ვაისი: ეს იყო გაკვეთილი - მეტი არ შეგვეძლო

AutoSharing Option
„სლოვანი“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად 0:2 დამარცხდა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენთან“ და გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ „კოპენჰაგენს“ პლეი-ოფის საგზური ადრევე ჰქონდა გარანტირებული და მისმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა 18 წლის 6 ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

„მე ამას რეალობას ვუწოდებდი. როდესაც მეტოქე გჯობნის, თავი უნდა დახარო, გამარჯვება მიულოცო, წახვიდე და მუშაობა გააგრძელო. ვიცით, სად გვაქვს ნაკლი და სრულყოფისათვის ვიმუშავებთ. საერთაშორისო ფეხბურთის დონესთან მისაახლოვებლად
მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც უნდა ისწავლონ.

მოწინააღმდეგის პრესინგისას გვიჭირდა. მეტოქე უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, მოაზროვნე მწვრთნელი, დიდი კლუბია და მჯერა, შორს წასვლა შეუძლიათ. აგრეთვე მჯერა, რომ ჩვენი გუნდი შესაბამისი ტრანსფერების შედეგად გაძლიერდება. ფიზიკური მომზადების გაძლიერებაზე გვჭირდება მუშაობა, ზაფხულში ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო ან მოუმზადებლები იყვნენ. ამ ტურნირზე კარგი გაკვეთილი მივიღეთ.

ოცნების ასასრულებლად კლუბში მუშაობის გაგრძელებაა აუცილებელი. ეს ხანგრძლივი პროცესია, მას ერთ და ორ თვეში ვერ მიაღწევ. 1-2 პოზიციაზე გაძლიერებას ვაპირებთ და ვნახოთ, რას მოგვიტანს ზამთარი. ზოგიერთი დაგვტოვებს, შანსს ახალგაზრდები მიიღებენ. მოცემულ მომენტში უფრო მეტის მიღწევა არ შეგვეძლო“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული