად არ დავდიოდი ტრენაჟორებზე.

- ის წელი "როსტოვში" თქვენთვის საერთოდ განსაკუთრებული იყო: თასზე მოგებამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილი შეგეძინათ...
- დიახ, რამდენიმე წლის წინ ჩემპიონობამდე კი მეორე ქალიშვილი შემეძინა. ასე რომ, მესამე ბავშვია საჭირო, რათა რაიმე მოვიგო.

- გეგმები გაქვთ?
- ბიჭი მინდა. მეუღლე საქმის კურსშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული