ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იერუსალიმის "ბეითარს" მასპინძლობს.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოადგენს.

ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე საჩხერელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე შეხვდათ. ისრაელის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა რაუნდის მესამეადგილოსანი კლუბი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. ისრაელს საკმაოდ კარგი საფეხბურთო ჩემპიონატი აქვს.

რას ველით "ჩიხურასაგან"?
ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, გუნდის ფორვარდიც, ნახევარმცველიც, მცველიც
და მეკარეც სოსო ფრუიძეა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი ქართველი მწვრთნელია და მისი როლი ამ თამაშში ძალიან დიდი იქნება. მისი მესვეურობით საჩხერელებს "ბურსასპორიც" აუტირებიათ და თვითონაც უტირიათ მძიმე დაპირისპირების შემდეგ "ნეფთჩისთან". თუმცა მან იცის, როგორ მიუდგეს მეტოქეს და რა ტაქტიკით დაუპირისპირდეს.

გვახსოვს წინა წლის კატასტროფული ევროთასები. "ჩიხურა" გამომსვლელთაგან ყველაზე ღირსეულად გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ ავსტრიულ "ალტახთან" საქართველოში 0:1 დამარცხდნენ, ავსტრიაში ბოლომდე იბრძოლეს და 1:1 გააგორეს.

კლუბმა ტრანსფერები ვერ განახორციელა, რადგან საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდათ. ერთადერთი, ნახევარწლიანი განშორების შემდეგ კლუბში მიხეილ სარდალიშვილი დაბრუნდა.

კლუბს ამ სეზონში სხვადასხვა პოზიციაზე სამი გამოკვეთილი ფეხბურთელი ჰყავს. საუცხოო ფორმაშია მცველი ბაქარ მირცხულავა, ძალიან კარგ შეტევებს ქმნის და გაუჩერებლად დარბის ირაკლი ბუღიძე, ხოლო ეროვნულ ლიგაში შეტევებს ყველაზე კარგად გიორგი გაბედავა აგვირგვინებს.

მეტოქე

"ბეითარის" ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 8.98 მილიონი ევროა, როცა "ჩიხურას" ფასი 3.13 მილიონი ევროა. გუნდში ხუთი ლეგიონერი თამაშობს. თითქმის ყველა საკმაოდ მაღალი დონისაა და ისინი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ.

"ბეითარის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი გაი ლუზონია, რომელსაც სხვადასხვა დროს ადგილობრივი ებრაული გუნდები, ბელგიური გუნდი და ინგლისის ქვედა ლიგის გუნდი "ჩარლტონი" გაუწვრთნია.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ფრანგი ანტუანე კონტე 2 მილიონი ევრო ღირს. კონტე ცენტრალური მცველია, რომელიც "ბეითარმა" "რეიმსისგან" შეიძინა. გამორჩეულია ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კლოდემირია, რომელიც შეტევაშიც შესანიშნავია და გუნდის ბომბარდირობას ებრაელ შეჩთერთან ერთად 9 გოლით იყოფს.

გუნდის მეკარე ბორის კლაიმენია, რომელიც ამავდროულად, ისრაელის ნაკრების მეკარეა და არცთუ ისე საიმედოა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა.

"ბეითარს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული.

მოლოდინი
საჩხერელებს ამ წელს კარგი დაცვა და ლამაზი კონტრშეტევები ახასიათებთ. ეს იქნება ალბათ მთავარი გასაღები ებრაელებთანაც. მეტოქე ძლიერია, მაგრამ არა დაუმარცხებელი.

კარგი იქნება, თუ გულშემატკივარი მივა თამაშზე, რადგან მათი ხმა გუნდს გაცილებით მეტ ძალას მიცემს. მატჩის ბილეთების ფასი 5 ლარია.

მსაჯები
მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კაი ერიკ სტენი იქნება, დამხმარე მსაჯები კი - იან ერიკ ენგანი და ჯონ-მიშელ კნუტსენი. მეოთხე მსაჯი - ტრიგ კიენსლი.