რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.
ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.
სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.
68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.
"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.