"ვალენსია" მუდმივი ცვლილებებით...
"ღამურების" უფრო წინანდელ თავკაცებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. გუნდის ხელმძღვანელობამ აქცენტი გამოცდილ და წარმატებულ სპეციალისტზე ისევ არ (ან ვერ) გააკეთა და გუნდში გატუზო მიიწვია. მას განსაკუთრებული შედეგები შვეიცარიულ "სიონში" (მოთამაშე მწვრთნელი), "პალერმოში", ბერძნულ "ოფში" (სადაც გიორგი ლორია თამაშობდა) და "პიზაში" არ ჰქონია. ფეხბურთელობისას მის საუკეთესო კლუბ "მილანში" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" 44 წლის იტალიელი ყველაზე სოლიდურად და შედარებით, დიდი ხნით მუშაობდა. ჯენარო ჯერ კიდევ საკუთარი სტილის ძიებაშია.
როგორი გუნდია?
როგორც ჩანს, გატუზოს თამაში 4-3-3 ტაქტიკით წარმოუდგენია. არადა, გუნდი 4-4-2 ან 4-5-1 ტაქტიკით გამოსვლასაა შეჩვეული და გადართვა მარტივი არ იქნება. იტალიელი ცდილობს, მისმა მეკარემ და დაცვის ხაზმა შეტევები მოკლე პასებით დაიწყონ და უკანა ხაზი მაქსიმალურად ზემოთ აწეული იყოს. ამავდროულად, "რინო" გარემარბებისგან დატვირთული სამუშაოს შესრულებას ითხოვს.
"შტუტგარტთან" ცხადი იყო, რომ დაცვის ხაზს სიახლეებთან ადაპტირება უჭირს, რაც მეკარე მამარდაშვილს პრობლემებს უქმნის - იძულებულია, კარი დატოვოს და თამაშში ფეხით ხშირად ჩაერთოს. ქართველმა მეკარემ სერიოზული შეცდომაც დაუშვა. შეხვედრების დროს "მამარდაზე" საკმაოდ დიდი ზეწოლა მიდიოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ტაქტიკას არ ვაბრალებთ, მაგრამ არც უმაგისობაა. მწვრთნელმა საკუთარი ხაზის გატარება უნდა სცადოს, თუმცა მისი გადაწყვეტილებები მაინც არსებული კონტინგენტის შესაძლებლობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
გავიხსენოთ "სტ. გალენთან" გატანილი მეორე გოლი და ამით გუნდის სტილს უკეთ გავიგებთ. "ვალენსიამ" საკუთარი ნახევრიდან ბურთი ოთხი პასით ამოიტანა, რის შემდეგაც სოლერმა გრძელი პასი მისცა მარკოს ანდრეს, მან კი გედეშს გაატანინა. გატუზო ბურთის ფლობაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ მას იმ ადგილებში აკონტროლებს, საიდანაც მეტოქეს საფრთხეს შეუქმნის. ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო, რათა ყოველივე მიმდორზე კარგად გადაიტანონ.
გვარდიოლას "ბარსელონას" ტაქტიკა იმას გულისხმობდა, რომ ბურთი მოწინააღმდეგის მოედანზე დაკარგვისთანავე მოეპოვებინა და ამით შეტევაში უპირატესობა შეექმნა, დღევანდელ "ვალენსიაში" კი მსგავსი შესაძლებლობების მოთამაშეები არ არიან. ესპანეთში ხუმრობით დაიწერა, გატუზოს გუნდს "ტიკი" აქვს და "ტაკა" არაო.
გაძლიერება და საკადრო რესურსი
ფაქტია, რომ იტალიელ სპეციალისტს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მის გეგმებს რეალობად აქცევენ. მამარდაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, არ გვსურს მაგალითი მაინცდამაინც მეკარეზე მოვიყვანოთ, თუმცა ზემოხსენებულმა გვარდიოლამ ჯო ჰარტი "სიტიდან" იმის გამო გაუშვა, რომ ის ფეხით ცუდად თამაშობდა და გუნდის კარი ამ კომპონენტში გამორჩეულ ედერსონს გაუღო. ამით იმის თქმა გვინდა, ჯენარომ ზუსტად უნდა შეარჩიოს ის ტაქტიკა, რაც მის გუნდს უკეთესს გახდის. გარდა ამისა, ე.წ. მეორე გეგმაც უნდა არსებობდეს.
რაც შეეხება კონტინგენტს - გასული სეზონიდან გამომდინარე, გაბრიელ პაულისტას თამაშზე დაცვის ხაზში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. "შტუტგარტს" ორივე გოლი კიდევ ერთმა ბრაზილიელმა, "ვალიადოლიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა, 25 წლის მარკოს ანდრემ გაუტანა, თუმცა მას "ასისტები" უკეთ გამოსდის. წელს უფრო მეტი დრო 19 წლის ამერიკელმა იუსუფ მუსამაც უნდა მიიღოს, ისევე, როგორც 20 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა კობა კოინდერმა. გონსალო გედეშზე კი ისევ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
უახლოესი გეგმები
"ლა ლიგის" ახალი სეზონი 14 აგვისტოს დაიწყება. მანამდე "ვალენსია" კიდევ 3 შეხვედრას ჩაატარებს - ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტთან", ვალენსიურ "კასტელონთან" და იტალიურ "ატალანტასთან". იმედია, ვალენსიელები და გიორგი მამარდაშვილი მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.
eldesmarque: მამარდაშვილის გამო სილესენი უკვე "ვალენსიას" პრობლემაა
მართალია სკეპტიკურად ვუყურებ მის სამწვრთნელო საქმეს -წარმატებას ვუსურვებ.