ნიდერლანდურ "ტელეგრაფში" ჟურნალისტი მარსელ ვან დერ კრაანი წერს, რომ "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელებში გადაჭარბებული ფასი გადაიხადა და ერთ-ერთ მაგალითად გიორგი მიქაუტაძე მოჰყავს.
ვან დერ კრაანი აღნიშნავს, რომ მისლინტატმა გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა:
"ავიღოთ მიქაუტაძის მაგალითი. 2023 წლამდე მისი ფასი 2.5 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე მერყეობდა. ზაფხულში "მეცმა" 10 მილიონად შეაფასა, თუმცა მისლინტატმა
"აიაქსის" სახელით 10 მილიონი კი არა, 16 მილიონი გადაიხადა.
ფორბსი 14 მილიონად იყიდეს და ეს მაშინ, როდესაც მისი ფასი 4 მილიონით ნაკლებია. ავილაში "ანტვერპენს" 12 მილიონი გადაუხადა, როდესაც ბელგიურმა კლუბმა ის ერთი წლის წინ 4 მილიონად შეიძინა. ანალოგიური თანხა დაჯდა აკპომის ტრანსფერი, რომელიც ინგლისში 6 სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, შემდეგ "პაოკს" 1.2 მილიონად მიჰყიდეს, საბოლოოდ კი "მიდლსბრომ" 3 მილიონად შეიძინა და რომლის რიგებში ჩემპიონშიფში 28 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი კარიერაში. იქამდე 9 გოლზე მეტი არასოდეს გაუტანია. "აიაქსმა" კი მაშინვე გადაიხადა 12.3 მილიონი".
სატრანსფერო საკითხები ფეხბურთელების საქმე არაა და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შიდა საკლუბო ინტრიგების გამო სრულიად უსამართლოდ დაზარალებული მიქაუტაძე გამოდის, რომელსაც სათამაშო დროს ფაქტიურად არ აძლევენ.