თსუ-მ ფრანგებს სძლია და მეოთხედფინალში ნორვეგიელებს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-მ პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებზე დაუმარცხებლად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ მერვედფინალშიც იმარჯვა.

თსუ-ს მეტოქე გახლდათ საფრანგეთის პუატიეს უნივერსიტეტი. მატჩში გასული ექვსივე გოლი ფუტსალელებმა პირველ ნახევარში შეაგდეს. მიუხედავად საბოლოოდ მოპოვებული 2-ბურთიანი გამარჯვებისა, ქართველებს დიდი ბრძოლა გადახდათ. ფრანგებმა მატჩის მე-5 წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, თუმცა ერთ წუთში ნიკოლოზ კურტანიძემ წონასწორობა აღადგინა.

ფრანგები კვლავ
დაწინაურდნენ. პიერ ბანლიემ მე-10 წუთზე პუატიელთა დამაწინაურებელი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც თსუელებმა მობილიზება გამოაცხადეს და 8 წუთის ინტერვალში ფრანგი სტუდენტების კარი სამჯერ დალაშქრეს: გოლის გატანა კვლავ ნიკოლოზ კურტანიძემ და 2-ჯერ ზურაბ ლუკავამ მოახერხეს. საბოლოოდ ორივე მათგანის ანგარიშზე დუბლი გაფორმდა.

მეორე ნახევარი უგოლოდ, თუმცა ორმხრივ შეტევებში გაილია. ფრანგები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ მწყობრად მოთამაშე თსუელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ 4:2 და თსუ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიის ეკონომიკურ უნივერსიტეტს შეხვდება.

მატჩი 26 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება Youtube-ის შესაბამის არხზე შეგეძლებათ.

ტეგები: