რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩები შედგა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
"რუბინმა" მოსკოვში 2:1 მოუგო ცსკა-ს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად გამორჩეული არ იყო.
88-ე წუთზე ყაზანელები აშკარა გოლისგან მეკარე დიუპინმა იხსნა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"რუბინმა" ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მე-11 ადგილზეა და 26 აგვისტოს "უფას" უმასპინძლებს.
"როტორი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "სოჭისთან", თუმცა შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგო.
ვოლგოგრადულ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც 33-ე წუთზე ტრავმირებული პესეგოვი შეცვალა. ბექა მიქელთაძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
საბა კვირკველია, ნიკოლაი ყიფიანი და ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყვნენ.
"როტორი" 1 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 26 აგვისტოს "სპარტაკს" უმასპინძლებს.