გასულ სეზონში ამ სტადიონზე გიორგი მამარდაშვილმა წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და კარგა ხნით დაკარგა სასტარტოში ადგილი, დღეს კი მართლაც ბრწყინვალედ გაისარჯა.
დებიუტში სტუმრები თავურით კავანიმ დააწინაურა. შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს. მამარდაშვილმა რაფა მირის ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა. ანდალუსიელთა გუნდის მწვრთნელი სამპაოლი თავის ზონაში შეუჩერებელი იყო, ალბათ, თავის ფეხბურთელებზე მეტს დარბოდა, მსაჯს ეკამათებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გიორგი დამაჯერებელი იყო და გუდელს არ დაანება გატანა, თუმცა 86-ე წუთზე ლამელამ სამიოდ მეტრიდან მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს "სევილია" შტურმზე გადავიდა. ქართველმა გოლკიპერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა "ღამურები". მერე სწრაფი კონტრიერიშისას კლუივერტი პაპუ გომესმა წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს. შემდეგ არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, პაპუ გომესის ნაცვლად წითელი ბარათი სალასს უჩვენა და პენალტი დანიშნა, მაგრამ გაიას დარტყმული ბურთი ბუნუმ მოიგერია და 90+15-ე წუთზე ეს დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 ოქტომბერს „მალიორკას“ უმასპინძლებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 37 353 მაყურებელი
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 კავანი (6), 1:1 ლამელა (86)
გაძევება: სალასი (90+11)
გამოუყენებელი პენალტი: გაია (90+14)