საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა prosto-sport.com-მა თავისი ვერსიით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1981 წლის ნაკრები დაასახელა, რომელშიც 5 ქართველი თამაშობდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წავიდა...

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ს ძლიერი გუნდი ჰყავდა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ამარცხებდა - გერმანიასა და უნგრეთს. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, თუმცა ის, ძირითადად, "სპარტაკის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 1960 წლის გუნდი უფრო ინტერნაციონალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, ნაკრები მაინც არასტაბილური იყო.

რითი იყო გამორჩეული 1981 წლის სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები? პირველ რიგში, იმით, რომ ის
3 საბაზისო გუნდს ეყრდნობოდა: მოსკოვის "სპარტაკს", კიევისა და თბილისის "დინამოებს". სწორედ ეს გუნდები იყვნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში და ბევრი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ.

ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელობა "სპარტაკის" დამრიგებელ კონსტანტინ ბესკოვს ანდეს, ასისტენტებად კი ნოდარ ახალკაცი და იური ლობანოვსკი დაუნიშნეს. ცხადია, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბალანსის დაცვა იყო...

ბესკოვი ნაკრების სათავეში 1979 წელს დანიშნეს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის მთავარი მიზანი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წამატებულად გამოსვლა იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია. მაგრამ ბესკოვს ეს აპატიეს და ეროვნული გუნდის სათავეში დატოვეს... ახლა მას ნაკრები ესპანეთში გასამართ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა.

ბესკოვმაც ახალი შემადგენლობა დააყენა (ოლიმპიადაზე, მოგეხსენებათ, საუკეთესოები არ თამაშობდნენ) და პირველი მატჩი 1980 წლის 1-ელ აგვისტოს ჩაატარა უნგრეთთან, რომელიც სსრკ-მ 4:1 მოიგო. შემადგენლობაში 5 სპარტაკელი, 3 კიეველი და 2 თბილისელი იყო. გოლები ბლოხინმა, ბურიაკმა, როდიონოვმა და სულაქველიძემ გაიტანეს. ამას მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები მოჰყვა ისლანდიასთან - გასვლაზე გუნდმა ძლივს მოიგო 2:1, სახლში კი ჩრდილოელები გაანადგურა - 5:0.

ბესკოვი 5-3-2 სქემით თამაშობდა. მეკარე რენატ დასაევი იყო ("სპარტაკი"). დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძე იდგა, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მის ოდნავ წინ იყვნენ ვაგიზ ხიდიატულინი და "სპარტაკის" კაპიტანი ოლეგ რომანცევი, რომელსაც სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს... რომანცევმა ბესკოვი გააბრაზა და მის ადგილას კიეველი სერგეი ბალტაჩი დააყენა. მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე იდგა. მარჯვნივ - ვლადიმირ ბესონოვი, რომელიც მოგვიანებით კიეველმა ანატოლი დემიანენკომ შეცვალა, აშკარად სჯობდა...

ცენტრალურ ნახევარმცველებად ბესკოვი ორ სპარტაკელს ათამაშებდა - სერგეი შავლოსა და იური გავრილოვს, თუმცა, შავლოსადმი სიყვარულის მიუხედავად, ამ პოზიციაზე მოგვიანებით ბესონოვი დააყენა. განიხილავდნენ კიდევ ერთ ვარიანტს - კიეველ ლეონიდ ბურიაკს, რომელსაც კარგი ალტერნატივა ჰყავდა ხორენ ოგანესიანის სახით.

აი, რაც შეეხება თავდასხმას, აქ ოლეგ ბლოხინი უალტერნატივო იყო. მის გვერდით ბესკოვი ჯერ სერგეი ანდრეევს ათამაშებდა, თუმცა რამაზ შენგელიამ ყველას დაუმტკიცა, რომ არავისზე ნაკლები ფორვარდი არ იყო, არც ბლოხინზე და ბესკოვს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ყველა პოზიციაზე 2-3 ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამორჩეული გახლავთ:

"თბილისის "დინამოს" რიგებში თამაშობდა დავით ყიფიანი - დიადი ფეხბურთელი, საოცარი "დისპეჩერი". თუმცა ის ბესკოვმა მხოლოდ ერთხელ ათამაშა ბურიაკთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდმა უელსი ვერ დაამარცხა და ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა თითქმის სულ დაივიწყდა ყიფიანი. არადა, ჩანდა, რომ სსრკ-ის ნაკრები ქართველის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა." - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორის თქმით, ბესკოვს კიდევ ერთი ქართული პრობლემა ჰქონდა - ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. მობილური, ტექნიკური ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ბესკოვმა მისი იგნორი ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 1981 წლის სსრკ-ის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: დასაევი - ჩივაძე, ბალტაჩა - სულაქველიძე, დემიანენკო - დარასელია, ბესონოვი, გავრილოვი - ბურიაკი - ბლოხინი, შენგელია. როგორც ხედავთ, "სპარტაკიდან" ძირითადში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო (დასაევი, გავრილოვი), ძირითად ბირთვს კიეველები (5) და თბილისელები (4) შეადგენდნენ. გამოცემის თქმით, უკრაინელები გუნდს მობილურობას მატებდნენ, ქართველები - ტექნიკას. საერთო ჯამში კი, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიდა.

ეროვნული გუნდიც საოცრად თამაშობდა - ზედიზედ 5 მშრალი მატჩი ჩაატარა უელსთან (2), თურქეთთან (2) და ჩეხოსლოვაკიასთან. იმ დროს, ყიფიანის გარეშეც კი, სსრკ-ის ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა.

"ბედის ირონიით, სწორედ ეს რგოლი დაშავდა ყველაზე მეტად და მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტად გამოვიდა. ტრავმა მიიღო ბურიაკმა, თუმცა ბესკოვმა ტრავმიანი ბურიაკი მაინც შეიყვანა მსოფლიო თასის განაცხადში, სრულ მზადყოფნაში მყოფ და მოტივირებულ ყიფიანზე კი უარი თქვა." - წერს გამოცემა.

ბურიაკს კი მსოფლიო თასზე 1 წუთიც არ უთამაშია (ან როგორ ითამაშებდა ტრავმიანი ფეხბურთელი?!) და ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოსაშუშებლად.

გავრილოვი... გავრილოვმა ითამაშა და ვაი, იმ თამაშს... სსრკ-ის ნახევარდაცვამ მობილურობა და დინამიკა დაკარგა... გუნდმა ინერციით მიაღწია 1/4-ფინალურ ჯგუფამდე... თუმცა იქ ვეღარაფერი შეძლო და დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სსრკ-ის ამ ნაკრებმა გულშემატკივრებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა... არადა, შესაძლებელი იყო, 1 გადაწყვეტილებით ყველაფერი შეცვლილიყო...

არადა, მაინც როგორ უნდა წაიყვანო ყიფიანის ნაცვლად ტრავმიანი ფეხბურთელი?!. სხვაზე არაფერს ვამბობთ...

მკითხველის კომენტარები / 46 /
ბესკოვი რა შუაშია? რადგან რუსია? ლობანოვსკიმ წაიყვანა ფეხმოტეხილი ბესონოვი, ყიფოს ნაცვლად. ბესკოვს რაში ადარდებდა, კიეველი და თბილისელი. ის სპარტაკის მწვრთნელი იყო. ახალკაცი უნდა მიწოლოდა ბოლომდე და ყიფოს წაყვანა მოხერხდებოდა. აი, ესაა სიმართლე და ნუ წერთ შეგნებულად აშკარა ტყუილებს!
მგელი გერონტი
17:42 21-04-2022
0
გუცაევი....იმ დროის მსოფლიოს უძლიერესი გარემარბი...ბესკოვი არ წყალობდა ქართველებს...1964 წელს ევროპის ჩემპიონატზე არც მეტრეველი და არც მესხი არ ათამაშა..რუსული გუნდით მოიპოვა ვერცხლის მედლები....შერჩა ,,,1960 წელს კი ქართველებით ოქრო აიღეს კაჩალინის ხელმძღვანელობით...მაგრამ შოვინისტმა რუსებმა ბესკოვს ყველაფერი შეუნდეს ..1964 წელს მესხი..მეტრეველი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები იყვნენ...იგივე გააკეთა ბესკოვმა 1982 წელს..ერთერთ ინტერვიუში კი განაცხადა ქართული ფეხბურთი ძალიან მიყვარდაო ..თვალთმაქცობის განსახიერება..ასეთივე მტერი იყო ქართველების გომელსკი კალათბურთში.....ისე არ გამიგოთ თითქოს მათ მწვრთნელობას არ ვაფასებდე ..მაგრამ....სსრკ ნაკრები იმ წლებში ბევრად მეტს მიარწევდა რომ არა ამ ორი მწვრთნელის და ფედერაციის ( სტაროსტინი ფეხბურთში) ზღვარგადასული შოვინისტობა....
ნუგზარ ნუცუბიძე
17:21 05-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული