გვახსოვს, გულშემატკივრები როგორი დანანებით შეხვდნენ "ჩელსის" ბრაზილიელი ფლეიმეიკერი ოსკარის ევროპიდან ადრეულ ასაკში ჩინეთში გადაბარგებას. ფეხბურთში მიღებულია, რომ "ბებერ კონტინენტს" კარიერის ბოლოსკენ ტოვებენ. ყაზაიშვილის შემთხვევაში ასე არ იყო - "ვიტესთან" ერთად ვაკო ძალიან კარგად გამოიყურებოდა, უკანასკნელ
2 სეზონში ერედივიზიონში 21 გოლი შეაგდო და არც ნიდერლანდური გრანდების კარები დარჩენია აუღებელი. თუმცა, საკმაოდ მოულოდნელად, ევროპიდან სათამაშოდ ჩრდილოეთ ამერიკაში წავიდა.
რაც "ულსან ჰიუნდაის" შემტევის სანაკრებო ამბებს შეეხება - ისე ხდება, ვაკოს ხშირად ახსენებენ სერბეთის ნაკრებთან მატჩსა და ჯანო ანანიძის მისამართით არგაკეთებულ პასს. კონკრეტულ ეპიზოდზე ჩაჭიდებით შორს ვერ წავალთ. ისიც გვახსოვს, ცუდ ფორმაში მყოფი ყაზაიშვილი მოლდოვასთან თამაშში ცვლილებიდან რომ ჩაერთო და მწარე მარცხს გადაგვარჩინა.
ესტონეთის კარში გატანილი გოლი - ასეთი რამ ბევრს ნამდვილად არ შეუძლია და ხელს ვარსკვლავებიც მოაწერენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 28 წლის ყაზაიშვილი ეროვნული გუნდის ამჟამინდელ წევრებს შორის მეორე საუკეთესო ბომბარდირია და ოქრიაშვილს 1 გოლით ჩამორჩება.
უთამაშებელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში გადაფრენა-გადმოფრენებში დაღლილი შეხვდა ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიულ ფინალს და ყველაფერმა ერთად მის გამოსლას დაღი დაასვა. ვლადიმირ ვაისი მაინც ბოლომდე ენდო და ფაქტობრივად, მთელი შეხვედრის განმავლობაში მისგან ოსტატობის გამოვლენას ელოდა, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა, არც ვაკოს...
საქართველოს ნაკრების შემტევი, რომელიც ახლა სამხრეთ კორეაში ნელ-ნელა ფორმასაც იბრუნებს, ვილი სანიოლის სადებიუტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, აქ არაერთი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, კოვიდ-რეგულაციებიც...
ვაკო ჯერ მხოლოდ 28 წლისაა. ეს ის ასაკია, როცა გარკვეულ შეცდომებზე უკვე საკუთარი გამოცდილებითაც სწავლობ, მეტად ღვინდები და იმასაც იაზრებ, საფეხბურთო კარიერაში მეტის მისაღწევად ნაკლები დრო რომ გრჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკოს, ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან განსხვავებით, შესაშური ფიზიკა აქვს და კარიერის მანძილზე, ფაქტობრივად, ტრავმა არ მიუღია.
10 ნომერზე შემქმნელი ფეხბურთელები აშკარად გვაკლია. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში ვერა და ვერ ჩადგა, თორნიკე ოქრიაშვილიც ხშირად ტრავმიანობს; ყაზაიშვილმა კი უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია, ახალი თაობის ლიდერებთან ერთად, ეროვნული ნაკრების სტაბილური წევრი იყოს. ვაკოს ნიჭის პატრონს ეს ნამდვილად შეუძლია.