ქერა ბიჭი ბეწვის ხიდზე - გიორგი ჩაკვეტაძემ ეს უნდა იცოდეს!

AutoSharing Option
გინდა თუ არა, ჟურნალისტი მივლინებებში იზრდება. იქ სულ სხვანაირი ურთიერთობა ყალიბდება შენსა და რესპონდენტს შორის, რომელიც იმ წუთში შენი რესპონდენტი კი არა, თანამგზავრია. კომფორტი და თვითმფრინავი ვის არ უყვარს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ნათქვამია და მე უფრო სამარშრუტო ტაქსით, ან ავტობუსით მგზავრობა მირჩევნია. მეტი მოგზაურობა და მეტი დრო უშუალო ურთიერთობისთვის - ვერაფერს იტყვი, შესაშური კომბინაციაა!..

არ დამავიწყდება თბილისის "დინამოს" გასვლითი საევროპალიგო მატჩი აზერბაიჯანში, "გაბალასთან". არ დამავიწყდება თუნდაც იმ ამბების გამო, რაც დატრიალდა სტადიონზე, მაგრამ ეს წერილი ახლა იმ ცუდი მოგონებების
გასახსენებლად არ იწერება...

თბილისის "დინამოს" აკადემიის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან ერთად ვიმგზავრეთ როგორც აზერბაიჯანისკენ მიმავალ, ისე უკანა გზაზე და, რა თქმა უნდა, აქეთურიც ვთქვით და იქითურიც. ლაპარაკის ხასიათი, შნო და ლაზათი აზერბაიჯანში მიმავალთ უფრო გვქონდა და მაშინ იყო, ჩემს ძველ მეგობარს, აკადემიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწვრთნელს რომ ვკითხე - თუ მოდის ვინმე ისეთი, მასზე ბევრი რომ ვილაპარაკოთ, თამაშის დროს ფეხზე რომ წამოგვახტუნოს, ძველი ქართული ფეხბურთის სურნელი რომ გვაგრძნობინოს-მეთქი...

არც დაფიქრებულა, ისე მითხრა - გიორგი ჩაკვეტაძეო. ფეხბურთელი ხომ კარგია და, შენ უნდა ნახო, რა ბიჭია, მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებო, შრომა მისი მოწოდებააო.

სულ წვრილად დავიმახსოვრე იმ მწვრთნელის ნათქვამი. მით უმეტს, უკვე ნანახი მქონდა ამ ბიჭის თამაში, ოღონდ, მაშინ საგანგებოდ არც დავკვირვებივარ, თუმცა ერთი კი მახსოვს - თვალი მომჭრა პასის კულტურამ - უზადო კულტურამ, რომელიც საშუალო გაქანების ფეხბურთელს არ შეიძლება ჰქონდეს.

მერე და მერე დრო თავისი გზით წავიდა. დღეები ერთმანეთს მიჰყვნენ ნაბდით დაჭედილი ბედაურებივით და თბილისის "დინამოში" ერთხელაც გადაწყვიტეს გუნდის გაახალგაზრდავება.

ვიცი, ამ გეზს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ჩემი აზრი მაინც უნდა დავწერო: ეს ღირდა თუნდაც იმიტომ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე არ ჩაკარგულიყო ქართულ საფეხბურთო ლაბირინთებში, როგორც სხვა არაერთი ნიჭიერი, რომელთა საფეხბურთო კარიერაც, ცოტა ობიექტური და ბევრი სუბიექტური მიზეზის გამო, ამა თუ იმ კლუბების დუბლშემადგენლობაში დასრულდა...

კარგა ხანია, ლევან ყენიას შემდეგ ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა ამხელა ნიჭის ფეხბურთელი. ყველას თავისი წილი ბედი ან უბედობა დაჰყვება ხოლმე ცხოვრებაში და ძალიან მინდა, გიორგი ჩაკვეტაძე ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს, უფრო ბედნიერზე, ვიდრე... თუნდაც - ყენია.

მან უნდა იცოდეს მთავარი: სწორედ ახლა, ეს სტრიქონები რომ იწერება, მის საფეხბურთო ცხოვრებაში დგას ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი. როგორ გინდა, ერთ ქართველ მწვრთნელს არ დაეთანხმო, ვისი აზრითაც, 17 წლის ქართველ ფეხბურთელზე არაფერი ითქმის, სანამ ის 20 წლის არ გახდება...

გიორგი ჩაკვეტაძეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ 20 წლისაც მოწოდების სიმაღლეზე იყოს და 30-საც. და მაინც, ეს ქერა, ჩუმი და მშრომელი ბიჭი ბეწვის ხიდზე დგას. დგას, რადგან ის მაინც არის ქართველი ფეხბურთელი და სადაც ამ ორ სიტყვას ვხმარობთ, იქვე რისკის დიდი დოზაც უნდა ვიგულისხმოთ.

ზოგადად, ახალგაზრდა, მით უმეტეს, თინეიჯერი ქართველი ფეხბურთელი ძალიან რთული თემაა. ჩვენ ისეთებიც გვახსოვს, უცებ რომ უცვლიათ ზნე და ხასიათი, ერთბაშად რომ შეცვლილან უარესობისკენ და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უვნიათ.

არადა, დღეს მართლაც ბევრი საცდურია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის. ჩემს ბავშვობაში მობილურ ტელეფონზე ოცნებაც არ შეგვეძლო. ახლა გახედავ და 10 წლის ბავშვი უკანასკნელი მოდელის მობილურით დადის. ერთი მხრივ, ეს კარგია. ცხოვრება განვითარდა, წინ წავიდა...

მეორე მხრივ, ფეხბურთელს აქვს ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდეს ყველაფერი, სანამ ბევრს მიაღწევდეს ფეხბურთში. ის შეიძლება ამით დაკმაყოფილდეს და დადგება თუ არა ეს წამი, მაშინვე იწყება მისი, როგორც ფეხბურთელის კვდომა... აქეთ საყოველთაო პოპულარობა, იქეთ დიდი ყურადღება, პირველი ფულის გემო და... ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთმა მწვრთნელმა თქვა, ქართველ ფეხბურთელზე - სანამ ის პირველი ფულის გემოს არ გაიგებს, არც აქო და არც აძაგოო.

ვეთანხმები ბოლომდე. და მე ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე კარგა ხანია, გაიგო ფულის გემო და მე მის შესახებ ისეთი არაფერი გამიგია, ყურს ცუდად რომ მოხვედროდა...

ზოგადად, დღეს ფეხბურთელმაც უნდა იგრძნოს, რომ ჩვენი ფეხბურთის არნახულად დაკნინების ხანაში მას ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა. ეკისრება, რადგან მისი როლი უფრო დიდია, მთავარი და საპასუხისმგებლო, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა.

მჯერა, გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გრძნობს ამას და შეგნებული აქვს ისიც, რომ მისი კარიერა მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ჩვენ მართლა მოგვენატრა საერთო-სახალხო ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც ხალხი სტადიონზე ივლის და რომელიც ალალ სიხარულს მოგვიტანს - სიხარულს, რომელიც დაგვავიწყებს ჩვენს მძიმე ყოველდღიურობას, მათ შორის - საფეხბურთოსაც.

დიდი, დიდზე დიდი ტვირთია გიორგი ჩაკვეტაძის პატარა მხრებზე და ძალიან მინდა, ყველა ცდუნებას სძლიოს და ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ველით. ამით ის თვითონაც მოიგებს და მოიგებს ჩვენი ფეხბურთიც. ჩვენი ჯილდო და მოგება კი ამ ამბავში ის იქნება, რომ როგორც ახლა, მშვიდად და უემოციოდ, სკამებს ვეღარ მიველურსმებით.

ჩვენს ეპოქაში, როცა ქართულ ფეხბურთს აღარ შემორჩა გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, როცა ჩვენი ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, კიდევ მეტად ვაფასებთ ჩაკვეტაძეს და კიდევ მეტად ვფრთხილობთ, როცა საქმე მის მომავალს ეხება.

ჩვენ მისი იმედი გვაქვს. რა დასამალია და, საქართველოს ჩემპიონატის იმ მატჩებში, "დინამო" რომ თამაშობს, პერსონალურად მის სანახავადაც მივდივართ და...

მას, უბრალოდ, არ აქვს იმის უფლება, რომ გვიმტყუნოს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, იქნებ ჰქონოდა კიდეც, მაგრამ ახლა ნამდვილად არ აქვს!

გიორგიმ ეს უნდა იცოდეს. ის ისე უნდა მოიქცეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
თუ დიდი ტვირთია მაშინ შეეშვი და ნუ წერ ამ სტატიას ნუ გაჯხურეთ ამ ბავშვს საქმე !ფულის გემო ჩაკვეტაძეს კია არა ამ უთავბოლოდ გაწელილი სტატიის ავტორს სცემს,უაზრო სიტყვებს რაკარუკში რომ იღებს აბა შენ თავს ეწინააღმდეგები არ ვაქოთო არ ვაძაგოთო 20 წლამდეო და აიქაფე პირი აქ
Alekos
12:36 05-08-2017
2
ეხლა ჩაკვეტაძის ჯერია.. გამახსენე ბ.ადმინ აბურჯანიაზე ბოლოს როდის დაწერეთ რამე? ეგაა ზუსტად თავიდან აქებთ ადიდებთ აგიჟებთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და მერე ჩუმდებით რომელი ერთი ჩამოგითვალოთ რომელზეც ეგრე მოიქეცით ამ საიტს კრიტიკის ნატამალიც არ გააჩნია
effe
14:16 05-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული