"რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ურალს" დაუზავდა - 1:1.
მატჩში, რომელსაც ყაზანში 4 088 მაყურებელი დაესწრო, ორივე გოლი პირველ ტაიმში პენალტით გავიდა. მსაჯმა 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მერკულოვი გააძევა, 63-ეზე კი სტუმართა ნახევარმცველი ემელიანოვი.
"რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც შეხვედრის დაწყების წინ გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე მომენტი შექმნა, მისი თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილი კი სათადარიგო იყო.
"რუბინმა" ორ სასტარტო მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც თერთმეტმეტრიანით და 18 აგვისტოს გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილი იჯარის წესით "როტორში" გადავა, რომლის შემადგენლობაში ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე ირიცხებიან. დღეს ვოლგოგრადული გუნდი მოსკოვში "დინამოს" დაუზავდა (0:0) და არც ერთი ჩვენებური განაცხადშიც კი არ ყოფილა.
ამ წუთებში "ლოკომოტივისა" და "კრასნოდარის" მატჩი მიმდინარეობს და "რკინიგზელთა" გუნდის განაცხადშიც არაა საბა კვირკველია, რომლის შესახებ რუსულმა პრესამ "როტორში" გადასვლა დაანონსა.