თბილისის "დინამომ" რომან გოცირიძეს უპასუხა - ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში თბილისის "დინამოს" მიერ უეფას დაწესებული სასჯელის გამო სააპელაციო საჩივრის შეტანას უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა. პარლამენტარს "დინამომ" უპასუხა:

"დინამო თბილისის" პასუხი პარლამენტის წევრის - რომან გოცირიძის განცხადებაზე.

ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და "დინამო თბილისის" კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან, თუ რა მოხდა.

"დინამო" მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა არასამართლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს
ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელი.

ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. "დინამო" მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“, ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მისი დაკნინებით ხართ დაკავებული.

"დინამო თბილისისთვის" შეურაცხმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას", - წერია განცხადებაში.