ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხარაიშვილი ტრავმაზე: არაფერი მახსოვს - როდესაც გონზე მომიყვანეს, მივხვდი, რთულად იყო საქმე

AutoSharing Option
"საბურთალოს" აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ახლა შვედეთის "გიოტებორგის" ღირსებას იცავს, სამშობლოშია.

შვედეთში რამდენიმე დღის წინ დასრულდა პირველობა, ქართველი ნახევარმცველი კი ადგილობრივებმა სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანეს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფეხბურთელს "საბურთალოს" ვებგვერდი ესაუბრა.

- გიორგი, თავდაპირველად ჯანმრთელობაზე გკითხავთ - გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- მსუბუქი ტრავმა მქონდა, ახლა ყველაფერი კარგადაა. იმ შეჯახების შემდეგ "გიოტებორგის" შემადგენლობაში რამდენიმე ოფიციალური მატჩი ვითამაშე.

- გახსოვთ შეჯახების მომენტი?
- როდესაც მოწინააღმდეგეს შევეჯახე, მის მერე არაფერი მახსოვს. როდესაც ექიმებმა
გონზე მომიყვანეს და ირგვლივ ბევრი ადამიანი დავინახე, მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე. ცოტა შემეშინდა კიდეც. თუმცა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

- ამ მატჩში ტრავმამდე თქვენს კარიერაში ისტორიული ფაქტი მოხდა - ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშეთ ძირითად შემადგენლობაში, სადაც სადებიუტო გოლიც გაიტანეთ. როგორ გაიხსენებთ ამ ყველაფერს?
- გამიხარდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე თამაში. ამავდროულად, სადებიუტო გოლიც გავიტანე. გატანილი ბურთი ისე ვერ აღვნიშნე, თუმცა გულში ძალიან გამიხარდა.

- როდის გაიგეთ, რომ გიბრალტართან მატჩს თერთმეტეულში დაიწყებდით?
- თამაშის წინა დღეს, როდესაც მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა.

- შვედეთის ჩემპიონატი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, სადაც სეზონის საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის დაგასახელეს. ელოდით?
- კარგია და სასიამოვნო, როდესაც გაფასებენ. ეს ამბავი პრესის საშუალებით გავიგე. საერთო ჯამში, ურიგო სეზონი არ ჩამიტარებია. ვფიქრობ, როგორც მე, ასევე "გიოტებორგს", წინა წელთან შედარებით უკეთესი სეზონი გვქონდა, თუმცა უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მეც ბევრი მაქვს სამუშაო.

- მომავალ გეგმებზე გვითხარით, როდის შეიკრიბება "გიოტებორგი"?
- შვედეთში გაზაფხულამდე პაუზაა, თუმცა მანამდე სანაკრებო მატჩები მელის. შვედეთში იანვარში დავბრუნდები და რამდენიმე შეკრებას გუნდთან ერთად გავივლი. ნაკრებში გამოცხადებამდე კი ჩემს საყვარელ "საბურთალოში" ვივარჯიშებ. შეიძლება ითქვას, რამდენიმე დღით სახლში ვბრუნდები.

- ეროვნულ ლიგას თუ ადევნებთ თვალს და როგორ შეაფასებთ "საბურთალოს" ასპარეზობას?
- ჩემპიონატის დონე აშკარად მომატებულია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩემპიონატის ბოლომდე პირველობა სამ გუნდს შეუძლია. "საბურთალო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. ასეა ამჯერადაც. ამავდროულად, წლეულს პირველად მოხდა, რომ კლუბი თასის ფინალშია გასული. "საბურთალო" ყოველთვის აუმჯობესებს შედეგს და პროგრესს განაგრძობს.