ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, რომ არ ჩატარდება ეს მატჩში ივნისში და გადაიდება კიდევ ერთხელ

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილი წლებია პოლონეთში თამაშობს, sportall.ge საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაუკავშირდა და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

- დღეს, 28 მარტია, ორი დღე გავიდოდა მას შემდეგ საქართველო - ბელარუსის მატჩი რომ ჩატარებულიყო. რას ფიქრობ რა ემოცია გექნებოდა დღეს?
- დაწყებული ფეხბურთელებიდან და სამწვრთნელო შტაბიდან, დამთავრებული გულშემატკივრამდე, დარწმუნებული ვარ რომ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი. ყველა გამარჯვებას ელოდებოდა ამ მატჩში და არც მე ვარ გამონაკლისი. დღეს ვიქნებოდით ძალიან დაღლილი იმ ემოციებისგან, რასაც 26 მარტს მივაღწევდით. თუმცა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით და გვექნებოდა იმედი, რომ ფინალშიც მოვაერხებდით გამარჯვებას.

ძალიან სამწუხაროა, რომ გადაიდო ეს შეხვედრა და იმედი მაქვს მალე ჩაივლის ეს ყველაფერი. ადრე თუ გვიან ვითამაშებთ ამ თამაშებს და მივაღწევთ იმ სასურველ ოცნებას, რასაც ევროპაზე გასვლა ჰქვია.

- მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიმართება ეს მატჩები, რას ფიქრობ რა შანსები გვექნება?
- ძალიან რთულია ამ თამაშზე საუბარი, რადგან არავინ არ იცის თუ რა იქნება მომავალში. გარკვეულია დრო, რომ ივნისში ჩატარდება მატჩი, თუმცა მიმაჩნია რომ ეს შეხვედრა ივნისშიც არ ჩატარდება. ჯერ ჩემპიონატებიც არ განახლებულა და არც არავინ იცის, როდის განახლდება. თუ ივნისში მაინც ჩატარდა, ყველაზე დიდი პლიუსი რაც ექნება ბელარუსის ნაკრებს, ისინი ფორმაში იქნებიან. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს, რომ არ ჩატარდება ეს მატჩში ივნისში და გადაიდება კიდევ ერთხელ.

- რა ხდება პოლონეთში, რა ვითარებაა კორონავირუსის პანდემიის დროს და ხომ არ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?
- როგორც მთლიანად მსოფლიოში, რა თქმა უნდა რთული სიტუაციაა. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. თუმცა მე როგორც რიგითი მოქალაქე პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმედი მაქვს რომ მალე დავუბრუნდებით ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს.

ჯერჯერობით არ ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან ვარჯიშები გვაქვს ინდივიდუალურად დანიშნული. ორ-ორი ფეხბურთელი მივდივართ ბაზაზე და მწვრთნელის მეთვალყურებობის ქვეშ ვვარჯიშობთ. მიუხედავად იმისა, რომ ორ-ორი ფეხბურთელი მივდივართ, არც ჩემ თანაგუნდელებთან მაქვს ახლო შეხება, მე მინდვრის ერთ მხარეს ვვარჯიშობ და თანაგუნდელი მეორე მხარეს. ესე ვცდილობთ შევინარჩუნოთ ფორმა, ვარჯიშებიდან გამომდინარე ჩვენ ვრჩებით პოლონეთში და სამწუხაროდ არც აქ ვიცით როდის განახლდება ჩემპიონატი.

- რომელი უფრო ცუდი იყო, 90-იანები თუ კორონავირუსის პანდემიით გაჩერებული მსოფლიო და გაურკვეველი პერსპექტივა?
- არც 90-იანების პერიოდი იყო კარგი და არც დღევანდელი სიტუაციაა კარგი, რაც ხდება მსოფლიოში. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და მალე გამოჯანმრთელდება ყველა ის ადამიანი ვინც ინფიცირებულია.

- რითი გაგყავს თავისუფალი დრო უფეხბურთობის ჟამს?
- ძირითადად სახლში ვარ, მიჭირს სულ შინ ყოფნა, თუმცა ჩემი მოქალაქეობრივი ვალია რომ დავიცვა ის წესები რაც აუცილებლად დასაცავია. გარეთ აუცილებლობის შემთხვევაში გავდივარ, ვარჯიშების გამო და პროდუქტების საყიდლად. დარჩენილ დროს ვატარებ სახლში და ვცდილობ პოზიტიურად ვიყო განწყობილი. ისეთ რაღაცეებს ვუთმობ დროს რისთვისაც ადრე დრო არ მრჩებოდა: ინდივიდუალური ვარჯიშები სახლში, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და ვცდილობ დროის სასიკეთოდ გამოყენებას.

- როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონს პოლონეთში რამდენად კმაყოფილი იყავი საკუთარი თავით?
- თავიდან ცუდად დავიწყეთ სეზონი, შემდეგ მწვრთნელიც გამოვიცვალეთ და ასე 10-12 მატჩის შემდეგ გამოვასწორეთ ასპარეზობა. ჩვენი მიზანია, რომ მოვხვდეთ 8 საუკეთესო გუნდში, რის შემდეგაც გვექნება იმის საშუალება რომ ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ ევროსაგზურისთვის. რაც შეეხება ჩემ თამაშს ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი და იმედი მაქვს, რომ მალე დაიწყება ჩემპიონატი და გაცილებით ნაყოფიერად ვითამაშებ.

ბოლოს მინდა ვისარგებლო შემთხვევით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს და მთლიანად ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიცავს და ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო და ასევე იმ მოქალაქეებს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც თავიდან ბოლომდე იცავს იმ წესებს და უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას, სხვების ჯანმრთელობას. იცავენ ყველა წესს, დაწყებული ხელის დაბანით, დასრულებული სახლში დარჩენით და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ