10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

AutoSharing Option
საქართველოში ყოველთვის მოიძებნებოდნენ ნიჭიერი მწვრთნელები.

ქართულ ფეხბურთში მწვრთნელებთან დაკავშირებით დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ნიჭიერი მწვრთნელები ადრეც გვყოლია და ახლაც გვყავს, თუმცა მათაც უჭირთ განვითარება და წინსვლა.

რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ქართველი სპეციალისტებიც, რომლებმაც საკუთარი დონე საზღვარგარეთ მიღწეული შედეგით დაამტკიცებს. მაგალითისთვის თემურ ქეცბაია ავიღოთ.

ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ის სპეციალისტები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ამ დროისთვის საუკეთესო ქართველი მწვრთნელები არიან. თქვენი მოსაზრებები კი კომენტარების სახით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ.

10. ვასილ მაისურაძე

Sportall.Ge

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ყველას გვახსოვს
2012 წელს მის მიერ გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც შესარჩევ ეტაპზე თბილისში ესპანეთს ფრედ, 1:1 ეთამაშა, ინგლისი და უკრაინა 1:0 დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან 0:1 დამარცხდა, საფრანგეთს ფრედ, 1:1 ეთამაშა და ისლანდიასთან 1:0 გაიმარჯვა. შედეგად, ჯგუფიდან გავიდა. დრამატული იყო ნახევარფინალი ჰოლანდიასთან, სადაც 0:2 მარცხში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მსაჯი იყო.

თუმცა, ამის პარალელურად, ამავე ასაკობრივ ნაკრებში 2016 წელს ჩავარდნა ჰქონდა, როდესაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის სამივე შეხვედრა წააგო: იტალიასთან, რუსეთსა და ბოსნიასთან.

9. გიორგი დევდარიანი

Sportall.Ge

მისთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერიოდი გორის "დილაში" მუშაობა იყო, როცა გორულმა კლუბმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დანიური "ოლბორგი" და ხორვატიული "ჰაიდუკი", თუმცა  ვენის "რაპიდთან" ვერაფერს გახდა. დღეს ქართულ კლუბებს მსგავს გუნდებთან "ჭიდაობა" არ შეუძლიათ.

მან სამწვრთნელო ნიჭი რემდენჯერმე წარმოაჩინა და დიდი მოლოდინებიც შეგვიქმნა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის საკმარისი დრო არ მიეცა.

8. გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge

173 მატჩი ქართული კლუბების - "ზესტაფონისა" და "საბურთლოს" სათავეში, 95 გამარჯვება, 30 ფრე და 48 მარცხი. საქართველოს ჩემპიონი "საბურთალოს" მწვრთნელის რანგში.

ახალგაზრდა სპეციალისტი დიდი გამოცდილებით, რომელსაც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ჭიაბრიშვილს შეეძლო გაცილებით მეტისთვის მიეღწია და უფრო გამორჩეული სახელი ჰქონოდა. ორჯერ ძალიან ახლოს იყო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ მისი კარი ვერცერთხელ შეაღო.

პირველ შემთხვევაში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გია გეგუჩაძისგან "ზესტაფონი" გადაიბარა. იმერულმა კლუბმა ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისში ნამდვილი ომი გაუმართა "ბრიუგეს" და 3:3 ეთამაშა, ხოლო ბელგიაში ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა.

ჭიაბრიშვილის სახელს უკავშირდება პირველი იმედგაცრუება აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებაში, როცა "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ნეფთჩთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. დაახლოებით მსგავსი ამბავი გადახდა თავს ჭიაბრიშვილს 2019 წელსაც, როდესაც მისმა გაწვრთნილმა "საბურთალომ" ასევე მეზობელი ქვეყნის გუნდ "არარატ-არმენიას" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ სძლია.

7. გია ცეცაძე

Sportall.Ge

ცეცაძემ თავი პირველად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიჩინა, როდესაც ელიტრაუნდში შოტლანდია და ბელგია დაამარცხა, ინგლისს ფრედ ეთამაშა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს ფრედ ეთამაშა, თუმცა სერბეთთან და თურქეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ცეცაძის სახელს უკავშირდება "სამტრედიის" წარმატებაც, როცა იმერული კლუბი სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი ხელმძღვანელობით "სამტრედიამ" ორჯერ ითამაშა ევროთასებზე და ორივეჯერ აზერბაიჯანულ კლუბებთან დამარცხდა, ჯერ "ყარაბაღთან", შემდეგ "გაბალასთან".

ამჟამად გია ცეცაძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს წვრთნის და საკმაოდ კარგადაც. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები აქვს.


6. კახა ჩხეტიანი

Sportall.Ge

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "ტორპედო" სწორედ კახა ჩხეტიანის ხელში იყო ყველაზე ძლიერი და ქუთაისური კლუბი საქართველოს ჩემპიონი იქამდე გახდა, სანამ კლუბს ზაალ ჩაჩავა ჩაიბარებდა. გუნდში ჩაჩავას მოსვლის შემდეგ ჩხეტიანმა "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა.

მისი სამწვრთნელო კარიერა თავიდან ბოლომდე "ტორპედოსთან" ასოცირდება და კლუბის მიმართ უდიდესი ერთგულებით გამოიჩევა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბებშიც უმუშავია. ჩხეტიანი "ტორპედოდან" რომ წასულიყო, გუნდი, დიდი ალბათობით, უკვე დაშლილი იქნებოდა.

"ტორპედომდე" ის გია გეგუჩაძის შეგირდი იყო თბილისის "დინამოში", ძალიან მცირე დროით კი მარტვილის "მერანსაც" წვრთნიდა. ქუთაისურ კლუბში 120 ჩატარებული შეხვედრიდან, 61 მოიგო, 20 ფრედ ითამაშა და 39 წააგო.



5. სოსო ფრუიძე

Sportall.Ge

საჩხერელთა "მარგალიტი" - მწვრთნელი, რომელსაც არასდროს არ ჰყოლია განსაკუთრებულად ძლიერი შემადგენლობა, თუმცა "ჩიხურაში" მოღვაწეობის პერიოდში თავი არასდროს შეურცხვენია. მეტიც, წელს ხომ ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ჰყავს. ამ გუნდით ევროთასებზე პირველ ეტაპზე "ფოლა" გამოაგდო და შოტლანდიურ "აბერდინს" თბილისში "ეჭიდავა", თუმცა სტუმრად გუნდს ტაქტიკამ ვეღარ უშველა და ფიზიკურად დაეცა. ამასთანავე, თითქმის ნახევარი გუნდით ("ჩიხურას" ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს) მოახერხა, რომ ეროვნული ლიგა 1-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საჩხერული კლუბი ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს.

ფრუიძეს საჩხერის "ჩიხურამდე" გაუწვრთნია წყალტუბოს "სამგურალი", "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია" და "ბორჯომი", თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მისი მოღვაწეობა სწორედ საჩხერეში გახლავთ. ფრუიძე "ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის. გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, ერთხელ სუპერთასი.

სოსო ფრუიძე ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული ქართველი მწვრთნელია, რომელიც მეტოქეს, ხშირ შემთხვევაში, ტაქტიკურად ჯაბნის. ამავდროულად, მას კარგად გამოსდის ნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთელების კარგ ფეხბურთელებად გარდაქმნა და ნიჭიერი ფეხბურთელების უფრო მაღალ დონეზე ათამაშება.

სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით, "ჩიხურამ"  237 მატჩი გამართა, 115 მოიგო, 49 ფრედ ითამაშა და 73 წააგო.

4. გია გეგუჩაძე

Sportall.Ge

წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ გია გეგუჩაძეს საქართველოს ნაკრები უნდა გაეწვრთნა, მაგრამ ამ იდეამ კრახი მაშინ განიცადა, როდესაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გეგუჩაძემ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა.

თუმცა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამ ადამიანს ყველაზე დიდი შედეგი აქვს დადებული. დიახ, ქართულ საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ის საუკეთესო მწვრთნელია! გეგუჩაძეს არაერთხელ გამოუჩენია თავი და მისი მსგავსი შედეგი ჯერ არავის ჰქონია.

მისი ყველაზე დიდი მიღწევა თბილისის "დინამოს" უეფას თასის (დღევანდელი ევროპა ლიგა) ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა იყო. მაშინ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამომ"  "ბატეს", პრაღის "სლავიას" და კრაკოვის "ვისლას" დამარცხება მოახერხა. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე თბილისურმა კლუბმა ყველა შეხვედრა დათმო, თუმცა მოწინააღმდეგეები გაცილებით ძლიერები იყვნენ: ფრანგული "სოშო", ინგლისური "ნიუკასლი", პორტუგალიური "სპორტინგი" და ბერძნული "პანიონიოსი".

გეგუჩაძე წარმატებით მუშაობდა "ზესტაფონში" და დღევანდელ ბათუმის "დინამოს" საჩემპიონო ამბიციებიც, მნიშვნელოვანწილად, მთავარი მწვრთნელის კარგი მუშაობის ხარჯზე აქვს.


3. შოთა არველაძე

Sportall.Ge

არველაძის სამწვრთნელო კარიერაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტორმა, რომ ის წარმატებული ფეხბურთელი იყო. შოთამ სამწვრთნელო სიბრძნე თვით ვან გაალისგან მიიღო და ნელ-ნელა ახერხებს ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენებას.

წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთში, წვრთნიდა "ქაიზერისპორს", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსპორს". მუშაობდა ისრაელშიც - თელ-ავივის "მაქაბის" მწვრთნელად.

ყველაზე წარმატებული პერიოდი ახლა აქვს, შოთამ ტაშკენტის "ფახთაქორს" დუბლი შეასრულებინა, მისი თაოსნობით კლუბმა უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა. ამავდროულად,  "ფახთაქორმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ითამაშა.

შოთა საკმაოდ კარგ კლუბებში მუშაობდა და საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელებსაც წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ ცუდი შედეგი არსად ჰქონია.

2. კახაბერ ცხადაძე

Sportall.Ge

სამი ქვეყანა, შვიდი საფეხბურთო კლუბი, ხუთი ტიტული და 12 სეზონი ევროტურნირებზე. ყველაზე წარმატებული პერიოდი ბაქოს "ინტერში" ჰქონდა. გუნდით, რომელშიც დიდი აზერბაიჯანული ფული არ ტრიალებდა, მუდმივად ახერხებდა საუკეთესოთა რიგებში ყოფნას. ერთხელ "ინტერს" ჩემპიონობაც კი მოუპოვა.

ცხადაძე მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში წვრთნიდა ქართულ კლუბებს და ორივეჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა: ჯერ  ბოლნისის "სიონის" და შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელის რანგში.

დღემდე საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად კარგი მწვრთნელი იყო ის საქართველოს ნაკრებისთვის. 10 მატჩში ხელმძღვანელობდა ეროვნულ ნაკრებს: სამი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. მისი მწვრთნელობის პერიოდში შეიცვალა ნაკრების სათამაშო სქემა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, განსაკუთრებული წარმატებების მომტანი მისი მუშაობა ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილა.

ცხადაძის ერთ-ერთი თვალშისაცემი პრობლემა ეროვნული გუნდის მწვრთნელობის პერიოდში ნეპოტიზმი იყო. სხვა შემთხვევაში, მის მიმართ ბევრი კითხვა არ არსებობდა.

ამჟამად კახა ცხადაძე ყაზახური "ორდაბასის" მწვრთნელია, სადაც ჯერ ტიტული არ მოუპოვებია. მისი ხელმძღვანელობით "ორდაბასიმ" ყაზახეთის ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ "ასტანას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა. მისი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემპიონატის ბოლო წრეში, თუმცა ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.

1. თემურ ქეცბაია

Sportall.Ge

ერთადერთი ქართველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს წვრთნიდა. მის სახელს უკავშირდება კვიპროსული "ანორთოსისის" პირველი წარმატება. კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სწორედ ქეცბაიამ გაიყვანა გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე.

თემურ ქეცბაიას უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში მისი მუდმივად ფეთქებადი ხასიათი უშლიდა. მას ბევრჯერ დაუტოვებია გუნდები სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების გამო.

მწვრთნელის რანგში მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებში ორ ეტაპად იყოფა: დასაწყისი - 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია და დასასრული - წარუმატებელი ასპარეზობები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე.

ქეცბაიას კარიერის განმავლობაში სამი ტიტული აქვს მოგებული: ორჯერ კვიპროსის ჩემპიონობა და ერთხელ კვიპროსის თასი.

ამჟამად კვლავ "ანორთოსისს" წვრთნის. 8 ტურის შემდეგ მისი გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის სათავეშია.

თემურ ქეცბაია მოქმედ ქართველ მწვრთნელებს შორის ყველაზე წარმატებული სპეციალისტია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედ ქართველ მწვრთნელებს შორის ის საუკეთესოა.

altკვიპროსული გამოცემა: ვინ თქვა, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?

ასევე დაგაინტერესებთ