ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას გაზრდილი ფაქტორი, მეტოქის ტაქტიკა ხვიჩას ირგვლივ და პენალტის არშესრულების ამბავი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაძაბულობა უხდება. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა განმეორებით მატჩში ყველაფერი თავდაყირა დატრიალებულა. "ნაპოლისთან" პირიქით მოხდა - ლუჩანო სპალეტის გუნდმა გერმანული "აინტრახტი" ულაპარაკოდ (ორი მატჩის ჯამში 5:0) დაჯაბნა.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იყო. წმინდა სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ორი რაუნდის განმავლობაში, ჩვენებურის ანგარიშზე საგოლე პასი (ფენომენალური) და გამოუყენებელი პენალტია, თუმცა საქმე გაცილებით მეტთან გვაქვს...

მაინც ვერ გარისკეს...

პირველი მატჩისგან განსხვავებით, ფრანკფურტელთა დაცვაში ტაქტიკური ცვლილება იყო. პორტუგალიელმა ბუტამ, რომელიც მაშინ მხოლოდ კვარაცხელიას მეურვეობით იყო დაკავებული და მარჯვენა ფლანგიდან
შეტევებს ვერ ახორციელებდა, 4-მცველიან განლაგებაში ითამაშა. ეს თითქოს იმას ნიშნავდა, რომ გერმანელები აუცილებლად გასატანი ორი გოლისთვის უფრო აქტიურად შეუტევდნენ და ჩვენებურს მეტი სივრცე უნდა დარჩენოდა. ყველაფერი ასე არ მოხდა. სტუმართა თავკაცმა გლასნერმა კარგად იცოდა, "კვარასთვის" მცირედი თავისუფლების მიცემაც რამდენ უსიამოვნებას ნიშნავდა და შეტევაში თამაში ისევ მხოლოდ ერთი, მარცხენა ფრთიდან გადაწყვიტა. ფაქტია, რომ ხვიჩა მატჩის დაწყებამდე, კედელზე მოხაზულ განლაგებაშიც უკვე სერიოზული ფაქტორია.

Sportall.Ge

პენალტის ამბავი

"ნაპოლის" სეზონის განმავლობაში ბევრს ვაქებთ, თუმცა ერთი პრობლემა სახეზეა - პენალტს საკმაოდ ხშირად ვერ იყენებენ. ტენდენციაც გამოიკვეთა - გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი შანსს ახალ მოთამაშეს აძლევს. ჩვენ სპალეტის გადაწყვეტილებები ხშირად მოგვწონებია, აქ კი საქმე ასეა, რომ ის ფეხბურთელებს თავის კვლავ გამოჩენის შესაძლებლობას მაშინვე არ აძლევს. შესაძლოა, ლუჩანო ფიქრობს, რომ ზედიზედ ორჯერ ვერგატანის შემდეგ, მისი შეგირდი მორალურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს საკმაოდ ლოგიკურია. ამავდროულად, თვითრწმენის დაბრუნება / ამაღლებისთვის ეს რეაბილიტაცია ადამიანურად საჭიროა.

ეს თემა ჩვენთვის აქტუალურობას რომ შეიძენდა, მაშინ მივხვდით, როცა "კვარადონამ"' გერმანიაში 11 მეტრის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. განმეორებითი შესაძლებლობის დრო მალევე, ისევ მეკარე კევინ ტრაპის წინააღმდეგ დადგა. შესაბამისად, ეს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვინახავს. ქართველის წინააღმდეგ კიპერი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კვარაცხელიას ცოტა უხასიათოდ ამყოფებდა. თუკი ხვიჩა გაიტანდა, განწყობასაც გაიუმჯობესებდა და მომავალში პენალტის მთავარ შემსრულებლადაც დარჩებოდა. აი, თუკი ვერ გამოიყენებდა, შესაძლოა ეს უარყოფითი ენერგია, რაც თერთმეტმეტრიანის შესრულებას უკავშირდება, საქართველოს ნაკრებშიც კი გამოჰყოლოდა, სადაც ძირითადი პენალტისტია.

"კვარა" მრავალ კომპონენტში გამორჩეული რომ არის, მის მიმართ ამხელა სიყვარული ამიტომაც არსებობს. ამ საკითხს პენალტის შესრულება-არშეარულება ვერაფერს შემატებს ან მოაკლებს. ამ დროს ხომ გატანა ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე და გამოუყენებლობას მტკივნეულად აღიქვმვამენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სპალეტი, ქართველმა გარემარბმა პენალტისტის ფუნქცია შეიძლება ისევ დაიბრუნოს? ამ დროისათვის ეს საქმე ისევ პიოტრ ზელინსკიმ გადაიბარა.

როცა თამასა მაღალია...

ლიონელ მესი წლების განმავლობაში ერთ თამაშს თუ ჩააგდებდა, მის მიმართ კრიტიკაც არსებობდა და გულისწყვეტაც. დიდების ბედი ასეთია, მათგან მუდამ სასწაულებს ითხოვენ და ის, რომ შეიძლება არსებობდეს დღე, როცა ყველაფერი არ გამოგდის, ბევრს იქნებ არც აინტერესებდეს. კვარაცხელიას არგენტინელ გენიოსს არ ვადარებთ, უბრალოდ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეხვედრაში ისეთ დრიბლინგს ვერ შემოგვთავთაზებს თუ ისეთ გოლს ვერ გაიტანს, როგორსაც  "ატალანტასთან." 77-ე ნომრის გუნდისთვის სასიკეთო თვისებებზე ზემოთაც დავწერეთ, სხვა მხრივ, ხვიჩას ტრაპმა არ გაატანინა, არადა, ამის შანსები ჰქონდა.

ის, რაც "კვარადონას" შეემთხვა, ყველა დიდ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს, როცა ბურთი აეჭრა და გვერდით ხაზზე გადავიდა. ქართულ-იტალიურ ემოციებში მსგავსება მართლაც არსებობს, ამას ჯერ თავად ფეხბურთელის, შემდეგ სპალეტისა და გულშემატკივრების რეაქცია მოწმობდა. ისეთი განცდები იყო, თითქოს ამ ეპიზოდით ორი მატჩის ბედი გადაწყდა. კვარაცხელიას მნიშვნელობა, კლასი, ცნობადობა, შედეგიანობა ასე იზრდება, ის კი პიროვნული ზრდის პარალელურად, ისევ უბრალოებას ავლენს, როგორც საფეხბურთო ასპექტებში, ასევე ადამიანური ემოციების გამოხატვაშიც.

ისე ვართ შეჩვეულნი, სამწუხარო იყო, რომ კვარცხელიასა და ოსიმენის საფირმო კომბინაცია ბოლო მატჩებში აღარ გამოდის. "აინტრახტთანაც" იყო ეპიზოდი, როცა ხვიჩამ ვიქტორი ისევ დროულად შეიმჩნია, თუმცა პასი არ გავიდა. თუკი იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში ხვიჩას გოლს თითქოს წინასწარ დაწერილივით ველოდით, ახლა იმავეს ნიგერიელ ფორვარდზე ვიტყოდით. "ოსის" ჯგუფურ ეტაპზე ბევრი გაუცდა და ნეაპოლელთა უხვგოლიანობაში მოკრძალებული წვლილი შეიტანა, გარდა ამისა, სერია "ა"-ს ზედიზედ ორ ტურში გატანილი არ ჰქონდა. "ცხრიანს" მონდომება ხომ არასდროს აკლია და წარმოვიდგინოთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერებული იყო.

Sportall.Ge

დიდი გეგმები

სპალეტის გუნდი ქვეყნის თასიდან რომ გამოვარდა, მთავარი მიზანი ორ ტურნირზე ძალების გადანაწილება გახდა. წარმოიდგინეთ, "ინტერთან" იანვარში მარცხის შემდეგ არსებული სიტუაცია რომ შენარჩუნებულიყო, ეს რა რთული გახდებოდა. ახლა ყველაფერი მარტივადაა - სკუდეტო ძალიან ახლოსაა და 18-ქულიანი უპირატესობის განიავებაზე ფიქრი უკვე უტოპია ხდება. ამავდროულად, პროგრამა-მინიმუმი, რაც უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, შესრულებულია. ასე რომ, სეზონის მიწურულს ნეაპოლელებმა დაღლილობის ნაცვლად, აღმაფრენა უნდა იგრძნონ. მიმდინარე სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, მინიმუმ, სამი გოლის ტრადიციას აგრძელებენ.

იტალიური დონე

იტალიურ ფეხბურთს ბოლო პერიოდში კრიზისი კი აქვს, თუმცა ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქაური კლუბების ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ იყო. წლეულს "ნაპოლი" რომ შიდა ასპარეზზე დაფრინავს და უახლოეს მდევრებს ძალიან აღემატება, შეიძლება ევროპული მასშტაბით ბევრს ეფიქრა, რომ ამის ერთ-ერთი ფაქტორი სერია "ა"-ს შედარებით დაბალი დონე იყო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდის გასვლამ ცხადყო, რომ ნეაპოლელთა სიძლიერეს სუსტი მოწინააღმდეგეები საერთოდ არ განსაზღვრავენ. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა. 

"ნაპოლის" ნეოთხედფინალში ვინც უნდა დაუპირისპირდეს, ძალიან საინტერესო დუელი კი გველის...

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

alt"კვარამ" და პოლიტანომ მეორე ტაიმში მოუმატეს და გამოსავალიც ვიპოვეთ" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ