რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

AutoSharing Option
სანამ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება, ჩვენ პერიოდულად ჯერ კიდევ ძველი გავიხსენოთ, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპა გააოცა. 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ნეაპოლელებმა "ტორინო" (3:1) დაამარცხეს. ქართველი გარემარბის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი იყო, თუმცა ყველა საგოლე ეპიზოდში დიდი წვლილი შეიტანა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც გასული წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა...

როცა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური კარიერა შთამბეჭდავად (საწყის 2 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი) დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები ხშირად ობიექტურად, ზოგჯერ კი ნაკლებად, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიმართ სხვადასხვა მიზეზით იყვნენ
უკმაყოფილო - "კვარას" ნაადრევი შეცვლა, მისი საჯარო კრიტიკა, პენალტის არშესრულება... გავიდა გარკვეული დრო და ვხედავთ, ქართველი გარემარბი ყველა კომპონენტში უკეთესი ხდება და ამაზე ყოველთვის მივანიშნებდით - იმხელა ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელისგან, როგორიც ხვიჩაა, მწვრთნელები მუდამ სხვაზე ცოტათი მეტს მოითხოვენ. ლეონიდ სლუცკის ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კვარაცხელიას განვითარებაში მას თავისი სოლიდური წვლილი მიუძღვის.

Sportall.Ge

თუკი ხვიჩა ვინმეს მხოლოდ დრიბლინგის ხარჯზე გამორჩეული ეგონა, "ტორინოსთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "კვარას" ბევრი სხვა რამ შეუძლია ისეთი, თანამედროვე ფეხბურთში ასე რომ ფასობს. ჩვენ კი აქამდეც ვიცოდით და უშუალოდაც გვენახა, მაგრამ სპალეტი ახლა დანამდვილებით დარწმუნდა, რომ ქართველ შემტევს პასის კარგი კულტურა აქვს. ინდივიდუალისტ მოთამაშეებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ პარტნიორი "შეიმჩნიონ". ყველაფერთან ერთად, დრიბლინგისას დაკარგული ბურთი, შესაძლოა, გაშვებულ გოლად დაგიჯდეს, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა, ამა თუ იმ ფებურთელის მიერ თამაშის საკუთარ თავზე აღება, გამწვავება და გატანა რომ არა, გამარჯვება მხოლოდ რისკის მინიმუმამდე დაყვანით მოხერხდება?!

ტურინელებთან დაპირისპირება იყო ის მატჩი, სადაც კვარაცხელიას თითქოს მაქსიმალურად კარგად იცავდნენ. ქართველს წარმატებული დრიბლინგები, თვით "ლივერპულის" მცველებს თავბრუ რომ დაახვია, არ გამოუვიდა, მაგრამ თამაშის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ტაქტიკურ ნიუანსებში აშკარად უკეთ განსწავლულ ჩვენებურს ვხედავთ, რომელიც გუნდურ მექანიზმში ძალიან კარგად ჯდება.

"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.

მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.

Sportall.Ge

მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია, ყველა ტურნირზე ერთად მას 33 წაუგებელი შეხვედრა აქვს, სადაც 20 გოლი გაიტანა და მატჩი, ფაქტობრივად, არ ჩაუგდია, ყველგან გამორჩეულია...

იტალიური ამბების დაწყების შემდეგ კვარა უფრო და უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდება. შემთხვევითი შეიძლება იყოს, რომ მისი შეცვლის დრომ ასე გადაიწია? სანაკრებო პაუზის შემდეგ მოთამაშეები გადაღლილები არიან და ამ დროს ხვიჩას ტიპის ფეხბურთელის ადრევე დასვენება ყველაზე ლოგიკურია ხოლმე, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე კარგად გრძნობს, კვარაცხელიას ფიზიკურად კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია. ისიც ვიცით, მოთამაშეები შეცვლას თავად ითხოვენ. ჩვენებურის შემთხვევაში ასეთი არ გვახსოვს, თავადაც დიდ ენერგიას გრძნობს.

ადრეც დავწერეთ, კვარაცხელიას ართმევები იგივე ესპანეთის ნაკრებთანაც გვინახავს და მალე ამ მხრივ სასაყვედურო არავის ექნებოდა და ხვიჩასგან მასაც შევეჩვიეთ, ისევე, როგორც მას მინდვრის ცენტრში და მარჯვნივ. ობიექტურად დავუშვათ, რომ საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე მატეო პოლიტანო იქნებ უფრო მეტი ბურთის მოპოვებას ახერხებს, შეტევაში ის ისეთივე პროდუქტიულია, როგორც ხვიჩა? შეცვლაზე შემოსული ირვინგ ლოსანოსგანაც საოცარი ვარდნა ვნახეთ, მაგრამ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ლიდერად მოაზრებული მექსიკელი საკუთარ ფლანგზეც კი უალტერნატივო აღარაა...

Sportall.Ge

მაინც ვილი სანიოლის ნათქვამს დავუბრუნდეთ და ხვიჩა "ცაში" ბოლომდე არ ავიყვანოთ. რატომ გვგონია წარმოუდგენელი, "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოს და ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს? - ჰოდა, თუკი ასე არ მიგვაჩნია, მაშინ სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვხედავთ, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უკვე გაუმჯობესებული აქვს, ცოტა ხანში უფრო თამამსა და კარგი გაგებით, სპორტულად "თავხედს" ვნახავთ, ძირითადი კი არ შეიცვლება - ის ისეთივე თავმდაბალ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და კეთილ ბიჭად დარჩება.

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩას მაგრად გაუმართლა სპალეტის შესანიშნავად მოთამაშე ნაპოლიში რომ მოხვდა.საოცრად ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს ამ ნაკლებად ცნობილმა ფეხბურთელებმა მათ შორის ჩვენმა ხვიჩამ.ვნახოთ ახალი მწვრვთვნელი რას იზავს.
ამაშია საქმე
20:41 22-07-2023
1
ვეთანხმები სტატიის ავტორს. ჩვენი ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბი იყო და არის მიხეილ მესხი. ზედიზედ 6-ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ საბჭოთა კავშირში (პირველ სეზონში საუკეთესო სამეულში შეიყვანეს). შედარებისთვის, ვლადიმერ გუცაევი 3 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ ამავე პოზიციაზე. ყიფიანის გარდა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო ვინც მსოფლიო ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ არც კი შეუტყვია ამის შესახებ; რუსებმა მის ნაცვლად იაშჩინს გაუწიეს რეკომენდაცია და მხოლოდ იმან ითამაშა სსრკ-ს მხრიდან უემბლიზე. ხვიჩა ძალიან ძლიერია ფლანგზე, მაგრამ ეს მაგის ერთადერთი კოზირი არ არის. ფლანგიდან ფლანგზე მაგის ბურთის გადანა პირველად რომ ვნახე გასაგები გახდა რომ პოტენციალურად მისი გავლენა მოედანზე გაცილებით ფართეა ვიდრე მხოლოდ მარცხენა ფლანგი მოედანის ერთი მესამედზე მეტოქის კარებთან. აქვს პოტენციალი გუნდის ლიდერი გახდეს და თამაშის წარმართვა თავის თავზე აიღოს. დროის და გამოცდილების ამბავია მხოლოდ.
გიორგი
15:12 22-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული