პირველ დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში "ზენიტმა" პეტერბურგში 1:0 დაამარცხა "სპარტაკი".
მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 55 119 მაყურებელი დაესწრო და შეხვედრის დაწყებამდე დედაქალაქური გუნდის ასეულობით ფანი ჩხუბისათვის დააპატიმრეს.
თამაშისას "სპარტაკის" გულშემატკივრები სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდნენ "ზენიტის" თავდამსხმელ არტიომ ძიუბას, რომელიც ადრე მათი გუნდის ღირსებას იცავდა.
მეორე ტაიმში შეტევის გასაძლიერებლად "სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ შეცვლაზე ანდრე შურლე, ლორენცო მელგარეხო და ჯანო ანანიძე შეიყვანა, რომლებმაც თამაში ვერ გაამწვავეს, სამაგიეროდ, ანანიძეს და მელგარეხოს მოედანზე კონფლიქტი მოუვიდათ - 73-ე წუთზე პარაგვაელმა მოწინააღმდეგის იერიში ჯარიმით შეაჩერა, ქართველმა რაღაც უთხრა, რის შემდეგაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.