"რუბინმა" დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ 4 დღე დაისვენა და ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა. დღეს ყაზანურმა გუნდმა თავის ბაზაზე ამხანაგურ მატჩში რანგით მესამე დივიზიონის ნაბერეჟნიე ჩელნის "კამაზს" უმასპინძლა.
პირველი ტაიმი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 2 მომენტი ვერ გამოიყენა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ. მეორე ტაიმში მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შემადგენლობა სრულად შეცვალა და მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შეუშვა. სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს - ერთი საკუთარ, მეორე კი მეტოქის კარში და სპარინგი 1:1 დასრულდა.
ნამატჩევს სლუცკიმ განაცხადა, რომ მთავარია ტრავმა არავინ მიიღო, მოწინააღმდეგე ძალიან მოტივირებული
იყო, მათ კი თავიანთი ამოცანები ჰქონდათ, შედეგზე აქცენტი არ გაუკეთებიათ და ნაკლის გამოსწორებაზე მუშაობას გააგრძელებენ.
11 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინი" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.