ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, ევროტურნირების მესამე შესარჩევი რუნდის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა


„სლოვანმა“, რომელიც პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, სახლში პირთამდე სავსე სტადიონზე სამწუხარო მარცხი განიცადა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვლავ სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მხოლოდ კანკავა შეცვალა 90-ე წუთზე. "სლოვანი" 0:1-ს აგებდა, 90+4-ე წუთზე საპონჯიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 97+7-ე წუთზე მსაჯმა ბრატისლაველთა მცველი აბენა გააძევა და დამატებითი დრო დაინიშნა. 101-ე წუთზე გვინეელმა ლეგიონერმა კამარამ ბერძნული გუნდი დააწინაურა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ბრატისლაველები თითქოს განწირულები იყვნენ, მაგრამ 108-ე წუთზე კაშიას პასით გრინმა თანაფარდობა აღადგინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც პირეოსელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს. სამწუხაროდ, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა. არადა, ის ძალიან აქტიური და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

"სლოვანი" კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და პლეი-ოფში ბოსნიის" "ზრინსკის" შეხვდება - 18 აგვისტოს მოსტარში, 25 აგვისტოს კი ბრატისლავაში.

კონფერენს ლიგა

„აპოელმა“ ნურ-სულთანში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია „კიზილ-ჟართან“ და რადგან პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდა (1:0), პლეი-ოფში გავიდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო გიორგი ივანიაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. სტუმართა რიგებში სათადარიგოთა შორის დარჩა ბუბა დაუშვილი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყვნენ. ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მალე ითამაშებს. შემდეგ ეტაპზე ნიქოზიელთა მოწინააღმდეგე შვედეთის "იურგორდენი" იქნება.

„რაკუვში“ რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდა ვაკო გვილია, თან სასტარტოში და 88-ე წუთზე შეცვალეს. პოლონურმა კლუბმა ისევ სძლია ტრნავის „სპარტაკს“, ამჯერად 1:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდება.

„ფეჰერვარმა“, რომელმაც ერთი კვირის წინ „პეტროკუბი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, კიშინიოვშიც გაიმარჯვა (2:1). ისე როგორ იქნებოდა, ბუდუ ზივზივაძეს არ გაეტანა - სეკეშფეჰერვარელთა თავდამსხმელი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მან დუბლი შეასრულა და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ამ სეზონში ტურნირზე 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 წაგების მერე „ლეხი“ პოზნანში ისლანდიელებს 2:0-ზე ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა კომპენსირებულ დროში ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს და ექსტრა ტაიმი დაინიშნა, რომელშიც პოლონურმა კლუბმა მეტოქე დაჯაბნა და 4:1 გაიმარჯვა. ნიკა კვეკვესკირი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა. ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელ მატჩებში პოზნანელები ლუქსემბურგის "დუდელანჟს" შეხვდებიან.

„ნეფთჩიმ“ სახლში 4 აგვისტოს ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“, ხოლო დღეს ვენაში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი გაუშვა, 0:2 წააგო და ტურნირიდან გამოვარდა. საბა კვირკველია სასტარტოში იყო და 118-ე წუთზე შეცვალეს.

„ჟილ ვისენტემ“ ლატვიაში ფრეს მიაღწია "რიგასთან" (1:1), ამჯერად კი საკუთარ მოედანზე 4:0 იმარჯვა. გიორგი აბურჯანია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პორტუგალიელთა შემდეგი მეტოქე "ალკმაარია".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვაისს მადლობა რომ წაიყვანა, ენდო და ფორმაში შედის ჩაკვე, ვინც თამაშს უყურა საუკეთესო იყო სანამ სიქა გაძვრებოდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, ფიზიკურად უჭირს კიდევ რა თქმა უნდა, ბოლოს ძლივს დადიოდა მაგრამ გაიხსენეთ რა გადაიტანა და 10-15 წუთი რომ თამაშობდა ის გვიხაროდა, ეხლა 120 წუთი ითამაშა, ბოლო-ბოლო მისი ფორმაში შესვლა გვინდა, თორემ სლოვანი კი არა ჩვენი კლუბები ვერ მოგვინელებია
კაკო
12:14 12-08-2022
1
წარმატებები ჩაკვეტაძეს... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
12:02 12-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული