წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა

AutoSharing Option
იტალიაში ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" "ვიარეჯიოს თასზე" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უკვე მოგაწოდეთ და ასევე "ნორჩი დინამოს" დამფუძნებლის, ოთარ შენგელიას კომენტარიც გაგაცანით.

alt ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ



შეიძლება ქართულ ფეხბურთში ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს არ ახსოვდეთ, მაგრამ შენგელია გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში ადრეც ფიგურირებდა.

2015 წლის 5 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაშების ჩაწყობისთვის რამდენიმე პირი დააკავა.

როგორც მაშინ უწყებაში განაცხადეს, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "ibcbet"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნაკაიძე, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის "ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები - თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, ასევე, ორი პირი - იოსებ გიოშვილი და გიორგი კუხალაშვილი.

როგორ აწყობდნენ მატჩებს - შსს-ის ფარული გადაღება

2015 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რვავე დაკავებულს გირაო შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ თემურ სანიკიძემ და გიორგი გოდერიძემ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა აღიარეს, დანარჩენი ბრალდებულები კი, მათ შორის, ოთარ შენგელიაც, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.

შსს-მ ფეხბურთელების დაკავების კადრები გაავრცელა

2015 წელს დაწყებულ საქმეზე სასამართლომ განაჩენი რამდენიმე თვის წინ გამოიტანა და, როგორც Sportall.ge-სთან საუბარში ოთარ შენგელიას ადვოკატი დავით მოდებაძე ამბობს, "გარიგებული მატჩების საქმეზე" მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი სასამართლომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიტანა. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ოთარ შენგელია 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით მოსყიდვას ითვალისწინებს, და სასჯელის სახით მას 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. არანაირი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ან სასჯელის მსგავსი სხვა ზომა შენგელიას მიმართ გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა მოდებაძემ.

აქვე გეტყვით, რომ Sportall.ge "ნორჩი დინამოს" თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა ფედერაციაში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში განცხადებას თავად გაავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ