გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საკუთარ მოედანზე გიბრალტარის "ლინკოლნს" დაუზავდა (1:1), მაგრამ ვინაიდან პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდა (3:1), შემდეგ ეტაპზე გავიდა და პლეი-ოფში საბერძნეთის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. ქართველმა ლეგიონერებმა სრულად და შეცდომების გარეშე ითამაშეს. ნამატჩევს ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთში დაუჯერებელი რამეები ხდება. თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა. არავის აქვს ჩვენს გუნდში ასეთი პრიმიტიული შეცდომის დაშვების უფლება. მეკარე მიხალ შულას შანსი მივეცი, მან კი შეცდომა დაუშვა. ეს არ უნდა
მომხდარიყო.
ოთხი თუ ხუთი კარგი მომენტი გვქონდა და მატჩის ბედი ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. ჩვენ ამაზე მუშაობა გვჭირდება. მიხარია, რომ პლეი-ოფში გავედით, ეს გვჭირდებოდა. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ.
შულა სულელურად მოიქცა, გაძევებული ვერნონ დე მარკო კი - კიდევ უფრო პრიმიტიულად. იცოდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და მაინც მიიღო კიდევ ერთი ყვითელი ბარათი. დავსჯი", - განუცხადა ვაისმა RTVS-ს.