"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ბერიკა შუკაკიძე და კიევის "დინამოს" გენდირექტორი რეზო ჭოხონელიძე

ევროპული კლუბების ასოციაცია, რომელსაც ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს, ნელ-ნელა ძალას იკრებს, ძლიერდება და წამყვან საფეხბურთო ორგანიზაციად ყალიბდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.

რეალურად, ეს ორგანიზაცია დღესაც ყველაზე ძლიერი საფეხბურთო გაერთიანებაა, რომლის წევრიც 232 კლუბი გახლავთ. მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 3 კლუბი: "სამტრედია", თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა".

სწორედ საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი ბერიკა შუკაკიძე სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტის (სამუშაო ჯგუფის) წევრად აირჩიეს. ინსტიტუციური განვითარების კომიტეტში წარმოდგენილნი იქნებიან
ისეთი კლუბები, როგორებიც "ჩელსი", "ბარსელონა", პსჟ, "ინტერი", "რომა" და სხვები არიან.

ამის გათვალისწინებით, სასიხარულოა ქართული კლუბის წარმომადგენლის ასეთ სივრცეში საქმიანობა და გახლავთ შესაძლებლობა, როგორც ქართული კლუბებისთვის, ისე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ევროპულ ფეხბურთთან და უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი მისი განვითარების პროცესს.

Sportall.ge-მ ამ თემასთან, უეფას მესამე ტურნირსა და ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ბერიკა შუკაკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გამარჯობა, ბატონო ბერიკა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, მნიშვნელოვან სამუშაო ჯგუფში არჩევას. გვითხარით თუ შეიძლება, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რაზე მოგიწევთ მუშაობა და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, როგრც თქვენთვის, ისევე ქართული ფეხბურთისთვის?
- პირველ რიგში, მადლობა. არ მინდა თავის ქებაში ჩამეთვალოს, თუმცა მას შემდეგ, რაც "ჩიხურა" შეუერთდა ევროპული კლუბების ასოციაციას, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ჩემზე, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი, უეფას სასწავლო კურსიც გავაკეთე. რამდენჯერმე მიწვეული ვიყავი კვლევით ჯგუფში, რადგან კვლევითი საქმიანობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

იქ დაინახეს, რომ შესაბამისი უნარები გამაჩნდა და შემომთავაზეს კიდეც ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა, თუმცა მაშინ უარი ვთქვი, რადგან მასწავლებლის სახლის დირექტორად ახალდაწყებული მქონდა მუშაობა და მაშინდელი პროცესებიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო ნამდვილად არ მქონდა.

წელს კი, კლუბების საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა ოლივერ იაროშმა შემომთავაზა იგივე, მსგავსი წინადადებით მომმართა ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. ამის შემდეგ უკვე არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და 4 დღის წინ მომივიდა პასუხი, რომ ინსტიტუციური განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრი გავხდი.

ამ კომიტეტის ხელმძღვანელი "გალათასარაის" დირექტორი იქნება. მისი მუშაობის მიზანი იქნება ევროპული კლუბების ასოციაციის განვითარებაზე მუშაობა, რადგან რეალურად, ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთის მიმართულებას ეს ორგანიზაცია განაპირობებს. აქ მხოლოდ "იუვენტუსის", "რეალისა" და "ბარსელონას" დირექტორებთან ურთიერთობისთვის არავინაა, არც მასის როლის შემსრულებლები ვართ ჩვენ.

ამ ორგანიზაციის სიძლიერეზე არის დამოკიდებული ის, თუ რა შემოსავლებს მიიღებენ კლუბები, რამდენად საინტერესო გახდება ფეხბურთი. როგორც სხვა სპორტი, ისე ფეხბურთიც იცვლება, ახალი პარადიგმები მოდის წინ, თანამედროვე მაყურებელი უფრო მეტს ითხოვს.

ეს კომიტეტი კი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, ანუ ეცდება, იფიქროს და იმოქმედოს ფეხბურთის განვითარებისათვის.

ასევე, ყველა დაუფარავად ამბობს, რომ 2024 წლიდან ფეხბურთი სხვანაირი იქნება. კიდევ შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ფორმატები, კვლევა ჩატარდება ევროპის კონფერენციის ლიგის ეფექტიანობაზე. საკმაოდ საინტერესო საკითხებზე მომიწევს მუშაობა. ეს, ფაქტობრივად, შეეხება ფეხბურთის ტრანსფორმაციის მიმართულებას.

იქ არავინ გეკითხება, რომელი კლუბიდან ხარ, არამედ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებებით, ხედვით აფასებენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთის მარკეტინგის საკითხებზე (თავად ამ ასოციაციაში მარკეტინგის კომიტეტს ხელმძღვანელობს). ძალიან კარგი პლატფორმაა, რადგან ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, კარგი აზრები და იდეები გაახმოვანონ და ევროპული ფეხბურთის ბოსები გვისმენენ და ითვალისწინებენ კიდეც ჩვენს მოსაზრებებს. კარგი ოჯახური გარემოსავითაა და რაც მთავარია, ყველა პირდაპირ და დაუფარავად საუბრობს და მსჯელობს ყველა საკითხზე.

ჩემთვის სასწავლადაც კარგი იქნება, რადგან იქ წამყვანი ევროპული კლუბების გარდა, არის იმ ქვეყნების გუნდები, რომლებმაც განვითარების გარკვეული გზა გაიარეს, რომელიც, შესაძლოა, ჩვენ გამოგვადგეს.

შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგალითად, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩიხურას" დირექტორების საქმიან ურთიერთობაზე რომ გაიგებს, თუმცა ოზურგეთელი ბიჭი იყო გიორგი ქინქლაძე და  "სიტის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს საქმიანი ურთიერთობები არა მხოლოდ პირადად მე ან "ჩიხურას" წაადგება, არამედ ზოგადად, ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს.

შესაძლოა, რომ ერთმა რეკომენდაციამ ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგ კლუბში მოახვედროს და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რომელიმე ქართველი მოთამაშე იმ რომელიმე კლუბში მოხვდება, რომლებიც ამ კომიტეტის წევრი არის. ბუნებრივია, მე ამისთვის არავის არანაირ ფინანსურ მოთხოვნას არ წავუყენებ. ამაზე სერიოზულად ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

ასევე, ვეცდები, რომ ამ კლუბების ხელმძღვანელები მასტერკლასებზე ჩამოვიყვანო საქართველოში, რათა "ჩიხურაზე" დიდ კლუბებს, როგორებიცაა თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", "ტორპედო" დაეხმარონ, რჩევები მისცენ, მიმართულება უჩვენონ, თუ როგორ გახდნენ უფრო ძლიერები.

არ დავმალავ, პიროვნულადაც ძალიან კარგი იქნება ჩემთვის. როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ საქმიანობაში ევროპული ფეხბურთის მამებთან მექნება ურთიერთობა და მგონია, რომ ეს ყველაფერი პიროვნულ განვითარებაშიც დამეხმარება.

ახლაც კი მიმდინარეობს აქტიური განხილვები იმ საკითხზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს დეცენტრალიზაცია ეროვნულ ფედერაციებში და კლუბები იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მეტად. თუნდაც უეფას მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვაში და ამ საკითხზე ამ ასოციაციაში ბევრი კლუბი საუბრობს. დიდი კლუბებიც გვიჭერენ მხარს ამ მხრივ. გასათვალისწინებელია ის, რომ ევროპულ ფეხბურთში არსებული თანხის 92%  პირველ 35 კლუბის საქმიანობის შედეგად გენერირდება და რეალურად, ფული უეფაშიც ამ გუნდებს შეაქვთ.

- რა მოთხოვნები აქვთ კლუბებს და რა დონის ქვეყნებზეა საუბარი?
- მეც მიმაჩნია, რომ უეფას მიერ გამოყოფილი თანხების განკარგვაში ქართული კლუბები უნდა იყვნენ ჩართულები. ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ დაიხარჯოს ეს თანხა, პრიორიტეტებიც ერთად უნდა დავსახოთ და არამხოლოდ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ეს პოზიცია, თუმცა რეალობა ასეთია.

ჩვენი საფეხბურთო დონის ქვეყნებში კლუბები სწორედ ამას მოითხოვენ, ანუ მეტ გამჭირვალობას თანხების ხარჯვაში და მეტ ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრაში. დიდი ევროპული კლუბები კიდევ ერთხელ ეტყვიან უეფას, რომ ეროვნულმა ფედერაციებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ კლუბებთან, ეს სავალდებულო უნდა იყოს. გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც მომავალში გაჟღერდება.