ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა" - განაცხადა სანიოლმა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე ქართველმა წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, ყველა აკვირდება, შესანიშნავი უნარების მქონეა, იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრება უმალ მოახერხა, თან შედეგიანობასაც მოუმატა, თანამედროვე ფეხბურთში სტატისტიკა მნიშვნელოვანია, იმედი ჰქონდა, რომ იტალიაში ასე დაიწყებდა, თუმცა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო, ამას არ მოელოდა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

სანიოლის თქმით, "ნაპოლი" ამ ეტაპზე ხვიჩასთვის იდეალური კლუბია, მაგრამ მისი ტიპის ფეხბურთელზე რაიმეს გადაჭრით ლაპარაკი შეუძლებელია; სადაც
უნდა თამაშობდეს, მწვრთნელის ნდობა სჭირდება; სპალეტისთან დიდებული ურთიერთობა აქვს და დარწმუნებულია, რომ მის პროგრესირებაში წვლილს შეიტანს.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ხაზი გაუსვა "კვარას" ამბიციურობას, რასაც ავლენს ვარჯიშებსა და ცხოვრების წესში; დიდი კარიერის ასაწყობად ყველა კომპონენტი კარგად დააბალანსა; ბევრს სურს, იყოს საუკეთესო, თუმცა, ხვიჩასგან განსხვავებით, ამისათვის ყველაფერს არ აკეთებენ; მთავარია, ზრდის ტემპი შეინარჩუნოს და მუდმივად დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლოს სანიოლს კითხვა დაუსვეს, შეიძლება თუ არა გამოჩნდეს ახალი ქართველი ვარსკვლავი. მან უპასუხა: "დიახ, ლუკა პარკაძე, რომელიც "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე გახდა".

ასევე დაგაინტერესებთ