მამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება მადრიდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ ექვსი მშრალი შეხვედრის შემდეგ გოლი გაუშვა, თუმცა მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

პირველ ტაიმში საშუალო ტემპი იყო, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, გუნდები უხიფათოდ უტევდნენ. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც 27-ე წუთზე პალასონის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა. „ვალენსიამ“ კი პირველივე შანსი გამოიყენა - 57-ე წუთზე სოლერის დარტყმული ბურთი რიკოშეტით მადრიდელთა
კარში გავიდა. ეს პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მისი მეათე გოლია. 75-ე წუთზე პალასონმა ისევ დაარტყა და გიორგიმ ლამაზ ნახტომში არ დაანება გატანა. 82-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რაჩიჩმა კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და მალე გვარდიოლამ ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილი ამ მომენტში უშანსოდ გახლდათ. ბოლოს მადრიდელები შტურმზე გადავიდნენ და ქართველმა გოლკიპერმა პალასონსა და ნტეკას არ გაატანინა, რაც კინაღამ ტრავმის ფასად დაუჯდა.

„ვალენსია“ 42 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 აპრილს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“. 9 302 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 სოლერი (57), 1:1 გვარდიოლა (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
შესანიშნავად ითამაშა;
გოლი მისი ბრალი არ იყო;
ბოლო წამებზე მეტოქეს ფეხებში ჩაუხტა და მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ კარი გადაარჩინა.
მგონი, მსოფლიო დონის მეკარე გვეზრდება!
ILIA
01:43 12-04-2022
0
რამხელა განსხვავებაა დღევანდელ და შემოდგომის მამარდაშვილს შორის.შემოდგომითაც იღებდა რთულ დარტყმებს,მაგრამ ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა შინაგანი დაძაბულობა,თავდაუჯერებლობა.დღეს კი წამითაც არ მიგძვნია მისი მხრიდან რაიმე ყოყმანი ან დაბნეულობა.პირველ ტაიმში აღებულ დარტყმას კი,მსოფლიოს ვერც ერთი მეკარე ვერ დაიდანაშაულებდა თავს,რომ უნდა აეღო და ვერ აიღო.გიორგიმ კი,ამ სიმაღლე კაცმა,მაინც მოასწრო რეაქცია.70 წუთის მერე,ვალენსია უკან ჩაჯდა და თამაში მოეშალა.ვეელოდი,რომ გაუშვებდნენ.ალბარეტეს წუთით ადრე დახმარება დასჭირდა,სირბილი უჭირდა.გოლის შემდეგ,მეორე ცენტრალური მცველიც შეცვალეს,ესე იგი,მასაც პრობლემები ჰქონდა.გოლის მომენტში, მცველებმა აშკარად დააგვიანეს აჩქარება და იმ დარტყმის გაშვება,გიოს ვერაფრით დაბრალდება,ძალიან კარგად დაარტყა.სადღაც ეწერა,თუ გიო 84 წუთს არ გაუშვებს,ვალენსიას ყველა დროის რეკორდს დაამყარებსო.როცა გოლი გავიდა,წამმზომს შევხედე და 82,46 იყო.ესე იგი,თუ რეკორდი მართლაც მასე იყო,მის გამეორებამდე,სულ 14 წამი დააკლდა გიოს.ამაზე მართლაც ვწუხვარ.
სოსო
01:30 12-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული