ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

2 ქართველი ევროთასებზე - "გენტი" აღარ გვაინტერესებს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები მხოლოდ ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე შემორჩნენ. მოგეხსენებათ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გამო დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ახლად შექმნილ გათამაშებაში ასპარეზობას მერვედფინალიდან გააგრძელებს, ახლა კი 1\16-ფინალის დროა. აქ ჩვენი წარმომადგენელი არ უნდა გვყოლოდა, თუმცა აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" ლუკა გუგეშაშვილი გადაბარგდა...

ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე ბელგიურმა "გენტმაც" დაასრულა, რომელიც ასევე ერთი ეტაპის შემდეგ ითამაშებს, თუმცა ამ კლუბის ამბები უკვე აღარ გვაინტერესებს - გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" ვგულშემატკივრობთ...

აზერბაიჯანელები პირველ მატჩში საფრანგეთში "მარსელს" ესტუმრებიან. ქართველი მეკარის ახალმა გუნდმა ჯგუფში შვეიცარიულ "ბაზელზე" 3
ქულით ნაკლები დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა. ოთხეულის წევრები კვიპროსული "ომონია" და ყაზახური "კაირათიც" იყვნენ. რაც შეეხება "ოლიმპიკს" - ფრანგებმა აქ ევროპა ლიგიდან გადმოინაცვლეს, სადაც "გალათასარაისა" და "ლაციოს" ჩამორჩნენ, მოსკოვის "ლოკომოტივს" კი აჯობეს...

გუგეშაშვილი, რომელიც ვილი სანიოლს უკვე საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც ჰყავდა მიწვეული, ახალ გუნდს მშვენივრად მოერგო. 22 წლის კიპერი პირველი ნომერია. მისი კონკურენტი ახლა ემილ ბალაიევია, რადგან შარშუდინ მაჰამადალიევს ტრავმა აქვს.

"მარსელი", როგორც ყოველთვის, ანგარიშგასაწევი გუნდია. მის რიგებში გამორჩეულები არიან "რომას" ყოფილი თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი და 34 წლის ვეტერანი დიმიტრი პაიე. ძირითადი კიპერი უკვე ესპანელი პაუ ლოპესია და არა ვეტერანი სტივ მანდანდა...

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრების მეკარე აზერბაიჯანში ითამაშებს

ასევე დაგაინტერესებთ