კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა "ანორთოსისმა"
12 იანვარს, ჩემპიონატის მე-16 ტურში "ანორთოსისმა" 1:0 დაამარცხა ჩემპიონი "აპოელი". გოლი 63-ე წუთზე თეოდოროს ვასილიაკაკისმა გაიტანა.
ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა, ძირითად შემადგენლობაში იყო. კაჭარავა შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო ოქრიაშვილი - 88-ე წუთზე.
ფამაგუსტური გუნდი 36 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 4 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამ გუნდს 19 იანვარს დაუპირისპირდება.
ნამატჩევს შედეგით კმაყოფილმა "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ როგორც მოელოდა, დაძაბული თამაში იყო, ბევრი მომენტი არ შეიქმნა, რაც მთავარია, 3 ქულა მოიპოვეს და მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.