კონტეს "ნაპოლი" კიდევ უფრო პრაგმატული გახდება - ის, რაც კვარაცხელიას ირგვლივ გაზვიადებულია...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" მასზე სუსტი მეტოქე ნაკლებად სასიამოვნო სტილით (ემპოლი სტუმრად 1:0) დაამარცხა და იტალიის ჩეპიონატის ლიდერია. ანტონიო კონტეს გუნდს არც ყველაზე მეტი აქვს გატანილი და არც ყველაზე ცოტა გაშვებული, თუმცა წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ გულშემატკივრებში რწმენა დააბრუნა, რათა მათ ამბიციური მიზნები დაისახონ.

დამაინც, რა უნდა გულშემატკივარს? ყველას თავისი გემოვნება და მენტალობა აქვს ჩამოყალიბებული და მაინც ვერ წარმოგვიდგენია, ნეაპოლური კლუბის ამ პრაგმატული სტილით იქაურები ბედნიერების ზენიტში იყვნენ. "ემპოლისთან" მეორე ტაიმი გაცილებით კარგი საყურებელი გამოვიდა და კონტეს გუნდმა გამარჯვებასაც ამ ტაიმში მიაღწია. მეორე
45 წუთში იყო მეტი მოძრაობა, ბევრად მეტი პასი და მათი მაღალი სიზუსტე.

"ნაპოლის" მატჩები ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში

Sportall.Ge

"ნაპოლის" წინ კიდევ დაბალი კალიბრის მეტოქე (ლეჩე) ელის, რასაც ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში გრანდებთან დაპირისპირებები მოჰყვება. "იუვენტუსთან" შეხვედრა გვაფიქრებინებს, მაშინ ანტონიო კიდევ უფრო პრაგმატული გახდება და წინა პლანზე ნებისმიერი გზით შედეგის მიღწევას გამოიტანს. მეორე საკითხია,
ეს ამბავი რამდენად გამოვა, ამისთვის უფრო საიმედო დაცვის ხაზია საჭირო. ამავდროულად, თუკი აქცენტი კონტრშეტევებზე გაქვს, უმნიშვნელოვანესია, ნახევარდაცვა ბურთს რამდენად სწრაფად მოიპოვებს და შეტევაში დააბრუნებს. საჩემპიონო სეზონში ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, ლობოტკას მეთაურობით მოწინააღმდეგეების საჯარიმოდან ამოყვანას ახერხებდნენ, რაც შემტევებს თავისუფალ ზონებს უხსნიდა. ახლა განსხვავება ხელშესახებია.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, კონტემ გუნდის სათამაშო სქემა სკოტ მაკტომინეის ფაქტორის გამო შეცვალა, მისთვის ასე საყვარელ 3-მცველიან განლაგებაზე უარი თქვა და პრეზიდენტ დე ლაურენტისის ფავორიტ სტილს დაუბრუნდა. ამ სქემას ისევ ემატება ის ფლანგის უკეთ ამუშავების მექანიზმები, რა სირთულეც წინა სეზონში ხელიაგულზე იდო. ლეონარდო სპინაცოლა აშკარად არაა საუკეთესო ვარიანტი, როცა საქმე 4 მცველს ეხება. როცა მისი ტრანსფერი განხორციელდა, თითქოს, ლოგიკურად, მთელი ფლანგის კონტროლი ის იყო, რაც მისთვის ასე ნაცნობი და კომფორტული პოზიციაა. ამ გადასახედიდან, მაშინ საერთოდ არ იყო საჭირო მარიო რუის "მოძულება" (გუნდშია და განაცხადში არაა). მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, სტატისტიკა კი სხვაზე საუბრობს - პორტუგალიელთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია გაცილებით შედეგიანი იყო. გასულ სეზონში, როცა მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელები ხშირად იცვლებოდნენ, კარგად დავინახეთ როგორც რუის ფაქტორი, ასევე ხვიჩა კვარაცხელიასთვის სტაბილური პარტნიორის მნიშვნელობა - თავისუფალი ზონების გახსნა, მეტოქის "გადაყვანა", ცენტრში შეწევა და ამით ფლანგზე სივრცის გათავისუფლება.

"კვარას" აღნიშვნა

Sportall.Ge

"კვარაზე" ვერავინ იტყვის, რომ კონტრშეტევებზე თამაშს და მაშინ, როცა მის გუნდს ბურთი ნაკლებად აქვს, შეჩვეული არაა. პირიქით, საქართველოს ნაკრებში ეს ასეა. მაშინ რატომ არ გამოუვიდა მას საუკეთესო მატჩი? დავიწყოთ იმით, ქართველის სისწრაფე რომ გამოიყენო, უნდა მოახერხო, ის მაქსიმალურად თავისუფალ სივრცეში და კართან ახლოს დატოვო. ასეთ დროს გადამწყვეტია, რა სისწრაფით მიდიხარ დაცვიდან შეტევაში, რამდენად ტოვებ შენს ნახევარზე მოწინააღმდეგეებს და რამდენად გიწყობს ხელს ცენტრფორვარდის (ამ შემთხვევაში ლუკაკუ) მოძრაობა. როცა ყველაფერი ეს თავის ადგილზე არაა, კვარაცხელია ვერასდროს შეასრულებს იმ ფუნქციებს ართმევის ნაწილში, რასაც პოლიტანო. როგორც მატეოს გაუჭირდება შეტევაში იმხელა ფაქტორი იყოს, როგორიც ხვიჩაა.

შესაძლოა, "თვალს" სხვა ახარებდეს, მაგრამ ასეთ ტაქტიკურ იტალიურ დუელებში, სადაც ანტონიო კონტე "პელეა", თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაზვიადებული იყო იმაზე მსჯელობა, თითქოს ის 77-ე ნომერს სათადარიგოთა სკამზე დასვამს. ამით მთელი დეტალების გროვა ჩამოიშლება, რაც მწვრთნელის მხრიდან გათვალისწინებულია, მათ შორის, "კვარას" ფაქტორით დარჩენილი სივრცეების გამოყენება. ამის მიუხედავად, არის შემთხვებები, როცა ქართველის მინდვრიდან გასვლა გუნდს შეტევაში მეტ შანსებს აძლევს. ასეთი იყო გასულ სეზონში "იუვენტუსთან", როცა დაცვამ ამოისუნთქა და ახლადშემოსული ჯაკომო რასპადორის მეურვეობის ნაცვლად, შეტევაზე ფიქრი დაიწყო. კონტეს სტრატეგია "პროვოკაციებს" ნაკლებად აჰყვება, "ჩასაფრებული" ელოდება "მსხვეპლს " და დიდ რისკზე არასდროს წავა, როცა შესაძლებელია, გოლი აქეთ მიიღოს.

კვარაცხელია და გოგლიჩიძე

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია ბევრი რამითაა სამაგალითო ქართველი ფეხბურთელებისთვის, ერთ-ერთი კი ისაა, რაც თერთმეტმეტრიანს უკავშირდება. იყო ტკივილი, რაც მას მოჰყვა, იყო "არიდება" და დაბრუნება. ამ ყველაფრის უკან ბევრი შრომა, საკუთარ თავზე მუშაობა, ღამით ფიქრია. ასეთია "კვარადონას" კარიერა და მისი თამაში პირველივე სეზონში აწეული სიმაღლის შემდეგ... ასე იყო გიორგი მამარდაშვილი, პირველად მიცემული შანსი სათანადოდ რომ ვერ გამოიყენა, არ გატყდა, თავი არ დახარა და დაბრუნდა ისე, როგორსაც ვხედავთ... საბა გოგლიჩიძე, იტალიელი მცველებისთვის დამახასიათებელი უნარები რომ შეუძენია, შანსს ელოდა, საჭირო დროს მიღო და ახლა ყველაფერი მის ხელთაა, ასე უნდა განაგრძოს. ისიც მნიშვნელოვანია, ვიცით, ეს ბიჭები საკუთარ თავს აკვირდებიან, საჭირო აზრს ითვალისწინებენ და ზღვარი ჯერ მიღწეულად არ მიაჩნიათ!..

altკვარაცხელიას გოლით "ნაპოლიმ" "ემპოლის" სძლია [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და გოგლიჩიძემ?

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზოგიერთი მაგარი "ჩახედული", კვარას ვითომცდა სკამზე გამწესებაზე პროფესორობდა, როგორც იტალიაში ისე ჩვენთანაც. უფალმა ჯანზე ამყოფოს და ნერეში-ნგონგე რომც გააერთიანო ერთი კვარა არ გამოვა. სკამზე მისი დასმის საფეხბურთო არგუმენტი, ბუნებაში არ მოიძებნება. ბენფიკა ძალზედ იშვიათად ცდება ფეხბურთელის ფასში, ისე როგორც პორტუ. მაქსიმალურს ახევენ პრემიერლიგის ბობოლებს.სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო მაქედან სჩანს ნათლად სად მთავრდება მიახლოებით ნერეშის ჭერი.ცხადია ეს ბიჭები ბურთთან შენობით არიან, მაგრამ ხვიჩა არაა მათი ლეველი. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ამ ბიჭის ამბავი ძალიან მახარებს, ისე როგორც ყველა ქართველს.ყოჩაღ საბა! აბა შენ იცი! ნაკრების უკვე შემდგარი ერთერთი ბურჯია. ძალიან მეიმედებოდა ასევე ივა გელაშვილის. ლოჩოშვილთან ერთად ლამის მშვენიერი იტალიური დაცვა მივიღეთ. მაგრამ არაუშავს, ჯერ ახალგაზრდაა ივა და ყველაფერი წინ აქვს, მთავარია ხვიჩასა და საბას მაგალითს მიჰყვეს. მუხლჩაუხრელ შრომას და მონდომებას ადრე თუ გვიან გარკვეული შედეგი აუცილებლად მოაქვს. წარმატებები ბიჭებო!
ამატაკი
13:34 21-10-2024
9
საქართველოს ნაკრების წინსვლა და ნაპოლის წარმატება ამ სეზონშიც და წინა სეზონებშიც ხვიჩას დამსახურებაა პირველ რიგში.
ქ. გ.
12:21 21-10-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული