16 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "კალიარის" უმასპინძლებს. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს ვალტერ მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობის გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.
გამოცემა წერს, რომ მცველებს კვარაცხელიას შესაჩერებლად მკაცრი და სისტემატური მეურვეობა აქვთ დაწესებული, გალიაში ჰყავთ გამომწყვდეული, რათა ერთი ერთზე თამაში შეუზღუდონ:
"გასულ სეზონში მარიო რუის მარცხენა ფლანგზე მოქმედებები და ოლივეირას მუდმივი აქტიურობა - ეს ფუნდამენტური მექანიზმი იყო, რაც ქართველს მოედნის ბოლო 30 მეტრში თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას აძლევდა. მაცარი ეცდება თავისი იდეის ფოკუსირებას ისე, რომ "კვარა"
უფრო პროდუქტიული გახადოს და მან მოწინააღმდეგეებს მეტი პრობლემა შეუქმნას".
ხვიჩასთან დაკავშირებით მაცარის ტაქტიკა დაკონკრეტებული არ არის, სავარაუდოდ იგულისხმება მისი სათამაშო დიაპაზონის გაფართოება და ნაწილობრივ დაცვითი ფუნქციებიდან განთავისუფლება.
მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ელიფ ელმასი ვერ მიიღებს, ოლივეირა გუნდს კიდევ გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება, მარიო რუიმ კი დღეს ნაწილობრივ ივარჯიშა და არაა გამორიცხული ხვალ ითამაშოს.
spazio napoli "კვარას" შესახებ მატჩისწინა სტატიაში აღნიშნავს: "კვარაცხელიას წარუმატებელი პერიოდი აქვს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ამის მაგალითი "იუვენტუსთან" მისი თამაშის ჩვენს მიერ 4.5 ქულით შეფასებაა, მაგრამ შეძლებდით ასეთი ფეხბურთელის ოდესმე სათადარიგოთა შორის დატოვებას? მტკიცედ ვპასუხობთ - არა".
ხვიჩა გვიყვარხარ და ყველანი შენთან ვართ. წარმატებები კიდევ წინაა!