სანამ "ორმოცს" გადავუხდიდეთ - 39 წელი "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან და სად ვართ ახლა? [VIDEO]

AutoSharing Option
1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამომ" ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და თასების მფლობელთა თასი მოიგო. რა და როგორ მოხდა, ყველამ კარგად იცის, ამის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა, ძალიან ბევრი ისტორია მოყოლილა, ძალიან ბევრი ლეგენდა თუ ნამდვილი ფაქტი გაგვიხსენებია წარსულიდან.



ყოველი წლის 13 მაისს რიტუალურად ვიხსენებთ ამ მოვლენას და მას რელიგიური დღესასწაულის ფორმას ვანიჭებთ. ვიხსენებთ ათასჯერ ნათქვამ ისტორიებს, ათასჯერ ნანახ მომენტებს; ვყვებით, როგორც ვუგებდით ევროპული ფეხბურთის მაშინდელ და დღევანდელ გრანდებს.

ალბათ,
ჩოხატაურში, ერკეთის თემის პატარა სოფელ ონჭიქეთში დაბადებული ბორის პაიჭაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში, რომელსაც ფეხბურთის თამაშის საუკუნეზე დიდხნიანი გამოცდილება და ისტორია აქვს, 1981 წელს მოპოვებული გამარჯვების გახსენება იქნებოდა სპორტის ამ უდიდესი სახეობით ეროვნული ტკბობისა და სიხარულის მოპოვების უდიდესი წყარო.

სამწუხაროა, თუმცა ასეა, არც იქამდე და მით უმეტეს, არც მას შემდეგ ქართული კლუბი თუ საქართველოს ნაკრები მსგავსი მასშტაბის წარმატებასთან ახლოსაც არ ყოფილა. ახლოს ყოფნა კი არა, ამჟამად ასეთ წარმატებაზე ხმამაღლა ოცნებამაც, შესაძლოა, გულშემატკივარი ფსიქიატრიულ პაციენტად აქციოს.

ამის ფონზე, დიდი გამარჯვების რიტუალური აღნიშვნა უფრო ტრაგიკულს ქმნის ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას. სხვა საკითხებში თუ არა, ამ თემაზე შესაძლოა დავეთანხმოთ ნაცისტური პარტიის წევრ მარტინ ჰაიდეგერს, რომლის თქმითაც, მომავალი წარსულში იქმნება (ამ იდეის მისი გაგების ფასადურობა სხვა საკითხია).

თუმცა, რას გვაძლევს დღეს წარსული? თითქმის არაფერს, გარდა წამიერი თვითკმაყოფილებისა და სიხარულის მინიჭებისა კარგი მოვლენის გახსენების გზით. ვინმე საუბრობს იმაზე, თუ რამ განაპირობა მაშინდელი წარმატება? საჯაროდ მოყოლილი სალაღობო ისტორიების გარდა, არის თუ არა ყურადსაღები მაგალითი მაშინდელი მოვლენებისაგან, რომელიც დღეს პროგრესში დაგვეხმარებოდა?

წარსულის ისტორიულ-დიალექტიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის პროგრესის მიღწევა. ბუნებრივია, თუ გვსურს წინ ნაბიჯის გადადგმა, არ დავყაბულდებით 13 მაისის აღნიშვნას შორეულ რიცხვის წელსაც.

რამდენიმე დღის წინ ფაშიზმ-ნაციზმზე გამარჯვების თარიღი აღვნიშნეთ, როგორც სიმბოლო სამყაროში უდიდესი ბოროტების დამარცხებისა. მაგრამ რა ხდება ახლა? დამარცხებულია ნაციზმი ან ფაშიზმი? არა. იმიტომ, რომ ჰარმონიული არსებობისთვის ჩვენ პერმანენტული გამარჯვებები გვჭირდება.

ასეა ფეხბურთში. შეუძლებელია, ამდენი ხნის წინ მოპოვებულმა გამარჯვებამ მსოფლიო და ევროპულ ფეხბურთში ის ადგილი და სახელი დაგვიმკვიდროს, როგორიც გვსურს. ჩვენ სწორედ პერმანენტული გამარჯვებები გვჭირდება, რათა ფეხბურთი ქართული საზოგადოებისთვის დადებითი ემოციების, სიხარულისა და გამარჯვების რწმენის მომტანი გახდეს.

ეს კი შეუძლებელი იქნება სწორი კითხვების დასმის გარეშე, წარსულის სწორი ანალიზისა და მომავლის სწორი დაგეგმვის გარეშე. 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება საფუძველი უნდა გახდეს პროგრესისა და ის მხოლოდ ნოსტალგიური სიმბოლო არ უნდა იყოს.

მომავალ წელს ამ თარიღს უხერხული ასაკი უსრულდება და საბედნიეროდ, შანსი გვაქვს, რომ 13 მაისისთვის სავალდებულო "ორმოცის" გადახდის ნაცვლად, ამ სიხარულის საპირწონე გვქონდეს და ეს ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იქნება.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად სწორი სტრატეგიაა აუცილებელი. სწორი სტრატეგიის შექმნას ბევრი, დაუღალავი და რაც მთავარია, სწორი შრომა სჭირდება. ამისათვის, დასაწყისში სწორი კითხვები უნდა დავსვათ. ამ აბზაცში გამოკვეთილი საკითხები ყველას ეხება, მათ შორის, აღნიშნული ტექსტის ავტორსაც.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინ გითხრა რომ ორმოცის აღნიშვნა უხერხულია. საიდან მოდის ორმოცი ის უნდა იცოდე და აღარ გექნება უხერხულობის განცდა
გრიგოლი1408
12:58 14-05-2020
3
დინამოს წარმატებები სულ,
b-ni
03:50 14-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული