ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

როგორ დაასრულა მარადონამ ქინქლაძის კარიერა "ბოკაში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფანები გიორგი ქინქლაძეს დღესაც კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა, როგორც ბევრ ქართველ მოთამაშეს სჩვევია, საკუთარი პოტენციალის გამოვლენა ვერც "ქინქიმ" შეძლო. მისი ბიოგრაფიიდან ძალიან ბევრი ფაქტია ცნობილი, დღეს კი გურული ჯადოქრის არგენტინულ ვოიაჟზე მოგიყვებით.

ჩემპიონთა ლიგის 1993 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ჩრდილოირლანდიური "ლინფილდი" კი ჩამოიცილა, თუმცა გუნდი მსაჯის მოსყიდვის მცდელობისათვის ევროტურნირებიდან მოკვეთეს. იმ დროისთვის ქინქლაძე "დინამოს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და უმაღლესი ლიგის 1993/94 წლების სეზონის პირველ ნახევარში 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, საუკეთესო
ფეხბურთელის ჯილდოც დამსახურებულად მოიგო.

სკანდალის მიუხედავად, ევროპაში ახალგაზრდა და ტექნიკური ქართველები მაინც შეამჩნიეს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ საუკეთესო ფეხბურთელები იჯარით სხვადასხვა ევროპულ კლუბში გაგზავნა. ტყუპი არველაძეები "ტრაბზონსპორში" წავიდნენ, უფროსი ძმა რეზო - "კიოლნში", ქინქლაძე და მურთაზ შელია კი - მეორე ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენში".

გერმანიაში გიორგის საქმეები ვერ აეწყო - მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და მათი უმრავლესობა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. "ჰერტას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში 29-ე წუთზე შელია შეცვალა და 2 წუთში მოედნიდან გააძევეს. 1994 წელს ქინქლაძე თბილისში დაბრუნდა.

მალე "დინამოს" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია მადრიდის "ატლეტიკოს" ქინქლაძის იჯარაზე შეუთანხმდა. მადრიდელები 200 000 ფუნტს იხდიდნენ. გოჩა ჯამარაულსა და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გიორგი სინჯებზე ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრა. რაღაცები ვერ აეწყო, თუმცა აგენტმა, რომელმაც ფეხბურთელები მადრიდში ჩაიყვანა, ქინქლაძეს "ბოკა ხუნიორსის" ვარიანტი შესთავაზა. ახალგაზრდა ქართველი ადვილად დათანხმდა ავანტიურას და სამხრეთ ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა.

დიეგო - მილიონობით ბავშვის კერპი იყო. გამონაკლისი არც ქინქლაძე გახლდათ. მარადონას თამაშების ჩანაწერები გიორგის ათასჯერ ჰქონდა ნანახი. როგორც "ქინქი" იხსენებს, "ბოკა ხუნიორსში" სწორედ დიადი არგენტინელის გამო ვერ დარჩა, არადა, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

მოგეხსენებათ, 1994 წელს მარადონა დოპინგ/ნარკო სკანდალში მსოფლიო თასის მიმდინარეობისას გაეხვა. მას შემდეგ ორი სხვადასხვა გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა კარიერის განახლება გადაწყვიტა, 1995 წლის დასაწყისში "ბოკაში" დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და კიდევ 2 წელი ითამაშა.

"ქინქი" იხსენებდა, რომ მარადონა ცალკე ვარჯიშობდა, რადგან ზედმეტი წონა ჰქონდა. დიეგო ყოველთვის ქალიშვილთან ერთად იყო. დალევდა ყავას, 15 წუთი კარში დარტყმაზე ივარჯიშებდა და მიდიოდა. თავად გიომ ლეგენდა მხოლოდ შორიდან ნახა, მასთან თამაში ვერ მოასწრო, რადგან 1994 წლის ბოლოს "ბოკა" დატოვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სილვიო მარსოლინი ქინქლაძეს ცოტა დროს უთმობდა და მშობლიური ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელს, ვეტერან ალბერტო მარსიკოს ათამაშებდა ძირითადში. იდეაში, "ქინქის" სწორედ ის უნდა შეეცვალა, რადგან მარსიკო 1 სეზონის შემდეგ უნდა წასულიყო, თუმცა მარადონას გამოჩენამ ყველაფერი არია. ცხადი იყო, რომ დიეგოს ფონზე 22 წლის ქართველს არანაირი შანსი არ ჰქონდა.

არგენტინიდან წამოსვლის შემდეგ გიორგიმ გზად ისევ მადრიდში გამოიარა და უკვე "რეალის" რიგებში ვარჯიშობდა ბუტრაგენიოს, ლაუდრუპისა და იეროს გვერდით. მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ვალდანომ მეორე გუნდში დარჩენა შესთავაზა, თუმცა მერაბ ჟორდანიამ დასახმარებლად "დინამოში" იხმო და დაჰპირდა, რომ კარგი ვარიანტის შემთხვევაში მომავალ წელს გაუშვებდა. ჟორდანიამ სიტყვა შეასრულა - 1995 წელს გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა.

მომზადებულია Sports-ის  მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ