ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სიომინი: კვარაცხელია უფრო ადვილად დამკვიდრდება "მილანში", ვიდრე მირანჩუკი "ატალანტაში"

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა russian.rt-სთან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესსა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია. ეს თავიდანვე შეუიარაღებელი თვალით მოჩანდა. მეორე - მიზანმიმართულია; მესამე - სლუცკისთან კარგ ხელში და კარგ გუნდში მოხვდა, რომელშიც მუდმივად პროგრესირებს. მაგრად წარმოაჩინა თავი საქართველოს ნაკრებში. ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს.

- ადრე მას კონკრეტიკა არ ჰყოფნიდა, შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. რატომ შეიცვალა სიტუაცია?
- ვთვლი, რომ ადრე ცოტა გოლი არ გაჰქონდა და საგოლე პასებსაც აძლევდა პარტნიორებს. მოდით, ნუ
დავივიწყებთ, რომ ბიჭი იზრდება. "ლოკომოტივში" 18 წლისა მოვიდა, ახლა კი 20 წლისაა. ამასთან, მისი ტექნიკური ოსტატობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. კიდევ დიდი პოტენციალი აქვს.

- ისე მოჩანს, სლუცკისთან დაცვაში მუშაობის მხრივაც მოუმატა...
- პრინციპში, ის ამ სამუშაოს საჭირო მოცულობით ყოველთვის ასრულებდა. ამ მხრივ პრობლემა არასოდეს წარმოშობილა. განაპირა მცველის პოზიციაზეც კი თამაშობდა. ხვიჩას დაცვაში მოქმედების პოტენციალიც ასევე საკმაოდ კარგი აქვს. უბრალოდ, ახლა ფიზიკურად შესამჩნევად მოუმატა, უფრო ძლიერი და გამძლე გახდა.

- მზადაა თუ არა ქართველი ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გასამგზავრებლად?
- ვფიქრობ, "რუბინში" თავად ჩამოყალიბდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, თან კვარაცხელიას აზრსაც გაითვალისწინებენ. მთავარია, გესმოდეს, სად მიდიხარ და შენგან რა უნდათ. უნდა იცოდე, სჭირდები თუ არა ახალი გუნდის მწვრთნელს და მოგიაზრებს თუ არა შემადგენლობაში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება.

- მედია მას სერია А-ს ტოპ-კლუბებში აგზავნის. მზადაა იქ ასეთ დონეზე ითამაშოს? მაგალითად, ალექსეი მირანჩუკი "ატალანტაში" სათადარიგოთა სკამზე ზის...
- მე ვერ ვიტყვი, რომ "მილანი" უფრო ძლიერია. ვფიქრობ, ხვიჩასთვის უფრო ადვილი იქნება ძირითადში დამკვიდრება, ვიდრე მირანჩუკისთვის "ატალანტაში". თუმცა, იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია.

მას ესპანეთის პრიმერა ან ნიდერლანდების ჩემპიონატი უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევი ფეხბურთია და იქ თავის მთელ პოტენციალს გამოავლენს, მაგრამ ბევრი რამ გუნდზე იქნება დამოკიდებული. მთლიანობაში, გავიმეორებ, ყველაფერი თავად ხვიჩას ხელშია. ის მტკიცე და შეუპოვარი ბიჭია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა.

ასევე დაგაინტერესებთ