ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩას გოლისას თათრეთის პრეზიდენტი კინაღამ ლოჟიდან გადახტა - რა ფინანსური სარგებელი მოაქვს ქართველს „რუბინისთვის?

AutoSharing Option
„რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატზე წინ მიიწევს და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდეს. ყაზანური გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. ამაზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. მით უმეტეს, ჯერ კონკრეტული სიახლე არაფერია. მხოლოდ ქართველი ლეგიონერის როლზე მოგახსენებთ.

მას „რუბინში“ იდეალური პირობები შეუქმნეს, თავზე ჰყვებიან, თავს იქ ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა დონეზე საჭირო რეკლამასაც უკეთებენ. იმსახურებს კიდეც - როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. თუმცა, ტყუილად არავინ არ
გაუწევს ასეთ სამსახურს, ის იმედებს ამართლებს და იმედი აქვთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაამართლებს. აქ საქმე მხოლოდ კვარაცხელიას მომავალი ტრანსფერით კლუბის ხაზინის შევსებას როდი ეხება, მას კონკრეტული სარგებელი ამ ეტაპზეც მოაქვს.

რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „რუბინმა“ „სოჭის“ უმასპინძლა, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ნაკრებიდან დაბრუნებული ქართველი სასტარტოში არ დააყენა, რადგან გამოუძინებელი და დაღლილი იყო. ამ დროს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ და არა მარტო ქულების მოსაპოვებლად და სატურნირო მდგომარეობის განსამტკიცებლად. საქმე ისაა, რომ გასული წლის ივლისის შემდეგ სტადიონზე პირველად მივიდა თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მანიხანოვი, რომელიც ვიპ-ლოჟაში მეტოქე კლუბის მფლობელ ბორის როტენბერგთან ერთად იჯდა. მანიხანოვს თურმე, ფეხბურთზე უფრო მეტად ჰოკეი უყვარს, მაგრამ იმ დღეს ყაზანში „აკ ბარსის“ თამაშზე არ წავიდა და „რუბინის“ შეხვედრაზე დასწრება გადაწყვიტა.

„БИЗНЕС Online“-ს ცნობით, „რუბინს“ რესპუბლიკის პირველი პირის წინაშე არ სურდა სირცხვილი ეჭამა და უნდოდა გაემარჯვა. კლუბის მთავარი სპონსორი, მსხვილი რუსული ჰოლდინგი „ТАИФ“-ი, რომელიც თათრეთში ქიმიურ, ნავთობქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას დიდწილად აკონტროლებს, დაფინანსების გაზრდას არ პირებს და ამ სიტუაციაში მანიხანოვის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, გუნდს ხომ გასაძლიერებლად დამატებითი დაფინანსება დასჭირდება და ამ დახმარების აუცილებლობაში რესპუბლიკის პირველი პირი უნდა დაარწმუნონ.

„სოჭი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მეკარე იური დიუპინმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, საქმეს კარგი პირი არ უჩნდა, მეორე ტაიმში კი მოედანზე ხვიჩა შევიდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და როგორც იტყვიან, „თამაში გააკეთა“. კვარაცხელიას გოლმა კი ისე გაახარა მანიხანოვი, რომ სიხარულისგან კინაღამ ლოჟიდან გადახტა.

Sportall.Ge

გამოცემამ მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა სათაურით - „ესპანეთი, საბერძნეთი, „სოჭი“: ხვიჩა დიღალა, მაგრამ „რუბინს“ გამარჯვება მოუტანა“ და აღნიშნა, რომ როდესაც შეხვედრის ბოლოს ჩვენებურმა მეტოქეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა, არენაზე მაყურებელი აგუგუნდა და ჰოკეის ნაცვლად ცივ ამინდში მისულმა 6 500-მა გულშემატკივარმა არჩევანის ფეხბურთის სასარგებლოდ გაკეთება არ ინანა. სწორედ კვარაცხელიას დარი ფეხბურთელების თამაშის სანახავად დადიან ქომაგები ფეხბურთზე და დღეს ის ისევ შეუტევს, ამჯერად როსტოვში ადგილობრივი გუნდის კარს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ