ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბექა თოდუა: სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ ერთი ნაბიჯიღა მაკლია

AutoSharing Option
25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკეთის "დრუჟსტევნიკში" თამაშობს, სლოვაკეთიდან კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნდა. ბექა 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა, ახლა კი მშობლიურ ზუგდიდშია, ვარჯიშობს და ფორმას ინარჩუნებს. გთავაზობთ მის ინტერვიუს.

სლოვაკეთიდან დაბრუნებაზე:
საქართველოში დაბრუნება გუნდის პრეზიდენტთან, მენეჯერსა და მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე. აქ, სლოვაკეთში, 16 ტური ჩატარდა და გაგრძელება ჯერჯერობით არ ექნება. როგორც კი SFZ-დან ოფიციალურად დადასტურდა ჩემპიონატების გადადება, მაგის მერე გადავწყვიტეთ სამშობლოში წამოსვლა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავუკავშირდით საელჩოს და დაგვეხმარა ფრენის განხორციელებაში.

სავალდებულო კარანტინზე:
გუშინწინ გამოვედი კარანტინიდან. ახლა ზუგდიდში სახლში ვიმყოფები. კარანტინი
ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ოთახში ვვარჯიშობდი და ასე თუ ისე დრო ნაყოფიერად გამყავდა.

ქართველ გულშემატკივარზე:
როდესაც ჩემი "დრუჟსტევნიკში" გადასვლის სიახლე დაიწერა, სამშობლოში საკმაოდ უარყოფითად შეხვდნენ ამ სიახლეს. ირონიული დამოკიდებულება იგრძნობოდა. თავდაპირველად მეწყინა, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ვცდილობ უარყოფითი დამოკიდებულება დავძლიო. თუმცა გულშემატკივარმა შეიძლება არ იცოდეს სლოვაკეთისა და ბევრი ევროპული ქვეყნის გუნდების სისტემა. "დრუჟსტევნიკი" არის უმაღლესი ლიგის გუნდების ფარმ-გუნდი, კონკრეტულად კი - Dunaksa Streda Dac-ის. ფარმ-გუნდი ნიშნავს შემდეგს: უმაღლესი ლიგის გუნდი ეძებს ფეხბურთელებს შედარებით ქვედა ლიგებში. ასეთ დროს პრიორიტეტს ანიჭებს ფარმ-გუნდის ფეხბურთელებს. შესაბამისად, იმის შანსი, რომ სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში აღვმოჩნდე, საკმაოდ დიდია. პრაქტიკულად, ერთი ნაბიჯი მაშორებს.

მიუხედავად იმისა, რომ რანგით დაბალ ლიგაში ვთამაშობ, ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო. გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი, ქართველებს, უდიდეს პატივს ვცემ. მინდა იცოდნენ, რომ ყოველდღე ვშრომობ, ვვარჯიშობ და ვცდილობ, წარმატებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

სლოვაკეთი არ არის ის, რაზეც ვოცნებობ, თუმცა არ მეთაკილება დაბალი დივიზიონიდან მქონდეს სტარტი. ეს სპორტსმენის კარიერის გარდაუვალი გზა არის.

მომავლის გეგმებზე:
ყველაფერი დალაგდეს, დავუბრუნდეთ ვარჯიშებს და ოფიციალურ თამაშებს. მინდა ძლიერი სეზონი ჩავატარო და მერე ყველაფერი ღვთის ნებაა. უახლოესი არის უმაღლეს ლიგაში თამაში. ასევე, მინდა სამშობლოში უკეთ გამიცნონ და დავანახო ჩემი თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში მე საქართველოს წარმოვადგენ და ჩემი გუნდის ყველა წევრმა იცის, ამით როგორ ვამაყობ.

ტეგები: