[მედიაგამოკითხვა] უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ქართულ კლუბებს?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კითხვა: "უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საფეხბურთო კლუბები სახელმწიფოსგან?" - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჟურნალისტებს ვთხოვეთ.

ვახო გაფრინდაშვილი (იმედი): "დაფინანსების პროგრამის გარეშე, ჩემი აზრით, ეს შედეგიც არ გვექნებოდა. ამ ეტაპზე სახელმწიფომ სუბსიდირება უნდა გააგრძელოს. თუ პროგრამა უფრო მოქნილი იქნება, ბუნებრივია, ყველა მოგებული დარჩება.

მთავარია, კლუბების მესვეურებმა მოინდომონ უფრო მეტად და შედეგი დადგება. დღეს უკვე არსებობს კონკრეტული სეგმენტი, რომელიც დაინტერესებულია ფეხბურთში ფულის ჩადებით. ასე რომ, ყველაფერი მენეჯერების "მარიფათზეა".

გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "სახელმწიფოს მიერ
კლუბების დაფინანსება საჭიროა, სანამ კლუბები არ გადავლენ კერძო მფლობელების ხელში. მაგრამ იმ სისტემით, რომელიც ახლა არის, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არ არის კონტროლი, სად მიდის ეს თანხა, არავინ კითხულობს, როგორ იხარჯება და ხმარდება გუნდს. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტი კონტროლი, უფრო მეტი სიმკაცრე სჭირდება, რადგან ნათელი მაგალითი უახლოეს წარსულში გვაქვს ქუთაისის "ტორპედოში" განვითარებული მოვლენებიდან, სადაც ძალიან დიდი თანხა გაიფლანგა.

დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, რადგან ბევრი კლუბისთვის არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ჩვენი ფეხბურთი არ არის იმ დონეზე, რომ სახელმწიფოც გვერდში არ დაუდგეს. შესაბამისად, საჭიროა ამ ყველაფრის კონტროლი".

ლაშა წიკლაური (პოპსპორტი): "კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დოტაცია არ სჭირდებოდეს არც ერთ სფეროს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. შესაბამისად, თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფო სპორტის სახეობებს უნდა აფინანსებდეს, მაშინ მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა არ უნდა იყოს გამონაკლისი და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს.

ჩემთვის მიუღებელია ის, რომ დაფინანსდეს რაგბი, კალათბურთი, ტანვარჯიში და ჭოკით ხტომა, მაგრამ უარი ვთქვათ ფეხბურთზე, რადგან შედეგები არ გვაქვს. შეიძლება სხვანაირად უნდა დაიხარჯოს ეს ფული, შეიძლება მეტი მსჯელობაა საჭირო, თუ რაში იხარჯება ეს თანხები, მაგრამ ეს უკვე სხვა და ძალიან ვრცელი საკითხია".

დიმა შარიქაძე (კრისტალსპორტი): "დაფინანსებასთან დაკავშირებით რადიკალური პოზიცია მაქვს. თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ და ვთვლი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლით ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ კონკრეტული ბიზნესის დაფინანსება ძალადობაა. ნებისმიერი სპორტის სახეობის განვითარება კონკრეტულად ამ სფეროში ჩართული ადამიანების შესასრულებელი საქმეა. რატომ ითხოვენ ისინი ფულს სხვისი ჯიბიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ? ამ კითხვას ვუსვამ ყველას, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფინანსების მომხრეა.

ეკონომიკური კუთხით კვლავ საბჭოური სისტემა რჩება. როცა კონკრეტულ ბიზნესში ჩართულმა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტულ თანხას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს, მისი პროდუქტიულობა კლებულობს, მაგრამ როცა იცის, რომ ფინანსური შემოსავალი მხოლოდ მის მუშაობაზეა დამოკიდებული, ის მეტს ცდილობს და ასეთ დროს ხარისხი მატულობს.

ახლახან ''რუსთავმა'' ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 100 000 ევროდ გაყიდა ''რუბინში". მითხარით არგუმენტი, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი ფულით ასეთი კლუბი? მათ არ ესმით, რომ ფეხბურთი ბიზნესია და იციან, რომ ხვალ კონკრეტულ თანხას მაინც მიიღებენ. და თუ ''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში'' იმის ილუზია აქვთ, რომ ეს ადამიანები შეიცვლებიან, ჩემი აზრით, ილუზიებში ცხოვრობენ".

ხვიჩა ყაზაიშვილი (Sportall.ge): "თუ გვინდა ქვეყანაში ფეხბურთი არსებობდეს და მან შეასრულოს ის საზოგადოებრივი ფუნქცია, რაც გააჩნია, ფეხბურთი უნდა დაფინანსდეს, კლუბებიც, მათ შორის. თუმცა, დაფინანსების სისტემა რომ ოპტიმალური არაა და ცვლილებებს საჭიროებს, ნათელია. თანხების უმრავლესობა მწვრთნელების განათლებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში უნდა დაიხარჯოს. საფეხბურთო-სპორტული აღზრდის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, უნივერსიტეტებთან უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, უცოდინარ და მაღალი დონის განათლების არმქონე მწვრთნელს ფეხბურთელის განვითარება არ შეუძლია.

ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ფული, რომ 3 და 4 წელში დაატყოს პროგრესი იმ სფეროს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები 100+ მილიონ ევროდ იყიდებიან. ამიტომ საჭიროა მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც შედეგს თუნდაც 10 წელში გამოიღებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ უნდა დაფინანსდეს ფეხბურთი. ეს მცდარი აზრია, რადგან სპორტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის სფეროა და მასზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. განსაკუთრებით, ისეთი პერიფერიული კაპიტალიზმის ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ.

სპორტის ის სახეობა კი, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს, ფეხბურთია. რაგბიში მსოფლიო თასზე გასვლა ვერ ჩაგვინაცვლებს ფეხბურთს. ფეხბურთს, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ისე საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი თამაშობს. გინახავთ რომელიმე კორპუსის ეზო ან სოფლის მოედანი, სადაც ბავშვები ან ზრდასრულები საღამოს რაგბის სათამაშოდ იკრიბებიან? რაგბის საკუთარი ადგილი აქვს, როგორც სხვა კოლექტიური სპორტის სახეობებს, რომლებშიც უფრო კარგი შედეგი გვაქვს.

არიან ადამიანები, რომლებიც დასცინიან ქართულ ფეხბურთს. მინდა ვთქვა, რომ ისინი საქართველოს დასცინიან. ჩვენი მდგომარეობა ასეთია, არ გვაქვს ფული, ღარიბი ქვეყანა ვართ, ღარიბი ხალხი, კოლექტიურად წარუმატებლები. მეტი შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მეტს მივაღწევდით.

სტადიონზე გინებაც ჩვენი უსუსურობის გამოვლინებაა, მეტი არაფერი შეგვიძლია, ვბრაზდებით, აგრესიას ასე გამოვხატავთ საკუთარი უუნარობის მიმართ. თუმცა, ჩემი მოულოდნელი სასწაულის აქაც მწამს, რადგან ის, რაც დღეს შეუძლებელია, არ ნიშნავს, რომ ხვალაც შეუძლებელი იქნება. შრომას და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს".

ბაჩო ცალუღელაშვილი (goal.ge): "საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს წარუმატებელი შედეგები იმის ბრალია, რომ კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ის სიტუაცია, რაც ახლაა, არ მომწონს. ის თანხა, რასაც კლუბები სახელმწიფოსგან იღებენ, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და უნდა დაისახოს გეგმა, რაშიც ეს ფული დაიხარჯება.

თუ ამ ფინანსების კონტროლი არ მოხდა და ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, მაშინ სახელმწიფოსგან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ".

ვაჟა ქუნთელია (Sportall.ge): "სახელმწიფოსგან ფეხბურთი არ უნდა ფინანსდებოდეს, არაა ეს წესი, მაგრამ ამ ქვეყანაში იმდენ უწესობას აქვს ადგილი... თუმცა, აქ ერთი მომენტიცაა: ქართული კლუბების ფინანსები ისედაც რომანსებს მღერიან და ამ დახმარების გარეშე ბევრი, ალბათ, გაკოტრდება და გვეყოლება 4 გუნდი. მართლა ასე იქნება".

გიორგი ხარშილაძე (ლიდერსპორტი): "2016 წლიდან საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ხუთი წლის განმავლობაში 265 700 000 ლარია გამოყოფილი. 2020 წელს თანხას კლუბები ამ პროგრამით ბოლოჯერ მიიღებენ და, ამხელა დანახარჯის მიუხედავად, პროგრესი არ ჩანს.

უფრო მეტიც, ჩვენი გუნდები დაფინანსებამდე უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ახლა აჩვენებენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ეს არ არის სოციალური პროექტი, ეს სპორტია და ფეხბურთელებთან ერთად, კლუბებიც ჯანსაღ კონკურენციაში უნდა გაიზარდონ".

მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა): "გარკვეული დროის შემდეგ უნდა შეწყდეს... როდესაც ფონდი შეიქმნა, მაშინ უნდა ეთქვათ, რომ სამი ან ხუთი წლის შემდეგ დაფინანსება აღარ ექნებოდათ... საერთოდ, წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო დაფინანსების...  არ ვარ ვალდებული, ჩემი შრომით თოდუას თუ დოლიძეს ხელფასი ვუხადო..."

თენგიზ ოყუჯავა (Sportall.ge): "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნის დღიდან ვაკვირდები ფონდის მუშაობას და რაში ხარჯავენ კლუბები თანხებს.

ამის გადამოწმება არ არის რთული, თუ ადამიანი დაინტერესებულია საკითხით. ამ ხნის განმავლობაში ფონდის მიერ კლუბებზე გაცემული ფულის დიდი ნაწილი ხელფასებში, პრემიებში, სტადიონებისა და ინვენტარის იჯარაში იხარჯებოდა.

ანუ იცით, როგორ ხდება? იმ ფულს, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღო კლუბმა, ხარჯავს ხელფასებში და არა სხვა სფეროში, როგორიცაა უძრავი ქონება, რეკლამა, მარკეტინგი, პიარი, ბავშვთა ფეხბურთი, განათლება და ა.შ. შეიძლება კლუბის მფლობელი და მენეჯმენტი ამას სხვა წყაროდან მოძიებული ფულით აკეთებდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ და პირდაპირ გეტყვით, ამას არავინ აკეთებს, რადგან ეს ყველაფერი ხომ უნდა დაეტყოს კლუბს, რასაც ვერ ვხედავთ.

მე ვისურვებდი, რომ ფონდიდან მიღებული ფული არ იხარჯებოდეს ხელფასებში და ეს პირდაპირ გაიწეროს ფონდის პროგრამაში. კლუბმა თავისი ფულიდან იხადოს ხელფასები და პრემიები, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში დახარჯოს ფონდის მიერ მოცემული ფული. სხვა შემთხვევაში ეს ფული ჰაერში მიდის და ეს ფაქტია.

კლუბების მენეჯმენტი ვერ განკარგავს ფულს სწორად, რადგან მათ ეს უბრალოდ არ იციან. კლუბებში უნდა დასაქმდნენ პროფესიონალი კადრები.

კომერციული თვალსაზრისით, ბოლო ერთი წელია ვითარება ოდნავ შეიცვალა და რამდენიმე კლუბმა სპონსორი იპოვა და მსუყე თანხებიც მიიღო, მაგრამ ყველას გვახსოვს "ტორპედოს" მაგალითი, სადაც არაპროფესიონალი კადრების მუშაობას კლუბის ფინანსური კრიზისი მოჰყვა.

სპონსორის მიერ მოპოვებული ფული დახარჯონ, როგორც უნდათ, მაგრამ ფონდის მიერ მიცემული ფული ხელფასებსა და პრემიებში არ უნდა იხარჯებოდეს".

alt[გამოკითხვა] რას ფიქრობს სპორტული მედია ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლაზე

alt8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე