ქალთა საფეხბურთო ლიგა დაიწყო: ადიგენში 17 გოლი გავიდა

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

13 აპრილს საქართველოს 5 ქალაქში, სტარტი ქალთა საფეხბურთო ლიგამ აიღო. რიგით მე-4 გათამაშებაში 10 გუნდი მონაწილეობს, ბათუმიდან, ლანჩხუთიდან, ქუთაისიდან, ხობიდან, ჩხოროწყუდან, ხაშურიდან, ახალციხიდან, გორიდან და ორიც თბილისიდან.

გათამაშებაში, რომელიც 13 აპრილიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ორ წრედ გაიმართება, 18 ტური, საერთო ჯამში კი, 90 მატჩი ჩატარდება. ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მატჩის დროს მწვრთნელებს 5-ის ნაცვლად 7 ფეხბურთელის შეცვლის უფლება აქვთ. შესაბამისად, დღევანდელ ტურში, ეს უფლება რამდენიმე გუნდის მწვრთნელმა გამოიყენა და მეტ გოგონას მისცა შესაძლებლობა ეთამაშა.

ისევე, როგორც წინა წლებში,
ქალთა ლიგის გათამაშებას საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც დაესწრნენ. გორში, "გორი იუნაიტედისა" და "ლანჩხუთის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ბაჯელიძემ განაცხადა, რომ ქალთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები სასელექციო მიზნით, მაქსიმალურად ყველა თამაშზე დასწრებას შეეცდებიან.

გორში გამართული შეხვედრისას კი, მიუხედავად იმისა, რომ "ლანჩხუთი" ამ წყვილში უდავო ფავორიტი იყო, ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის პირველი გოლი სწორედ, მათ კარში გავიდა. სეზონის პირველი გოლი, "გორი იუნაიტედის" ფეხბურთელმა ეთერ სულაშვილმა მატჩის დაწყებიდან მე-6 წუთზე გაიტანა. ლანჩხუთელებს, წონასწორობის აღსადგენად 20 წუთი დასჭირდათ. მეორე ტაიმში, კი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა თეონა თოდაძემ, მარიამ დანელიამ და ნინო ჩხარტიშვილმა ერთმანეთზე ეფექტური გოლები გაიტანეს და "ლანჩხუთს" პირველი 3 ქულა მოუტანეს.

ქალთა ლიგის პირველი წრის პირველ ტურში, ყველაზე მეტი 17 გოლი ადიგენში გამართულ მატჩში გავიდა, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" 1-16 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გავიდა ლიგის პირველი სწრაფი გოლი და პირველი ავტოგოლი. "ზარზმა"-"ნიკეს" დაპირისპირებაში, ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. გოლი მაია ნასყიდაშვილმა გაიტანა. ამ მომენტიდან 3 წუთში, ჩემპიონატის პირველი ავტოგოლიც გავიდა. მოქმედი ჩემპიონისა და დებიუტანტის დაპირისპირებაში დაფიქსირდა პირველი ჰეთ-თრიქი. მისი ავტორი, ასევე "ნიკეს" მოთამაშე ანასტასტია ბოლქვაძეა. ხოლო დუბლი, ერთბაშად "ნიკეს" 4 ფეხბურთელის ანგარიშზეა.

2019 წლის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა კი, ხობში, "კოლხეთისა" და "ნორჩი დინამოს" შეხვედრამდე გაიმართა. სხვათა შორის, სწორედ, ეს მატჩი გამოდგა ყველაზე მცირეგოლიანი. მასპინძლებმა, ხობელმა ფეხბურთელებმა, 3 ქულის აღება მხოლოდ, შეხვედრის 86-ე წუთზე მოახერხეს.

3 გოლის გატანა შესძლო, სამეგრელოს მეორე ქალთა გუნდმა, ჩხოროწყუს "სამეგრელომაც" "ბათუმის დინამოს" კარში და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

საქართველოს 2019 წლის ქალთა ლიგის პირველი ტურის 5 შეხვედრაში გავიდა 39 გოლი. სამ შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. უკვე აღნიშნულის გარდა, სწრაფი გოლითა და მოგებით დაიწყო გათამაშება, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის "მართვემ". ქუთაისელებმა, სეზონის სასტარტო შეხვერდა ხაშურში გამართეს და "ივერია" დიდი 10-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს და საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. ამ მატჩში, "მართვეს" ფეხბურთელმა თეონა სტურუამ თავისი გუნდი მე-5 წუთზე დააწინაურა;

ქალთა ლიგის პირველ ტურში საერთო ჯამში დუბლის შესრულება ექვსმა ფეხბურთელმა მოახერხა.

ქალთა ლიგის პირველი ჰეთ-თრიქი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის "ნიკეს" ფეხბურთელის, ანასტასია ბოლქვაძეს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგის პირველი ტურის სამ მატჩში, მსაჯთა ბრიგადებში საერთო ჯამში 6 ქალმა იმსაჯა.

ქალთა ლიგა. I წრე, I ტური.
ქსკ გორი იუნაიტედი - ქსკ ლანჩხუთი 1-7
ქსკ სამეგრელო - ქსკ დინამო ბათუმი 3-0
ქსკ ივერია - ქსკ მართვე 0-10
ქსკ ზარზმა- ქსკ ნიკე 1-16
ქსკ კოლხეთი- ქსკ ნორჩი დინამო 1-0

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული