ხვიჩას გოლისას თათრეთის პრეზიდენტი კინაღამ ლოჟიდან გადახტა - რა ფინანსური სარგებელი მოაქვს ქართველს „რუბინისთვის?

AutoSharing Option
„რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატზე წინ მიიწევს და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდეს. ყაზანური გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. ამაზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. მით უმეტეს, ჯერ კონკრეტული სიახლე არაფერია. მხოლოდ ქართველი ლეგიონერის როლზე მოგახსენებთ.

მას „რუბინში“ იდეალური პირობები შეუქმნეს, თავზე ჰყვებიან, თავს იქ ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა დონეზე საჭირო რეკლამასაც უკეთებენ. იმსახურებს კიდეც - როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. თუმცა, ტყუილად არავინ არ
გაუწევს ასეთ სამსახურს, ის იმედებს ამართლებს და იმედი აქვთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაამართლებს. აქ საქმე მხოლოდ კვარაცხელიას მომავალი ტრანსფერით კლუბის ხაზინის შევსებას როდი ეხება, მას კონკრეტული სარგებელი ამ ეტაპზეც მოაქვს.

რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „რუბინმა“ „სოჭის“ უმასპინძლა, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ნაკრებიდან დაბრუნებული ქართველი სასტარტოში არ დააყენა, რადგან გამოუძინებელი და დაღლილი იყო. ამ დროს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ და არა მარტო ქულების მოსაპოვებლად და სატურნირო მდგომარეობის განსამტკიცებლად. საქმე ისაა, რომ გასული წლის ივლისის შემდეგ სტადიონზე პირველად მივიდა თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მანიხანოვი, რომელიც ვიპ-ლოჟაში მეტოქე კლუბის მფლობელ ბორის როტენბერგთან ერთად იჯდა. მანიხანოვს თურმე, ფეხბურთზე უფრო მეტად ჰოკეი უყვარს, მაგრამ იმ დღეს ყაზანში „აკ ბარსის“ თამაშზე არ წავიდა და „რუბინის“ შეხვედრაზე დასწრება გადაწყვიტა.

„БИЗНЕС Online“-ს ცნობით, „რუბინს“ რესპუბლიკის პირველი პირის წინაშე არ სურდა სირცხვილი ეჭამა და უნდოდა გაემარჯვა. კლუბის მთავარი სპონსორი, მსხვილი რუსული ჰოლდინგი „ТАИФ“-ი, რომელიც თათრეთში ქიმიურ, ნავთობქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას დიდწილად აკონტროლებს, დაფინანსების გაზრდას არ პირებს და ამ სიტუაციაში მანიხანოვის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, გუნდს ხომ გასაძლიერებლად დამატებითი დაფინანსება დასჭირდება და ამ დახმარების აუცილებლობაში რესპუბლიკის პირველი პირი უნდა დაარწმუნონ.

„სოჭი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მეკარე იური დიუპინმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, საქმეს კარგი პირი არ უჩნდა, მეორე ტაიმში კი მოედანზე ხვიჩა შევიდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და როგორც იტყვიან, „თამაში გააკეთა“. კვარაცხელიას გოლმა კი ისე გაახარა მანიხანოვი, რომ სიხარულისგან კინაღამ ლოჟიდან გადახტა.

Sportall.Ge

გამოცემამ მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა სათაურით - „ესპანეთი, საბერძნეთი, „სოჭი“: ხვიჩა დიღალა, მაგრამ „რუბინს“ გამარჯვება მოუტანა“ და აღნიშნა, რომ როდესაც შეხვედრის ბოლოს ჩვენებურმა მეტოქეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა, არენაზე მაყურებელი აგუგუნდა და ჰოკეის ნაცვლად ცივ ამინდში მისულმა 6 500-მა გულშემატკივარმა არჩევანის ფეხბურთის სასარგებლოდ გაკეთება არ ინანა. სწორედ კვარაცხელიას დარი ფეხბურთელების თამაშის სანახავად დადიან ქომაგები ფეხბურთზე და დღეს ის ისევ შეუტევს, ამჯერად როსტოვში ადგილობრივი გუნდის კარს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია რუბინის ოფიციალურ ვებ გვერდზე მის ვიდეოებს და პოსტებს ათასობით და ასიათასობით ნახვაა და მოწონება აქვს ყველა აჰრთოვანებულია მისი თამაშით რუსეთში და ახლა ევროპაშიც უფრო მეტად ინტერესდებიან უფრო მეტად აკვირდებიან და დარწმუნებული ვარ დარჩენილ სეზონშიც დაკვირდებიან და მომვალ სეზონში კარგ ჩემპიონატში გადავა ხვიჩა წარმატებები მას.
ძალიან გული მწყდება გიორგი ჩაკვეტაძეზე 2 წელია ფაქტიურად ეს ბიჭი არ თამაშობს რომელიც არანაკლებ ნიჭიერია ხვიჩაზე რამდენიმე დღის წინ გენტის ფაცებუკის გვერდზე დავწერე რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება გენტს გაძლიერბსთქო და გენტის ბელგიელმა ფანებმა დამცინეს ასეთი დამოკიდებულება აქვთ უკვე გენტის ბელგიელ გულსემატკივარს სამწუხაროდ ბელგიაში ჩაკვეტაძე უკვე მიიჩნევა დიდ იმედ გაცრუებას გენტისთვის იმედი აქვს მომავალ სეზონში გამოჯამრთელდება და დაიწუებს თამაშს ჩაკვეტაძე კვარაცხელია ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი და თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ ამ ბიჭებს წარმატებები ორივეს.
გელა
02:05 10-04-2021
2
ხვიჩამ დაიმსახურა ყველაფერი თავისი თამაშით და რუბინმაც და სლუცკიმაც დიდი როლი შეასრულეს მის განვითარებაში ამისთვის დიდი მადლობა მათ იმედი მაქვს რომ სეზონის ბოლომდე კიდევ გამოიჩენს თავს კიდევ გაიტანს და გახარებს გულშემატკივარს,ხოლო რაც შეეხება მის ტრანსფერს როგორც ვიცი ხვიჩას უნდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და თავდაუზოგავად შრომობს ამისთვის და წარმატებას ვუსურვებ მას იმედი მაქვს მომვალ სეზონში ტოპ ჩემპიონატის კარგ კლუბში გადავა სადაც ბევრ სათამაშო დროს მიიღებს.
ზურა
01:56 10-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული